საქმე N330802225011771219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№104I-25 12 სექტემბერი, 2025 წელი
ა-ი ჯ. №104I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. (J.) ა–ის (A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. (J.) ა–ის (A.) მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
2024 წლის აპრილში, ა–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გ. ა–ას ნდობის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით, რომ დაეხმარებოდა ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფულადი დახმარების მიღებაში, ჯ. ა–მა ამ უკანასკნელს გამოართვა და უკანონოდ დაეუფლა თანხას, ჯამში 3500 აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.
2024 წლის ნოემბერში, ა–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხ. მ–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით, რომ დაეხმარებოდა ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფულადი დახმარების მიღებაში, აგრეთვე, თ–ს რესპუბლიკიდან ტანსაცმლის იმპორტში და გაყიდვაში, ჯ. ა–მა ამ უკანასკნელს გამოართვა და უკანონოდ დაეუფლა თანხას, ჯამში, სულ მცირე 11500 აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.
2024 წლის აგვისტოში, ა–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რ. კა–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით, რომ დაეხმარებოდა მისი შვილისათვის გ–ს ....... რესპუბლიკის ვიზის მიღებაში, ჯ. ა–მა ამ უკანასკნელს გამოართვა და უკანონოდ დაეუფლა თანხას, ჯამში 5400 აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.
2024 წლის აგვისტოში, ა–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჰ. ბ–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით, რომ დაეხმარებოდა გ....ს 5 ......... რესპუბლიკის ვიზის მიღებაში, ჯ. ა–მა ამ უკანასკნელს გამოართვა და უკანონოდ დაეუფლა თანხას 4250 აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.
1.2. 2025 წლის 13 თებერვალს გამოცემული ჯ. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ამ უკანასკნელს ბრალი დაედო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2 და 178.2.4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა ჩადენილი განმეორებით, მნიშნელოვანი ოდენობით) შესაძლო ჩადენისათვის.
1.3. 2025 წლის 18 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ჯ. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
1.4. 2025 წლის 24 თებერვლიდან ჯ. ა–ი იძებნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ჯ. ა–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2025 წლის 11 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შუამდგომლობა ჯ. ა–ის ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
2.2. 2025 წლის 28 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს–ს ტერიტორიაზე დააკავეს ა–ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ. ა–ი.
2.3. 2025 წლის 29 ივლისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ჯ. ა–ს შეეფარდა გირაო, 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობის უზრუნველყოფით.
2.4. ამჟამად, ჯ. ა–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.5. 2025 წლის 26 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ჯ. ა–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – თ. გ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ჯ. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2025 წლის 13 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2 და 178.2.4 მუხლებით (თაღლითობა ჩადენილი განმეორებით, მნიშნელოვანი ოდენობით).
2.8. 2025 წლის 29 აგვისტოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მისი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან შესაძლოა შეექმნას საფრთხე. დაცვის მხარის პოზიციით, მართალია სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ნაკისრი აქვს ვალდებულება განახორციელოს ძებნილი პირის ექსტრადირება მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, თუმცა მეორეს მხრივ, ასევე, აკისრია ვალდებულება იმისა რომ არ გადასცეს პირი მომთხოვნ სახელმწიფოს თუ შუამდგომლობაში მითითებული მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და მით უმეტეს თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადასაცემი პირი შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაჰუმანურ ან პიროვნების ღირსების შემლახველ მოპყრობას, ხოლო ხსენებული დებულება კანონმდებლობის ფარგლებში წარმოადგენს უფრო მაღალი რანგის ფასეულობას, ვიდრე ექსტრადიციის განხორციელების ნებისმიერი ვალდებულება.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ჯ. ა–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 აგვისტოს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, ხანდაზმულობის ვადები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების დარღვევის რისკები და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კი არ არსებობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით და მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას პროცესუალური და სხვა ქმედებების შესრულების გზით, რომელთაც ითვალისწინებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, კერძოდ:...დანაშაულის ჩამდენი პირების ძებნა და გადაცემა...
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ჯ. ა–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2025 წლის 28 ივლისს დააკავეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შემდეგაც შეეფარდა საექსტრადიციო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, დაკავებისას და ჩხრეკის მიმდინარეობის დროს ჯ. ა–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
8. ამდენად, მოცემულ საქმეში ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისთვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
11. დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ჯ. ა–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ჯ. ა–მა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2024 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
13. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს ჯ. ა–ის უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ჯ. ა–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ა–ს რესპუბლიკაში მისი უფლებების დარღვევის „აშკარა“ ეჭვს წარმოშობდა. საგულისხმოა, ისიც, რომ დაცვის მხარე არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე ან გარემოებებზე, რამაც შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას ჯ. ა–ის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მიუთითებს მხოლოდ გარკვეულ პირთა ჯგუფზე, თუმცა გაურკვეველია ვის გულისხმობს მათში. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ჯ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
17. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
18. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცით სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. (J.) ა–ის (A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე