Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №315აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი

ბ-ი მ., №315აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ.ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. მ. ბ.ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 10 ივნისს, ჰ. ქ-იმ, მინდობილობის საფუძველზე, ჯ. უ-ს მიანიჭა უფლებამოსილება ერთობლივი ბიზნესის ფარგლებში განეკარგა, მათ შორის, გაეყიდა წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს.კ. -). 2022 წლის 4 ოქტომბერს, მ. ბ.მა მოატყუა ჯ. უ-ი, რომ დაეხმარებოდა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღებაში, რაც ამ უკანასკნელს ესაჭიროებოდა ბიზნესისთვის, ხოლო სანაცვლოდ, წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე, 77 200 ლარად შეფასებული, ჰ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი -- უნდა გადაეფორმებინათ მ. ბ.ის შვილის – ლ. ბ-ის – სახელზე, რათა მარტივად აეღოთ სესხი, 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და იპოთეკარები ყოფილიყვნენ მშვიდად, სესხის თანხის აღების შემდგომ კი, უძრავ ქონებას უკან გადმოუფორმებდა. ჯ. უ-ი ენდო მ. ბ.ს და დასთანხმდა მის შეთავაზებას. 2022 წლის 4 ოქტომბერს, თ-ი, ს-ს ქუჩის N--–ი მდებარე იუსტიციის სახლში, ლ. ბ-სა და ჯ. უ-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი -- გადაფორმდა ლ. ბ-ის სახელზე, თუმცა, საბოლოოდ, მ. ბ.ი ჯ. უ-ს სესხის აღებაში არ დაეხმარა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დასახელებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ჯ. უ-ის დაუკითხავად, 2023 წლის 13 აპრილს, მისი შვილის – ლ. ბ-ის – სახელზე რეგისტრირებული, რეალურად კი, ჰ. ქ-ის საკუთრებაში არსებული წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი - 5000 აშშ დოლარად გაასხვისა გ. ც-ეზე. მ. ბ.ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, ჰ. ქ-ის მიადგა 77 200 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, მ. ბ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 10 000 ლარი. გაუქმდა მ. ბ.ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, გ. ც-ის -- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე --) დადებული ყადაღა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ბ.მა განიზრახა ჰ. ქ-ის კუთვნილი ქონების არამართლზომიერი დაუფლება, რისთვისაც დაუკავშირდა ჯ. უ-ს, რომელსაც ჰქონდა ჰ. ქ-ის მიერ 2022 წლის 10 ივნისს გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ჯ. უ-ს ჰქონდა უფლება განეკარგა მინდობილობის გამცემის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მ. ბ.ი შეუთანხმდა ჯ. უ-ს, რომ ჰ. ქ-ის კუთვნილი ქონების უზრუნველყოფით გამოეტანათ 10 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი, ხოლო თანხას გადასცემდა ჯ. უ-ს. ამ მიზნით წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე 77 200 ლარად შეფასებული ქონება, -- 2022 წლის 4 ოქტომბერს, თ-ი, ს-ს ქუჩის N--–ი მდებარე იუსტიციის სახლში, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაფორმდა მ. ბ.ის შვილის – ლ. ბ-ის – სახელზე. მ. ბ.მა მოატყუა ჯ. უ-ი, რადგან არ გამოიტანა სესხი და თანხა არ გადასცა ჯ. უ-ს. რეალურად 2023 წლის 13 აპრილს, მისი შვილის – ლ. ბ-ის – სახელზე რეგისტრირებული, რეალურად კი, ჰ. ქ-ის კუთვნილი ქონება, 5000 აშშ დოლარად (რეალური ღირებულებით – 77 200 ლარი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც ფიქტიურად მიუთითეს გადახდილი თანხა – 80 000 აშშ დოლარი, გაასხვისა გ. ც-ეზე, რომელმაც იცოდა, რომ მის მიერ შეძენილი ქონება, შესაძლოა, ყოფილიყო სადავო. მ. ბ.მა გ. ც-ეს არასრულად გამოართვა თანხა, 3001 ლარი და 2000 აშშ დოლარი, აღებული თანხა კი, მიისაკუთრა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო ჟვანიამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ბ.ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

2.4. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, მსჯავრდებულ მ. ბ.ის ადვოკატმა – ლ. ბ-ამ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენით, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ნინო ჟვანია – საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ მ. ბ.ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან შეუსაბამოა; ზიანის აუნაზღაურებლობა დაზარალებულს უსპობს სამართლიანობის განცდას; არასაპატიმრო სასჯელის პირობებში, სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნები მიუღწევადია.

3.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, მსჯავრდებულ მ. ბ.ის ადვოკატმა – ლ. ბ-ამ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება. ადვოკატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მ. ბ.ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კერძოდ, პროკურორი ნინო ჟვანია საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ბ.ის მიმართ ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, დაცვის მხარე კი, შესაგებლით – თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მ. ბ.ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

3. ჩადენილი დანაშაულისათვის მ. ბ.ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებლად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს, დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ექვსიდან ცხრა წლამდე.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, ამ უფლების დარღვევის შემთხვევებზე ჰქონდეს სათანადო რეაგირება, რაც მოიაზრებს დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნასაც. მოცემულ შემთხვევაში, მ. ბ.ისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო მოთხოვნების კვალდაკვალ, შეაფასებს, როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე – მსჯავრდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში, შეარჩევს სასჯელის ისეთ სახესა და ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

8. სასამართლო მხედველობაში იღებს მ. ბ.ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საფრთხეს, ასევე – დანაშაულის მოტივსა და მიზანს. კერძოდ, მსჯავრდებული ფინანსური სარგებლობის მიზნითა და ანგარების მოტივით, განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, დაეუფლა დაზარალებულის უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის დადგენილ, დიდი ოდენობის მინიმალურ ნიშნულს.

9. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის შემდგომ მ. ბ.ის ქცევას. დანაშაულის ჩადენის დღიდან გასული ხანგრძლივი დროის მიუხედავად, მსჯავრდებულს არ უცდია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის №633აპ-20 განჩინება), რაც, ალტერნატიული სასჯელის პირობებში, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას სამართლიანად აქცევს. რამდენიმე სახის, შესაძლო სასჯელის არსებობისას აუცილებელია სამართლიანი ბალანსის დაცვა, რითაც შემცირდება დამნაშავისთვის არაპროპორციული და არასამართლიანი სასჯელის დანიშვნის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის №1315აპ-24 განაჩენი).

10. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის უპირველეს მიზანს – სამართლიანობის აღდგენას, რომელიც ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელის დანიშვნას მოიაზრებს. აგრეთვე – სასჯელის ზოგად და კერძო პრევენციულ დატვირთვას და მიიჩნევს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ამ ტიპის დანაშაული, მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, საჭიროებს მკაცრ რეაგირებას.

11. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მ. ბ.ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმა კანონიერია, თუმცა დანაშაულის სპეციფიკის და მომეტებული საშიშროების, აგრეთვე – მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არასამართლიანია. ეს მოცემულობა ამართლებს მ. ბ.ის მიმართ ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, როგორც აუცილებელ ზომას პრევენციისა და სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მოსაზრებით, თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულისთვის იქნება, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი, დანაშაულის გაცნობიერებისთვის ხელშემწყობი სასჯელი და, მეორე მხრივ, – შემაკავებელი, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების კუთხით. რაც შეეხება სანქციის ზომას, სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა) გათვალისწინებით, სასამართლო განსაზღვრავს მინიმალური ვადით, რაც, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების შესაბამისი იქნება.

12. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული მ. ბ.ი ვერ ისარგებლებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო შეღავათით, რადგან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა ამნისტიის გამოყენებაზე, თუმცა ეს გარემოება მას არ უსპობს ამნისტიის დასახელებული კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.

15. ხსენებული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. ბ.ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, რამეთუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამასთან, ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულ მ. ბ.ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი:

3. მ. ბ.ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4. მ. ბ.ს სასჯელის მოხდა აეთვალოს თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ბ.ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, გ. ც-ის -- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (წ-ოს რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი --) დადებული ყადაღა;

7. ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე