Facebook Twitter

საქმე N 140100122006492501

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №412აპ-25 25 სექტემბერი, 2025 წელი

ბ-ი მ., №412აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ– ც–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან მასზე სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, მ. ბ–ი დაინიშნა მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმის – თ. ბ–ის მხარდამჭერად. აღნიშნული დროიდან, მ. ბ–ი თ. ბ–ს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (მ. ბ–ს აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მოვლა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი მისთვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს) ეპყრობოდა არაადამიანურად. კერძოდ, ამყოფებდა საცხოვრებლად უვარგის ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა სათანადო პირობები, იწვა ხის ფიცრებისგან შეკრულ საწოლზე, ყოველგვარი საგების გარეშე, ფეკალურ მასებში, არ ჰქონდა სათანადო მოვლა, რის გამოც, თ. ბ–ი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარი.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ– ც–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ– ც–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ადვოკატის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება მ. ბ–ის თ. ბ–ის მხარდამჭერად ცნობის შესახებ, აგრეთვე, სოციალური მუშაკის – ნ–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მ. ბ–ი ვალდებული იყო, მხარდაჭერის მიმღებისათვის სათანადო მზრუნველობა გაეწია. აღნიშნულის საპირისპიროდ, ადვოკატი მიმოიხილავს საქართველოს სამოქალქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, ერთმანეთისაგან მიჯნავს მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებებს, მზრუნველისა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობებს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს დაეკისრა კონკრეტულ სფეროებში თ. ბ–ის მხარდაჭერის, და არა – მზრუნველობის ვალდებულება, რომელიც მოვლა-პატრონობასაც მოიცავს, გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა მოვლა-პატრონობის ვალდებულების შესახებ. კასატორის მტკიცებით, ასეთ ვითარებაში, უკანონო და დაუსაბუთებელია მსჯავრდებულისათვის მისი ძმის მიმართ ზრუნვის სამართლებრივი ვალდებულების დაკისრება. დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკზე, აგრეთვე, დაზარალებულის დაავადების თავისებურებაზე, რაც, ადვოკატის მტკიცებით, გამორიცხავს თ. ბ–ის მიერ სიცივისა და სიცხის შეგრძნებას, საკვების რაოდენობის კონტროლს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ადგილის აღქმას. კასატორის განმარტებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზისა და დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, დადგენილი არ არის, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარე, შეეძლო თუ არა დაზარალებულს ტანჯვის განცდა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მ. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.3. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, მ. ბ–ი დაინიშნა თ. ბ–ის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადების სფერო; სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის სფერო; სოციალური მომსახურების სააგენტოდან პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის სფერო; მედიკამენტების შეძენისა და მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფერო; სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, ფულადი საარსებო შემწეობა და სხვა) დანიშვნა/მიღებისა და განკარგვის სფერო, ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფერო; საბანკო ბარათის განახლების მიზნით საბანკო დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვის სფერო; გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით განცხადებით მიმართვის სფერო. მხარდაჭერის ვადად განისაზღვრა 5 წელი და მ. ბ–ს მიენიჭა ზემოაღნიშნული უფლებების განხორციელების უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

5.4. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სოციალური მუშაკის – ნ–ის ჩვენებით, 2021 წელს, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შესასრულებლად გადაეცა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მ. ბ–ი მისი ძმის – თ. ბ–ის მხარდამჭერად იყო დანიშნული. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გარკვეული სახის უფლება- მოვალეობები ეკისრებოდა, მათ შორის, მ–ი ვალდებული იყო, მხარდამჭერის მიმღებისთვის სათანადო მზრუნველობა გაეწია, კერძოდ, დახმარებოდა მას საყოფაცხოვრებო საკითხებში, ჯანმრთელობასთან, კვებასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებით. ნ–ე ბენეფიციართან ორჯერ მივიდა. ვიზიტის მიზანს ბენეფიციარის შემოწმება წარმოადგენდა, კერძოდ, მას უნდა შეემოწმებინა, თუ როგორ ხორციელდებოდა ბენეფციარზე დაწესებული მზრუნველობა. 2021 წელს, როდესაც იგი პირველად თ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ბენეფიციარის ყოფითი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა, გარკვეული დეტალები - დამაფიქრებელი. მაგალითად, თ. ბ–ის საწოლის ქვეშაგები სუფთა არ იყო. ამის გამო, მ. ბ–ს მიეცა შენიშვნა, რაზეც მან უპასუხა, რომ როგორც შეეძლო, ისე უვლიდა ძმას. ნ–ემ მ. ბ–ს შესთავაზა, მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა სფეროს გაფართოება, რაც თ. ბ–ის სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადაყვანას გულისხმობდა, კერძოდ, თ–ს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანდნენ– ნ–ემ მ. ბ–ი სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის“ იურისტს – ლ. ხ–ეს შეახვედრა. ლ-მ დეტალურად აუხსნა მ. ბ–ს, რას ნიშნავდა სფეროს გაფართოება. თუმცა, აღნიშნული განცხადებით მ. ბ–ს სოციალური სამსახურისთვის ან სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მას არ სურდა თ–ის თავშესაფარში გადაყვანა. ნ–ის განმარტებით, სოციალური მუშაკი ვალდებული იყო, ყოველ ექვს თვეში ერთხელ განეხორციელებინა ვიზიტი ბენეფიციართან, თუმცა, პანდემიის გამო, სამსახური დისტანციურად მუშაობდა და ბენეფიციართან ვიზიტებს ვერ ასრულებდნენ– 2022 წელს მან მორიგი ვიზიტი განახორციელა თ. ბ–თან, რა დროსაც, თ–ი ძალიან მძიმე მდგომარეობაში დახვდა. იგი რკინის საწოლზე შიშველი იწვა და ზეწარი ჰქონდა მიფარებული. საწოლზე დაფენილი თხელი ქვეშაგები მისი ფეკალური მასებით იყო დასვრილი, ხოლო საწოლის ქვეშ იყო გუბე, რაც, სავარაუდოდ, მისი შარდი უნდა ყოფილიყო. საშინელი სუნი იდგა. საკვები ნარჩენები საწოლზე და საწოლთან ახლოს ეყარა. თ–ი მის საუბარზე არ რეაგირებდა, იწვა და ხმას არ იღებდა. გადაადგილება უჭირდა. სახლში გათბობა არ იყო. მან მ. ბ–ს, რომელიც ძმასთან მოგვიანებით მოვიდა, ჰკითხა, თუ რატომ ამყოფებდა თ–ს ასეთ პირობებში. მ–მა უთხრა, რომ უჭირდა ძმის მოვლა-პატრონობა, თუმცა, როგორც შეეძლო, უვლიდა. მ–ი ძმის მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა. ამის შემდეგ, ნ–ემ პოლიციაში დარეკა და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ.

5.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ–ს რაიონის სოფელ კ–. იგი წარმოადგენს თ. ბ–ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ორსართულიანი სახლი. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე შესასვლელ ოთახში განთავსებულია რკინის საწოლი. მასზე სიგრძეზე დალაგებულია ფიცრები, რომელზეც განთავსებულია საკვების ნარჩენებით დასვრილი მატყლისებური მასები და ლეიბის ნარჩენები. აღნიშნულ ფიცრებზე სრულად შიშველ მდგომარეობაში იწვა თ. ბ–ი, რომელსაც გადაფარებული ჰქონდა ლურჯი, დასვრილი ზეწარი. თ–ს, ტანი სავარაუდოდ განავლით ჰქონდა დასვრილი, ხოლო საწოლის ქვეშ არსებული იატაკი იყო სველი. სავარაუდოდ, იყო შარდი.

5.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელ – ა. ე–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა სოციალური მუშაკის – ნ–ის შეტყობინება, რომლის თანახმადაც, გორის რაიონის სოფელ კ–, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მამაკაცს უგულვებელყოფს მისი მზრუნველი/მეურვე, რომელიც არის მისი ძმა და ჰყავს არაადამიანურ პირობებში. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დახვდა შეტყობინების ავტორი – ნ–ე, მ. ბ–ი და თ. ბ–ი. თ. ბ–ი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ ოთახში იმყოფებოდა. საწოლზე, სადაც თ–ი იწვა დაგებული არ იყო ლეიბი. იგი საწოლში სრულიად შიშველი იწვა და ვერ მოძრაობდა. საწოლი ფეკალური მასებით იყო დასვრილი. ზეწარი, რომელიც მას ჰქონდა მიფარებული, იყო გაყვითლებული. საწოლის ქვეშ იყო სისველე, რაც, სავარაუდოდ, შარდი უნდა ყოფილიყო. იდგა ცუდი სუნი. საწოლში და მის გარშემო საკვები ნარჩენები იყო მიმოფანტული. მოწმის განმარტებით, მ. ბ–მა მასთან საუბარის დროს განაცხადა, რომ იგი თ–ს ბოლო პერიოდში სათანადოდ ვერ უვლიდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა: ექსპერტ კრიმინალისტმა – ი–ემ და ინსპექტორ გამომძიებელმა – გ–ა.

5.7. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ იურისტის – ლ. ხ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ–ი ხუთი წლით დაინიშნა მისი ძმის – თ. ბ–ის მხარდამჭერად. სოციალური მუშაკი ყოველ ექვს თვეში ერთხელ მიდიოდა შესამოწმებლად. 2022 წელს, ნ–ის მიერ თ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში მორიგი მონიტორინგისას, გამოავლინდა მხარდამჭერის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. ამის გამო, ნ–ე, ლ-სთან ერთად, შეხვდა მ. ბ–ს და უთხრა, რომ თუ მას ძმის მოვლა-პატრონობა უჭირდა, შეეძლო, მიემართა სასამართლოსათვის და სფეროს გაფართოება მოეთხოვა, რაც გულისხმობს იმას, რომ თ. ბ–ს ჩარიცხავდნენ შშმ პირთა პანსიონატში. მოწმის განმარტებით, მან დეტალურად აუხსნა, სად უნდა მისულიყო და რა სახის განცხადება უნდა დაეწერა. თუმცა, მ. ბ–ს აღნიშნული დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. 2022 წლის სექტემბერში, ნ–ის მიერ თ. ბ–თან მორიგი ვიზიტი შედგა. თ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში მათ საშინელი ანტისანიტარია დახვდათ. მხარდამჭერის მიმღები იყო მოუვლელი და ფეკალურ მასებში ამოსვრილი. 2022 წლის 30 სექტემბერს იგი, ნ–ესთან ერთად, მივიდა თ. ბ–ის სახლში. სახლში ამ დროსაც საშინელი ანტისანიტარია იყო, იდგა მძაფრი სუნი, საწოლის ქვეშ, იატაკზე კვლავ შარდის გუბეები იყო და მხარდამჭერის მიმღები კვლავ მოუვლელი იწვა. 2022 წლის ოქტომბერში, მასთან სამსახურში მივიდნენ მ. ბ–ი და მისი შვილი – გ. ბ–ი, რომელთაც ახლდათ ადვოკატი – მ–ე. მათ კიდევ ერთხელ განემარტათ სფეროს გაფართოების მნიშვნელობა, თუმცა, პრობლემის ასეთი გზით გადაწყვეტაზე თავს იკავებდნენ, რადგან არ სურდათ მხარდაჭერის მიმღების ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ, მ. ბ–ი კვლავ მივიდა და უთხრა, რომ სურდა აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა. ლ. ხ–ემ შეადგინა განცხადება, რომლის თანახმად, მხარდამჭერი უნდა გათავისუფლებულიყო მოვალეობის არაჯეროვანი შერულების გამო, თ. ბ–ი ჩარიცხულიყო სპეციალიზირებულ დაწესებულებაში და მისი მხარდამჭერი ყოფილიყო ნ–ე. 2022 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში. სასამართლო განხილვის პერიოდში მ. ბ–ი დააკევეს. გ. ბ–ი უარს აცხადებდა თ. ბ–ის მოვლა-პატრონობაზე, რის შემდეგაც, თ–ი პანსიონატში გადაიყვანეს.

5.8. მოწმეთა ჩვენებები ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის ზედამხედველობის ფორმებით, რომლებიც შედგა სხვადასხვა დროს ნ–ის მიერ და ასახავს 2021 წლის 26 მარტს, 2021 წლის 4 ოქტომბერს, 2022 წლის 20 მარტს, 2022 წლის 23 სექტემბერსა და 2022 წლის 30 სექტემბერს განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში ზედამხედველობის შედეგებს. ყველა ჯერზე აღნიშნულია, რომ არ არის დაკმაყოფილებული თ. ბ–ის ჰიგიენური მოთხოვნილებები. 2022 წლის 23 სექტემბრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ზედამხედველობის შედეგად, დასკვნაში აღნიშნულია, რომ თ. ბ–ის საჭიროებები საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით დაუკმაყოფილებელია. ასევე, არ არის დაკმაყოფილებული მისი ჰიგიენური მოთხოვნილებები. მისი მდგომარეობა და საჭიროებები ოჯახში არ არის დაკმაყოფილებული. საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ადგილზე გამოძახებულ იქნა პოლიცია. მხარდამჭერს გაეწია სფეროს გაფართოების შესახებ კონსულტაცია.

5.9. მ. ბ–ის შვილის – გ. ბ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ. ბ–ი არის მისი ბიძა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მოვლა-პატრონობას საჭიროებდა. თ–ი სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარებას იღებდა. ყველა სახის დახმარება თავად თ. ბ–ს ხმარდებოდა. თ–ს გარკვეული ქონებაც ჰქონდა, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. მისი განმარტებით, სოციალური მუშაკი თ–ის საცხოვრებელ სახლში მის შესამოწმებლად არასოდეს მისულა. პირიქით, სოციალური სამსახურის თანამშომელი მას სთხოვდა, მ. ბ–ს ხელი მოეწერა დოკუმენტებზე, სადაც ეწერა, რომ ისინი პერიოდულად თ–ის შესამოწმებლად მის საცხოვრებელ სახლში მიდიოდნენ, რაზეც მას უარი არ უთქვამს. მ. ბ–ისთვის ძმის მოვლა-პატრონობა რთული იყო. დახმარებისთვის სოციალურ მუშაკსაც მიმართა და თავშესაფრის მოძებნაში დამხარება სთხოვა. სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა მ–ს მისამართი უთხრეს, სადაც უნდა მისულიყო და განცხადება დაეწერა, თუმცა, აღნიშნული დაწესებულება ყოველჯერზე დაკეტილი ხვდებოდა. სოციალური მუშაკი ნ–ე და იურისტი ლ. ხ–ე მ–ს ეუბნებოდნენ, რომ თავშესაფარში ადგილი არ იყო. მ. ბ–მა თავადაც სცადა თავშესაფრის მოძებნა, თუმცა ყველა დაწესებულებიდან უარი მიიღო. თ. ბ–ის სახლში დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში არ მისულა და არ უნახავს როგორ ცხოვრობდა იგი, თუმცა, იცოდა, რომ მამა უვლიდა და პატრონობდა. მ–ს მასთან ხშირად მიჰქონდა თ–ის ტანსაცმელი გასარეცხად. მ–ი ძმასთან დილით და საღამოს მიდიოდა, საჭმელი მიჰქონდა და საცხოვრებელ სახლს უსუფთავებდა. თ–ი რთული მოსავლელი იყო, ტანსაცმელს იხდიდა და შიშველი დადიოდა, საწოლში ისაქმებდა და შემდეგ, ეზოში ჩადიოდა, დარბოდა, თავის ფეკალიებში ისვრებოდა.

5.10. თ–ის ჩვენებით, იგი თ. ბ–ის მეზობელია. თ–ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მ–ი ძმასთან ყოველდღე, დილით და საღამოს მიდიოდა. მოწმე თ–ის სახლში არ შესულა და არ უნახავს, როგორ პირობებში ცხოვრობდა. თ–ი დაახლოებით ერთი წელია ეზოში გამოსული არ უნახავს. მ–ი ცდილობდა პანსიონატში ძმის მოთავსებას. თ–ი აგრესიას გამოხატავდა ხალხის მიმართ, ტანზე ტანსაცმელს იხევდა, შიშველი დადიოდა, ეზოში საკუთარ ფეკალიებს ყრიდა. მეზობლებიც შეწუხებული იყვნენ და მ–იც განიცდიდა ამ ამბავს. რაც შეეხება სახლის გათბობას, თ–ს შეშის ღუმელი ჰქონდა. მ–ი როდესაც მიდიოდა, ანთებდა.

5.11. ო–ის ჩვენებით, იგი თ. ბ–ის მეზობელია. თ–ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მას მ. ბ–ი უვლიდა. მ–ი იმავე სოფელში ცხოვრობდა. იგი ძმასთან ყოველდღე თუ არა, ორ ან სამ დღეში ერთხელ მაინც მიდიოდა. ამ დროის განმავლობაში თ–ი სახლში მარტო იყო. რაც შეეხება თ–ის სახლში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობას, არც თუ ისე სახარბიელო იყო. ბოლოს, როდესაც მან თ–ი ნახა, დასუსტებული იყო, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. თ–ს სახლში შეშის ღუმელი ჰქონდა, რომელსაც მ–ი ანთებდა.

5.12. მ. ბ–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი ძმასთან ყოველ დღე, დილით და საღამოს მიოდიოდა და საკვები მიჰქონდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას ძალიან გაუჭირდა ძმის მოვლა და გადაწყვიტა, დახმარებისთვის შესაბამისი დაწესებულებებისთვის მიემართა. მან თავდაპირველად ფსიქიატირულ კლინიკებს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ აღნიშნულის თაობაზე მათთვის სოციალურ სამსახურს უნდა მიემართა. ამის შემდეგ, იგი სოციალურ სამსახურში მივიდა, სადაც განუმარტეს, რომ მისულიყო იურიდიული დახმარების ბიუროში და ისინი დაეხმარებოდნენ– მათ შესთავაზეს სფეროს გაფართოება. იგი რამდენჯერმე მივიდა აღნიშნულ მისამართზე, თუმცა, არავინ დახვდა.

5.13. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. ბ–ი იმყოფებოდა საცხოვრებლად არასათანადო, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში, არ ჰქონდა სათანადო მოვლა, იწვა ხის ფიცრებისაგან შეკრულ საწოლზე, ყოველგვარი საგების გარეშე, ფეკალურ მასებში. დაზარალებულის ამგვარ პირობებში ყოფნის ფაქტს დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ.

5.14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნდა მისი ძმის მიმართ ზრუნვის სამართლებრივი ვალდებულება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაეკისრა კონკრეტულ სფეროებში თ. ბ–ის მხარდაჭერის, და არა – მზრუნველობის ვალდებულება.

5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-12771-ე მუხლები განსაზღვრავს მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებებს, აგრეთვე, მათი გამოყენების საფუძვლებს.

5.16. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.

5.17. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1277-ე მუხლის შესაბამისად, მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი. შესაბამისად გამოიყენება მე-16 მუხლი. ხსენებული კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.

5.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა და ენიშნება მხარდამჭერი. ხსენებული კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მხარდაჭერის მიმღებში მოიაზრება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვასა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

5.19. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1289-ე მუხლი განსაზღვრავს მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობებს. კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად, მეურვე/მზრუნველი ვალდებულია, იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები, ხოლო მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.

5.20. ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მეურვეობას, მზრუნველობასა და მხარდაჭერას ერთმანეთისაგან ამ ღონისძიებათა გამოყენების ადრესატები განასხვავებენ– რაც შეეხება მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობათა შინაარსს, მართალია, ამ უკანასკნელს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლი, თუმცა, მხარდამჭერის მოვალეობათა ფარგლების დადგენისას ასევე გასათვალისწინებელია იმ სფეროთა შინაარსი, სადაც მხარდაჭერის მიმღებს დაენიშნა მხარდაჭერა.

5.21. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, მ. ბ–ი დაინიშნა თ. ბ–ის მხარდამჭერად, მათ შორის, ისეთ სფეროშიც კი, როგორიცაა წვრილმანი გარიგების დადება, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მხარდაჭერის ფარგლებს. ასევე, საგულისხმოა, რომ ამავე გადაწყვეტილებით მ. ბ–ი წარმოადგენდა თ. ბ–ის მხარდამჭერს სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, ფულადი საარსებო შემწეობა და სხვა) დანიშვნა/მიღებისა და განკარგვის სფეროშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ სწორედ მ. ბ–ი იყო დაზარალებულის ფინანსური სახსრების განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი და მას ეს უფლებამოსილება უნდა განეხორციელებინა კეთილსინდისიერად, მხარდჭერის მიმღების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც თ. ბ–ი იმყოფებოდა უმძიმეს ჰიგიენურ პირობებში, არ გააჩნდა ნორმალური, ღირსეული ცხოვრებისათვის სათანადო გარემო, სწორედ მ. ბ–ს ევალებოდა, იმგვარად განეკარგა მხარდაჭერის მიმღების ფინანსური სახსრები, რომ მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები შეექმნა. მას ასევე შეეძლო, მოეთხოვა თ. ბ–ის სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადაყვანა, თუმცა, არაერთი განმარტების მიუხედავად, სათანადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს. ამდენად, ადვოკატის პოზიცია, თითქოს, მსჯავრდებულს არ ევალებოდა თ. ბ–ზე ზრუნვა და მისი მოვლა-პატრონობა, საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ–მა კარგად იცოდა ძმის – თ. ბ–ის მდგომარეობა და მისი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, არაფერი იღონა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, მაშინ როდესაც, მას ეკისრებოდა ამგვარი ვალდებულება და ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა, რითაც თავიდან აიცილებდა შესაბამის მართლსაწინააღმდეგო შედეგს. საქმეში არსებული მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი – ცხადყოფს, რომ მ. ბ–ი არა თუ ვერ ართმევდა თავს მხარდაჭერის მიმღები ძმის მოვლა-პატრონობას, არამედ განზრახ ჩააყენა დაზარალებული არაადამიანურ მდგომარეობაში. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თ. ბ–ის მდგომარეობასა და ცხოვრების პირობებს, არანაირი კავშირი არ აქვს ნორმალურ ცხოვრების წესთან– საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოპყრობის ხასიათსა და კონტექსტს, ხანგრძლივობას, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიაჩნია, რომ თ. ბ–ისათვის შექმნილი პირობები გარდაუვლად აღწევს სისასტიკის იმ მინიმალურ ზღავრს, რაც კვალიფიცირდება არაადამიანურ მოპყრობად.

5.22. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის განცდას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კერძოდ, ევროსასამართლოს განმარტებით, საკითხის შეფასებისას შეუთავსებელია თუ არა მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან, ფსიქიკურად დაავადებულ პირთა შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას მათი მოწყვლადობა და უუნარობა, ზოგ შემთხვევაში, სათანადოდ წარადგინონ პრეტენზია და მიუთითონ, როგორი გავლენა იქონია მათზე კონკრეტულმა მოპყრობამ (Keenan v. The United Kingdom, Application no. 27229/95, 3 April, 2001, §111; Rivière v. France, Application no. 33834/03, 11 July, 2006, §63). არაგონივრულია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან მოველოდეთ, რომ დეტალურად ან თანმიმდევრულად აღწერს იმას, რაც მან განიცადა (Aerts v. Belgium, Application no. 61/1997/845/1051, 30 July, 1998, § 66). ევროსასამართლოს განმარტებით, არასრულფასოვნებისა და უძლურების მდგომარეობა, რომელიც დამახასიათებელია ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებისთვის, მოითხოვს გაზრდილ სიფხიზლეს კონვენციის დაცვის გადახედვისას. მიუხედავად ასეთი პაციენტების უუნარობისა, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, ისინი რჩებიან მე-3 მუხლის დაცვის ქვეშ (Herczegfalvy v. Austria, Application no. 10533/83, 24 September 1992, §82).

5.23. მაშინ როდესაც განცდილი ფიზიკური თუ ფსიქიკური ტანჯვის ხარისხი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას იმ საქმეებში, რომლებზეც სასამართლომ იმსჯელა მე-3 მუხლიდან გამომდინარე, არსებობს გარემოებები, როდესაც პიროვნების მიერ განცდილი ზემოქმედება შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. მაგალითად, თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, რომლის აუცილებლობაც არ გამომდინარეობს თავად დაკავებული პირის ქცევიდან, იწვევს ადამიანური ღირსების დამცირებას და წარმოადგენს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ქმედებას (Ribitsch v. Austria, judgment of 4 December 1995, Series A no. 336, p. 26, §38, Tekin v. Turkey, judgment of 9 June 1998, Reports 1998-IV, pp. 1517-18, §53). ანალოგიურად, სულით ავადმყოფ პირთა მიმართ განხორციელებული მოპყრობა შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის ღირსების დამცირებას მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, შეუძლია, თუ არა აღნიშნულ პიროვნებას მიუთითოს იმ უარყოფით ფაქტორებზე, რომლებიც მოპყრობის შედეგად დადგა (Keenan v. The United Kingdom, Application no. 27229/95, 3 April, 2001, §113).

5.24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, თითქოს, თ. ბ–ს არ გააჩნდა შეგრძნებები, მათ შორის, სიცივისა და სიცხის შეგრძნება, საკვების რაოდენობის კონტროლი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ადგილის აღქმა. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნა, ხოლო, მეორე მხრივ, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებითაც დგინდება, რომ თ. ბ–ს ჰქონდა შიმშილისა და სიცივის შეგრძნება, იღებდა საკვებს და როდესაც მსჯავრდებული მიდიოდა, შეშის ღუმელს უნთებდა. შესაბამისად, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ საწოლს არ ჰქონდა ქვეშსაგები, სიცივეში სრულიად შიშველი, საკუთარ შარდსა და ფეკალურ მასებში, მხოლოდ თხელი ზეწრით იწვა ფიცრებზე, სადაც ასევე ეყარა საკვების ნარჩენები, გარდაუვლად გამოიწვევდა დაზარალებულში ტკივილისა და ტანჯვის განცდას.

5.25. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ბ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების – დანაშაულის ჩადენა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – მსჯავრადშერაცხვას.

5.26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მიზნებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობა გულისხმობს პირის არაკეთილგანწყობილ, მტრულ დამოკიდებულებას აღნიშნული ნიშნის მქონე ადამიანთა მიმართ, რა დროსაც, დანაშაულის ჩადენა მოტივირებულია ამ ნიშნით იდენტიფიცირებული პირის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებით. შესაბამისად, დაზარალებულის სწორედ ამ ნიშნისადმი კუთვნილება აღუძრავს პირს მის მიმართ დანაშაულის ჩადენის სურვილს და ასრულებს გადამწყვეტ როლს დანაშაულებრივი განზრახვის ფორმირებისას. დანაშაული ჩადენილია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თუ ეს უკანასკნელი არის წამყვანი ფაქტორი დანაშაულებრივი განზრახვის აღმოცენებისას. დაზარალებულის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონა თავისთავად და იმთავითვე, ყოველთვის არ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის არსებობას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც პირის მდგომარეობა/სტატუსი (რაც, შესაძლოა, განაპირობებდეს პირის უმწეობასაც), ხოლო, მეორე მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც დანაშაულის ჩადენის მიზეზი, ძირითადი მოტივი. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების კრიტიკული და დეტალური შემოწმების შედეგად, დაადგინოს არის თუ არა დანაშაულის ჩადენა მოტივირებული დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, შესაძლოა, მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენდეს, რომელთა მეშვეობით, შეიძლება დადგინდეს მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ, რაც შეიძლება, გამოიხატოს ქცევის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, შეურაცხმყოფელი, დამცინავი, დამამცირებელი, ზიზღისშემცველი მიმართვებით, ფრაზებით, ქმედებებითა თუ ჟესტიკულაციით. განსახილევლ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულის ჩვენება, ხოლო სხვა მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ხსენებული დამამძიმებელი გარემოების დადგენის თვალსაზრისით არაინფორმატიულია. სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის უტყუარად არსებობის ფაქტს. შესაბამისად, მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციიდან უნდა ამოერიცხოს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე მითითება.

5.27. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება გავლენას ვერ იქონიებს მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელზე. სასამართლო ითვალისწინებს, ჩადენილი ქმედების ხასიათს, სიმძიმეს, მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ამ დანაშაულისაგან ხელყოფის ობიექტს, დამამძიმებელ გარემოებათა ერთობლიობას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობას, სასჯელის მიზნებს და თანაზომიერად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი, რაც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ– ც–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 2000 ლარი;

4. მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებიდან ამოერიცხოს დანაშაულის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე მითითება;

5. მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან – 2024 წლის 18 სექტემბრიდან;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ბ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია. გირაოს შემტანს – გ. ბ–ს (პ/ნ …………-) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა – 5000 ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

7. ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი, განთავსებული ერთ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე