Facebook Twitter

საქმე N 190100124009653731

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №414აპ-25 ქ. თბილისი

ხ. რ., 414აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ხ–ს ბრალად ედება:

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი).

გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

რ. ხ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის აგვისტოში, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე, ს. ს–ას მშობლების სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის გამო, რ. ხ–მა მარჯვენა მუშტის თავის არეში დარტყმით, მარჯვენა ფეხის ზურგის არეში დარტყმითა და თმის მოქაჩვით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ს. ს–აზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის აგვისტოში, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე, ს. ს–ას მშობლების სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეჭვიანობის გამო, რ. ხ–მა ჯერ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ს. ს–აზე, შემდეგ კი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ მისგან გაქცევას ეცდებოდა, თავს მოაჭრიდა. ს. ს–ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2023 წლის ოქტომბერში, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე, ს. ს–ას მშობლების სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა უუფლებო ნივთად, რომელსაც დაშორების გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, რ. ხ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ს. ს–ას. კერძოდ, უთხრა, რომ თუ გაშორდებოდა, მასაც მოკლავდა და მის ძმასაც. ს. ს–ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2023 წლის აგვისტოდან – 2024 წლის 5 ივნისის ჩათვლით, რ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მეუღლეს – ს. ს–ას უკრძალავდა მშობლებთან, მეზობლებთან კომუნიკაციას, სახლიდან გასვლას და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე.

2024 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რესტორან „ს–ს“ მიმდებარედ, ქუჩაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის გამო, რ. ხ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ თუ მეუღლე – ს. ს–ა მშობლების სახლში დარჩებოდა, უღალატებდა მას, თმით თრევითა და მარჯვენა ფეხის ტუჩის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ü 2024 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, რესტორან „ს–ს“ მიმდებარედ, ქუჩაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის გამო, რ. ხ–ი სიცოცხლის მოსპობთ დაემუქრა მეუღლეს – ს. ს–ას. კერძოდ, უთხრა რომ ან მას მოკლავდა ან მის ნათესავებს. ს. ს–ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით რ. ხ–ი, − დაბადებული 1.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

რ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდა და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

გაუქმდა რ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

მსჯავრდებულ რ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა − 2024 წლის 6 ივნისიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ხ–ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 6 (ექვსი) თვის ვადით.

აღნიშნულ ვადაში მსჯავრდებულ რ. ხ–ს აეკრძალა: დაზარალებულ ს. ს–ასთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის მესამე პირების მეშვეობით, ვერბალურად და მიმოწერით ელექტრონული მოწყობილობის, სოციალური ქსელების ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით.

დაზარალებულ ს. ს–ასთან, მის საცხოვრებელ, სამუშაო და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება.

დამცავი ორდერის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყო მსჯავრდებულ რ. ხ–ის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.

მსჯავრდებულ რ. ხ–ს განემარტა, რომ ამნისტიის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, რ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას ყველა ბრალდებაში და მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების − გენდერის ნიშნის გათვალისწინებით, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რ. ხ–ის მიერ ბრალად შერაცხილი ყველა ქმედების ჩადენას; მართალია, დაზარალებულმა ს. ს–ამ უარი განაცხადა ახლო ნათესავის – რ. ხ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ აღნიშნული ავტომატურად არ გამორიცხავს რ. ხ–ის ბრალეულობას, რადგან საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება რ. ხ–ის ბრალეულობა; მსჯავრდებულის ქმედებაში ასევე გამოკვეთილია დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, რაც მისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების საფუძველია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის შეფასებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა რ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ს. ს–ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, რ. ხ–ის წინააღმდეგ. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, გამამართლებელ ეპიზოდებში, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარემ რ. ხ–ის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა მხოლოდ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მითითებულ ეპიზოდში რ. ხ–ის ბრალეულობა, მისი აღიარების გარდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების (მოწმეების – ნ. ს–ს, გ. მ–ს, ე. ა–ს ჩვენებებით, დაზარალებულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს. ს–ას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები: შუბლზე ცენტრალურად, მარცხენა მხრის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე და მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, ნაჭდევები: მარჯვენა მტევნის მეორე თითის უკანა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე) და მისი გამცემი ექსპერტის, გ. ო–ს ჩვენებით, რ. ხ–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით) ერთობლიობით, რომლებიც სრულიად საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, განსხვავებით სხვა დანარჩენი გამამართლებელი ეპიზოდებისა, რომელ ნაწილშიც ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასაკმარისია და უტყუარად ვერ ადასტურებს რ. ხ–ის ბრალეულობას. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებულ მსჯელობას რ. ხ–ის მსჯავრდებიდან (2024 წლის 5 ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება მითითებული მოტივით დანაშაულის ჩადენა.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

12. ამასთან, სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი. ამავე დროს, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი