Facebook Twitter

საქმე N 060100124010192744

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №544აპ-25 ქ. თბილისი

ბ. ვ., 544აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ბ–ეს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით ვ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (3 ეპიზოდი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. 2024 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ს–ში, ....... ქუჩის N...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ვ. ბ–ემ მეუღლის მიერ დასმული შეკითხვით გამოწვეული უეცარი გაბრაზების ნიადაგზე, მის მეუღლეს – მ. ა–ეს ორივე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თვალების არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ვ. ბ–ე, – დაბადებული 1986 წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ვ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ვ. ბ–ეს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლეილა კვერნაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლეილა კვერნაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით: მართალია, დაზარალებულმა მ. ა–ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის – ვ. ბ–ის წინააღმდეგ, მაგრამ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: მოწმეების ვ. კ–ისა და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ვ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა; სასამართლომ არასწორად შეაფასა ზემოხსენებული მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო გამამართლებელი განაჩენი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ ვ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. ა–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის – ვ. ბ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, კერძოდ, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურეს. დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, პირის ბრალეულობა უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

10. მოწმე ვ. კ–ი ვ. ბ–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, ისევე როგორც მოწმის სახით გამოკითხული სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები. ყველა მათგანი გადმოსცემს დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

11. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს: პროკურორს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი პირდაპირი მტკიცებულებაა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან რეალურად, მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას, ამასთან, ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დამატებით არც რაიმე სახის კვალი, საგანი თუ ნივთი აღმოჩენილა, რაც შესაძლოა დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად გამოყენებულიყო ვ. ბ–ის ბრალეულობის სამტკიცებლად. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან, ვერ ხერხდება მასში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება პირველწყაროსთან. დანაშაულის შესახებ შეტყობინებასთან, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ვ. ბ–ის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერთან მიმართებით სასამართლო უთითებს, რომ რამდენადაც მითითებულ მტკიცებულებებში გაცხადებული გარემოებების ნამდვილობის დასადასტურებლად/უარსაყოფად სასამართლოში არ დაკითხულა თავად ინფორმაციის მიმწოდებელი პირი – დაზარალებული მ. ა–ე, მის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, აღნიშნული მტკიცებულებები, ვერ ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს, ვ. ბ–ის მიმართ შერაცხილი დანაშაულის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი