საქმე N 330100124009412387
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №532აპ-25 ქ. თბილისი
ხ. დ., 532აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ხ–ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, ...... გამზირის, მე-.. კვარტლის, №.. კორპუსის მიმდებარედ, დ. ხ–ემ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, შ. შ–ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო შემავალი ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში, ასევე, – კისრის არეში, ლავიწის ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა ბეჭზედა მიდამოში და მარცხენა მხრის შუა მესამედში. შ. შ–ს სიცოცხლის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დ. ხ–ის, – დაბადებულის 19.. წელს, – მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს პირველ ნაწილზე.
დ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გაუქმდა დ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
დ. ხ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 24 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კაპანაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენით: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კაპანაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა:
დ. ხ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.
დ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
დ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
დ. ხ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 24 აპრილიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს დ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით შერაცხილ ბრალდებაში. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერია, ხოლო სააპელაციო პალატამ დაადგინა უკანონო განაჩენი, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მცდელობად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მსჯავრდებულმა დ. ხ–ემ დანის გამოყენებით, დაზარალებულ შ. შ–ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა დ. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობას წარმოადგენს, თუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი, ხოლო სააპელაციო პალატამ დაადგინა უკანონო განაჩენი, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი, საქმე №213აპ-20, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება – საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №309აპ-19, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი, საქმე №680აპ-17, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი, საქმე №227აპ-16).
12. მოცემულ შემთხვევაში, დ. ხ–ის მკვლელობის განზრახვის დასადასტურებლად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ საშუალებაზე (სამზარეულოს დანა, რომლის პირის სიგრძეა 13.8 სმ), მიყენებული დაზიანებების რაოდენობაზე, ხასიათზე, ხარისხზე, სიმძიმესა და მათ მდებარეობაზე, კერძოდ:
13. დაზარალებულ შ. შ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგენილია შემდეგი: დაზარალებულს დაესვა დიაგნოზი – ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ტრავმა, ჰემოპერიტონეუმი, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: მარცხნივ შუბლის არეში კანქვეშა ჰემატომა. ექსკორიაციები; მარჯვნივ კისრის არეში ყურის ბიბილოდან 3 სმ.-ში ნაკვეთი ჭრილობა 2,5-3 სმ; მარცხნივ ლავიწზედა მიდამოში ნაკვეთი – 0.5 სმ; ბეჭზედა მიდამოში – 0,5 ნაკვეთი; მარჯვნივ ბეჭზედა მიდამოში ნაკვეთი – 0,5; მარცხენა მხრის შუა მესამედში წინა ზედაპირზე 0,5 სმ. ნაკვეთი ჭრილობა; გულმკერდის მარცხენა ნახევარში, უკანა აქსილარულ ხაზზე მე-7-8 ნეკნთაშუა სივრცის საპროექციოდ 3 სმ. ნაკვეთი ჭრილობა, მარცხნივ მეზოგასტრიუმში ნაკვეთი ჭრილობა 1 სმ. დაზიანებები კანქვეშა ჰემატომის და ექსკორიაციების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. დაზიანებები: მარჯვნივ კისრის არეში ყურის ბიბილოდან 3 სმ.-ში ნაკვეთი ჭრილობა – 2,5-3 სმ; მარცხნივ ლავიწზედა მიდამოში ნაკვეთი – 0,5 სმ; ბეჭზედა მიდამოში – 0,5 ნაკვეთი: მარჯვნივ ბეჭზედა მიდამოში ნაკვეთი – 0,5; მარცხენა მხრის შუა მესამედში წინა ზედაპირზე 0,5 სმ. ნაკვეთი ჭრილობა – განვითარებული არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. მარჯვნივ კისრის არეში ყურის ბიბილოდან 3 სმ.-ში ნაკვეთი ჭრილობა 2,5-3 სმ, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები: მარცხნივ ლავიწზედა მიდამოში ნაკვეთი 0,5 სმ; ბეჭზედა მიდამოში 0,5 ნაკვეთი; მარჯვნივ ბეჭზედა მიდამოში ნაკვეთი 0,5; მარცხენა მხრის შუა მესამედში წინა ზედაპირზე 0,5 სმ. 23 ნაკვეთი ჭრილობა – ცალ-ცალკე და ერთობლიობით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გულმკერდის მარცხენა ნახევარში, უკანა აქსილარულ ხაზზე მე-7-8 ნეკნთაშუა სივრცის საპროექციოდ – 3 სმ. ნაკვეთი ჭრილობა და მარცხნივ მეზოგასტრიუმში ნაკვეთი ჭრილობა – 1 სმ. შემავალი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის ღრუებში, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ტრავმის, ჰემოპერიტონეუმის, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავმჭრელი საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანებების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
14. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ისეთ ნეიტრალურ მტკიცებულებაზე, როგორიცაა სასამართლოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოპოვებული ფარული ჩანაწერები (დაზარალებულ შ. შ–ს საავადმყოფო პალატაში განხორციელებული ფარული ჩანაწერები), რომელთა შინაარსი დამატებით ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, სახელდობრ:
15. ფარული აუდიო-ჩანაწერების კრებსების მიხედვით, ისმის ქალისა და მამაკაცის (შ. შ–ს) შემდეგი სახის შინაარსის საუბარი ,,...მაგან გადამარჩინა სიცოცხლესო და მასე ამბობს. ... ქ - კ–ე თავიდან იქ კი არ იყოო, მერე მოვიდაო... ქ - ... მოხდა დაჭრა. იქ ხო? იმ დღეს შენ რო მითხარი ... ეგრევე რო შედიხარ კუთხეში, ბუჩქები რო არის. მ- ხო, აქეთ მხარეს. ქ- კორპუსთან რო შედიხარ, ეგრევე გარაჟები იყო, გარაჟები, კორპუსი მ- გარაჟის არა, აქეთ მხარეს. ქ- აქეთ, პარკისკენ რო გადადიხარ?.. პარკი როა და მაღალი ბუჩქები როა, ხო? მ- ხო. ქ- მაღალი ბუჩქების ცოტა უკან?...“.
16. ,,...რომ მჩეხავს, ეგ ნახა?; ,,...კ– გამორბის რა, ეგ რაც ანახეს...“; ,, ...გიჩალიჩებთ შენ და იმას, გწირავს../აწყვეტინებს/ მ1 - ხო, ისაო, რა ქვიაო, მე რომ რამე გამეკეთებინაო, ხო თვითონ იმას ვიზამდიო ძმაო, არაფრიდან იმას ქნაო მაგან ეგ ვარიანტიო რა და თავის თავზე რო არ აიღოსო..“ ,,კაცი რომ აი ესე მომკლავს ხო...“ ,,თან კიდევ რომ დარჩეს გარეთ, გ–საც მოკლავს...“, ,,თვითონ თავის მარკებს აიწევდა კიდევ კვარტალში უფრო ზემოთ...“, ,,კ–ს ვეტყვი რომ მიიყვანეთ იმ მდგომარეობამდე, რომ ჩავიდეს და აღიაროს“, ...მ- შე ჩემა აქ, აქ, აქ.. სავარაუდოდ აჩვენებს ადგილებს/ყველგან, შე ჩემა, მაგის დედას შ...ი, თან აი ამხელა დანა. დანა გაქვს? მ1- არა მაქვს. მ- ორი დანა ძმაო, აი ამაში../არ ასრ./ მაგ ყ..მ, მაგან. მ1 - ტიპმა ჩვეულებრივად მოგკლა რა. მ- ბიჭო, მომკლა შე ჩემა, „პროსტა“ სისხლმა გადამარჩინა, ავდექი და მერე სწრაფად ვიმოქმედე ყველაფერი, შენს თავს ვფიცავარ, ჩავიკეცე ბიჭო, რო ...ჩაიკეცები რა, აქ თავზე გადმომაფარეს, ხელი რომ დავაფარე, ეგრევე ხელი ძვრება აქედან, მოდის და აი აქ რაღაცა მთელი ძალით რომ ჩაჯდება, ხომ იცი? მ1- ჰო. მ- „ტკაპ“ და აი ესე რომ ჩაჯდება, აი ამხელა დანა აქვს, ეს დედამოტყნული../აუდიო ჩანაწერი წყდება“.
17. ,,...ეგ არიან ჩვეულებრივი მკვლელი დედა....ბი. რომ აღარ დამიმატა რა, სისხლები რომ დაინახა, ეგ მომენტი იყო რა. ქ- სულ მთლიანად იყო სისხლიანი, „ვაბშე“ ადგილი არ ჰქონდა, რომ დავინახე, მართლა გეუბნები, აი ესე, ესე სულ../აწყვეტინებს/ მ1- რამდენი ჭრილობა და აბა რა იქნებოდა, ...ღვიძლში მქონდა დარტყმული, გულთან მქონდა გაკაწრული იყო თუ რაღაც, ხო? ქ-ჰო. მ- და ფილტვი მქონდა გახვრეტილი და სუნთქვა, ანუ სუნთქვა რომ გიჭირს და ისა და ესე რომ ლაპარაკობ უკვე და სიგარეტი გავაძრე, მოვუკიდე, ვერ მწევდნენ და პატრულს ვეუბნები-მალე, ვკვდები უკვე-მეთქი. „პროტივ“ გადავიდნენ, ჩავჯექით საღოლ../აწყვეტინებს/ ქ - კიდევ აზრზე იყო, წარმოიდგინე ... ეგ რომ „ვაბშე“ ციხეში ჩაჯდეს, მართლა გადარჩება ვიღაცა, მაგის ირგვლივ ვინც არის, ქ- მართლა. - ,,...გეგმა აქვს ბიჭო, სპეციალურად მიწვევს. მ - ხო რა დამისვა გამოდის „კაკრაზ“ აქაც, თავშიც ხო... „იმენნა“ გიჟია რა...“
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსაც სააპელაციო პალატის მსგავსად, დადგენილად მიაჩნია, რომ დ. ხ–ე მოქმედებდა შ. შ–ს მოკვლის განზრახვით, რაც გამოიხატა დანის მეშვეობით, გამიზნული ქმედებებით, დაზარალებულისათვის მრავალი ჭრილობის მიყენებით, მათ შორის – სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობების სახით – მუცლისა და გულმკერდის არეში, შემდეგ კი, დატოვა მარტო და მას დახმარება აღმოუჩინეს სხვა პირებმა, რის შედეგადაც, მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება დ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის მცდელობის – ჩადენა.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი