Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №319აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი

გ. გ., №319აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ.ს ბრალად ედებოდა:

1.1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.1.2. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. გ. გ.-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2024 წლის 17 აპრილს, დაახლოებით, 22:00 საათზე, გ. გ. თ-ი, ე. ბ-ის ქუჩის შესახვევი №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ყოფილ მეუღლეს – თ. ბ-ეს – სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს წააცლიდა, რაც თ. ბ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.2. 2024 წლის 18 აპრილს, დაახლოებით, 08:45 საათზე, გ. გ.მ განზრახ დააზიანა თ-ი, ე. ბ-ის ქუჩის შესახვევი №--ში მდებარე სცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული მისი ყოფილი მეუღლის – თ. ბ-ის – კუთვნილი “Honda Fit”-ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით –) წინა და უკანა საქარე მინები, რითაც თ. ბ-ეს მიადგა 330 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:

2.1.1. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;

2.1.2. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვით და 15 დღით;

2.1.3. გ. გ.ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა 2024 წლის 19 აპრილიდან 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა ცუცქირიძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა და გ. გ.-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი:

3.1.2. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. გ. გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;

3.1.3. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვით და 15 დღით;

3.1.4. გ. გ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2025 წლის 13 თებერვლიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 19 აპრილიდან 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით;

3.1.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გ. გ.-ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 2 თვით და 16 დღით, კერძოდ:

· მსჯავრდებულ გ. გ.ს აეკრძალა დაზარალებულ თ. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება თ. ბ-ე იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;

· მსჯავრდებულ გ. გ.ს აეკრძალა დაზარალებულ თ. ბ-ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;

3.1.6. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა აითვალა მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულიებიდან გათავისუფლების მომენტიდან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ანა ცუცქირიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ.-ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ ლმობიერია; დანაშაულის ჩადენის დროს, გ. გ. ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონის მოთხოვნა დანაშაულის რეციდივის დროს თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადაზე სულ მცირე, 1 წლით მეტი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით.

3.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, მსჯავრდებულმა – გ. გ.მ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კერძოდ, პროკურორი ანა ცუცქირიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გ. გ.-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ იქნეს დანაშაულის რეციდივიც. მსჯავრდებულმა კი, შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება. შესაბამისად, მხარეებს შორის სადავო არ არის გ. გ.-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა.

3. ჩადენილი დანაშაულისათვის გ. გ.-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებლად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს, ერთ წლამდე, შინაპატიმრობას, ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

7. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ.-ისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო მოთხოვნების კვალდაკვალ, შეაფასებს, როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე – მსჯავრდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში, შეარჩევს სასჯელის ისეთ სახესა და ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს გ. გ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საფრთხეს, ასევე – ოჯახური დანაშაულის სპეციფიკურ კონტექსტს, დანაშაულის მოტივს, მიზანს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ არ აქვს პრეტენზია. მეტიც, მან გამოთქვა მსჯავრდებულის მიმართ მაქსიმალური შეღავათის, მათ შორის, ამნისტიის, გამოყენების სურვილი). სასჯელის შემსუბუქების კუთხით გასათვალისწინებელია დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობაც, დამძიმების კონტექსტში კი – დანაშაულის რეციდივი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლებლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, რაც მოიხადა კალენდარულად და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2022 წლის 16 მაისს. აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლობა მას 2025 წლის 16 მაისს გაუქარწყლდებოდა, თანახმად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა).

9. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ.ს თითოეული დანაშაულისთვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ვადაზე 1 წლით მეტი ვადით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული თითოეული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

10. ამასთან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს და სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით. იმავდროულად, გ. გ.-ის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად უმცირდება სასჯელი (სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა – გ. გ.მ – განაცხადა თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოცემულიყო დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად უმცირდებოდა სასჯელი).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენი;

3. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. გ. გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

4. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით;

5. გ. გ.ს სასჯელის მოხდა აეთვალოს თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2024 წლის 19 აპრილიდან 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით და 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 25 აპრილის ჩათვლით პერიოდი;

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გ. გ.-ის მიმართ 3 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:

· გ. გ.ს (პირადი №- რეგისტრირებული: თ.) აეკრძალოს დაზარალებულ თ. ბ-ის (პირადი N-, მცხოვრები: თ.) საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და ადგილსამყოფელთან მიახლოება, აგრეთვე – მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;

· გ. გ.ს აეკრძალოს თ. ბ-ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

7. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი მოქმედების ვადა აითვლება მსჯავრდებულ გ. გ.-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

8. დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

9. გ. გ.-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

10. ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანის მინის ნამსხვრევები განადგურდეს;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე