საქმე N 190100124009718866
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №483აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი
ი. რ., №483აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ი–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრების და ორზე მეტი პირის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, სხვა არასრულწლოვნების თანდასწრებით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი წევრების მიმართ, რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 30 აპრილს, დღის დაახლოებით 12:30 საათზე, გ–ი, რ. ი–მა უ–ისა და თავისი ცოლის – ხ–ას – ურთიერთობაზე ეჭვიანობის გამო, შურისძიების მოტივით, უ–ის ძმას – ა–ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში, ცივი იარაღით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები, შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
1.3. 2018 წლიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, გ--------------------------–--------გ– მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში რ. ი–ი მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ–ას და არასრულწლოვან შვილებს: ა–, ფ., ბ. და მ. ი–ებს, ერთმანეთის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა – მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გამუდმებით ეჭვიანობდა ხ–აზე და ფიზიკურად უსწორდებოდა მას, ხოლო, დედის დასაცავად ხმის ამოღების შემთხვევაში, აგინებდა და სცემდა შვილებს. რ. ი–ი საკუთარი ოჯახის წევრებს პირად საკუთრებად აღიქვამდა, რომელთაგანაც ცოლს – ხ–ას – თავად ურჩევდა ტანსაცმელს, რომელიც უნდა ჩაეცვა, უკრძალავდა მისი ნებართვის გარეშე მშობლებთან სტუმრად წასვლასაც კი, უსაზღვრავდა სამსახურში წასასვლელი ტრანსპორტის სახეს, მუდმივად უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს და სხვა პირებთან კომუნიკაციას. ბავშვებს მუდმივად აშინებდა თვითმკვლელობით და ახდენდა თვითდაზიანებების მიყენების იმიტაციას მათთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენების მიზნით. აღნიშნულმა ქმედებებმა დაზარალებულების ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.4. 2020 წლის დაუდგენელ თვესა და რიცხვში გ–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ი–მა ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების მიზნით ცოლს – ხ–ას, არასრულწლოვანი შვილების: ა–, ფ., ბ. და მ. ი–ების თანდასწრებით, ცივი იარაღის ყელის არეში დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.5. 2024 წლის 26 აპრილს, გ–ი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რ. ი–მა ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და შვილისთვის ჭკუის სწავლების მიზნით (ბავშვი ცდილობდა დედის დაცვას მოძალადე მამისგან), შვილს – 15 წლის ა. ი–ას ეზოს ცოცხით ურტყა შიშველ მკლავებზე, რის შემდეგაც ათრია თმით და სცემა თავის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების გამო ა. ი–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.6. 2024 წლის 29 აპრილს, გ–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ. ი–მა ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და შვილისთვის ჭკუის სწავლების მიზნით (ბავშვი აპირებდა სადილობას, რა დროსაც მამამ უბრძანა, რომ ჯერ სახლი დაელაგებინა, საწინააღმდეგო პასუხის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა მასზე) შვილს – 14 წლის ფ. ი–ას რამდენჯერმე ძლიერად მოჰქაჩა თმაში, რის შემდეგაც იატაკზე წააქცია და ხელებით სცემა სახის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების გამო, ფ. ი–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.7. 2024 წლის აპრილის თვეში, გ–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რ. ი–მა შვილს – 6 წლის მ. ი–ს, რომელიც გახარებული იყო რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული მამის შინ დაბრუნებით და მის ჩასახუტებლად გაიქცა, სახეში სილა გააწნა და კედელს შემოანარცხა, რის შედეგადაც მ. ი–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.8. 2018 წლიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რ. ი–ი ცოლზე ეჭვიანობისა და მათი საერთო შვილების დასჯის მიზნით მეუღლეს – ხ–ას და არასრულწლოვან შვილებს: ა–, ფ., ბ. და მ. ი–ებს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რ. ი–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, და საბოლოოდ, რ. ი–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. ი–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 30 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ქეთევან სონიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენში ცვლილება და რ. ი–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი–მა და პ–მა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და ვერ უზრუნველჰყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც რ. ი–ს უნდა განესაზღვროს მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა რ. ი–მა ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, რის შესახებაც პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რასაც არც მხარეები მიიჩნევენ სადავოდ.
5.3. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
5.4. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5.5. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.6. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულ რ. ი–ის პიროვნულ მახასიათებლებს, ქმედების განხორციელების სახეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
5.7. მსჯავრდებულმა რ. ი–მა ჩაიდინა შვიდი დამოუკიდებელი დანაშაული. თავისი ხასიათითა და სიმძიმით ყველა მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი დანაშაულები იყო სისტემატური ხასიათის, მიმართული იყო ოჯახის წევრების წინააღმდეგ და ჩადენილი არასრულწლოვანი პირების მიმართ და მათი თანდასწრებით, ხოლო განზრახ მკვლელობა ჩადენილია, პირის მიმართ რომელთანაც რაიმე პირადი წყენა არ ჰქონია, ასევე იმ გარემოებას, რომ მკვლელობის ბრალდებაში მხარეები არ შერიგებულან.
5.8. ყოველივე აღნიშნული ნათლად მიუთითებს მსჯავრდებულ რ. ი–ის ქმედებების მომეტებულ საზოგადეობრივ საშიშროებასა და მის მიდრეკილებაზე ძალადობისკენ. მის ქმედებებში ასევე გამოკვეთილია მართლწესრიგის ნორმების განსაკუთრებულად უხეში, სისტემატური უპატივცემულობა და უგულებელყოფა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მკვლელობის ჩადენისთვის მისთვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და უნდა დაუმძიმდეს. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და უდავოდ ცნო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური/ან მასთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5.9. რ. ი–ის მიმართ მის მიერ ჩადენილ ოჯახურ დანაშაულებზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ გავრცელდა, რადგან თავად ბრალდებულმა უარი განაცხადა ამნისტიით სარგებლობასა და მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. რ. ი–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რ. ი–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ი–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
4. რ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2024 წლის 4 მაისიდან;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. ი–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, (4 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე); „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანიდან (სახ, ნომრით: ...........) აღებული ანაწმენდები (12 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე); „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანიდან (სახ, ნომრით: ...........) აღებული მუქი ფერის ლაქების ანაწმენდები - 10 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე; „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის (სახ, ნომრით: ...........) წინა მარცხენა სავარძლის საზურგის შალითა, რომელზეც შეინიშნება მუქი ფერის ლაქები; „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის (სახ, ნომრით: ...........) წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის შალითა, რომელზეც შეინიშნება მუქი ფერის ლაქები; „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის (სახ, ნომრით: ...........) წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის შალითა; ერთ ცალი ყავისფერტარიანი დანა; ა–ის ფრჩხილის ნიმუში; ა–ის თმის ნიმუში; ა–ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდი; „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანიდან (სახ, ნომრით: ...........) ერთ ცალი წებოვანი ლენტით აღებული მიკრონაწილაკები; რ. ი–ის ნერწყვის ნიმუში; რ. ი–ის ხელის კვლები; ა–ის ხელის კვლები; ა–ის სისხლის ნიმუში; რ. ი–ის სისხლის და სუნის ნიმუში; რ. ი–ისგან აღებული სუნის ნიმუში; ხ–ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული სამზარეულოს დანა; ა. ი–ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული სამზარეულოს ჩანგალი – განადგურდეს;
უ–ის კუთვნილი, ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით: ...........; რ. ი–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი; ბალიშის პირი, ფეხსაცმელი და ეზოს ცოცხი; ა–ის კუთვნილი ,,ინფინიქსის“ მოდელის მობილური ტელეფონი; ა–ის კუთვნილი ,,Redmi“-ს მოდელის მობილური ტელეფონი; დაზარალებულ ფ. ი–ას კუთვნილი ,,SAMSUNG GALAXY A14“ მოდელის მობილური ტელეფონი; უ–ის კუთვნილი ,,Realme c53“-ის მოდელის მობილური ტელეფონი; რ. ი–ის კუთვნილი, ,,SAMSUNG“-ის მოდელის მობილური ტელეფონი; ა–ის ტანსაცმელი; რ. ი–ის ფეხსაცმელი, (რ.ი–ს ეცვა უშუალოდ შემთხვევის დროს); რ. ი–ის ტანსაცმელი, (რ.ი–ს ეცვა უშუალოდ შემთხვევის დროს) – დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან უფლებამოსილ პირს;
ხ–ას კუთვნილ „iPhone 15 Pro“ მარკის მობილურ ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია; ხ–ას ხმის ნიმუში; ფ. ი–ას კუთვნილ „SAMSUNG GALAXY A 14“-ის მარკის მობილურ ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD-R დისკზე; ა–ის კუთვნილ „რედმის“ მარკის მობილურ ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD-R დისკზე; რ. ი–ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომის ოქმისა და პატიმრობის გადასინჯვის სხდომის ოქმის ჩანაწერები. შპს ,,სანო ფარმას“ აფთიაქის ვიდეო ჩანაწერები 3 ცალ DVD-R დისკზე; სსიპ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაცია 2 ცალ DVD-R დისკზე; ინდ. მეწარმე მ-ის ავტოსახელოსნოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 2 ცალ DVD-R დისკზე; ფ. ი–ას მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერებისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი (04.06.2024 წ.) თანდართული სქრინშოთებით, DVD-R დისკზე; ა–ის მობილური ტელეფონის გახსნის, დათვალიერებისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი (06.06.2024 წ.) თანდართული სქრინშოთებით, DVD-R დისკზე; ა–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, DVD-R დისკზე; ფ. ი–ას ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, DVD-R დისკზე; ა–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სქრინშოთები (06.06.2024 წ.), შპს „სანო ფარმას“ აფთიაქის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი 3 ცალ დისკზე; 112-დან გამოთხოვილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; ინდ.მეწარმე მ.....ის ავტოსახელოსნოს სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი 3 ცალ დისკზე; ხ–ას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, (აუდიოჩანაწერი) 1 ცალ დისკზე; 2024 წლის 30 აპრილს, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ DVD-R დისკზე; 2024 წლის 15 მაისს, გ–ი, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ DVD-R დისკზე. 2024 წლის 30 აპრილს, ქ. გ–ში (შპს ჯ....... ეზო) ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის (სახ, ნომრით: ...........) ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათი, ერთ ცალ DVD-R დისკზე; ხ–ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ DVD-R დისკზე; ა. ი–ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ DVD-R დისკზე; ფ. ი–ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ DVD-R დისკზე; ა–ის მობილურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, 1 ცალ დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე