ბს-311-295(კ-06) 4 ოქტომბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – ვ. ი-ო; წარმომადგენელი – ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი; წარმომადგენელი – ლ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 4 აგვისტოს ვ. ი-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ პენსიის დანიშვნის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1970 წლის 1 აგვისტოდან 1988 წლის 5 მარტამდე მსახურობდა სამხედრო ძალების რიგებში, რაც დასტურდება ნამსახურობის ნუსხით და თადარიგში დათხოვნის ბრძანებით, მათ შორის: 19... წლის 4 მაისიდან 19... წლის 11 მაისამდე, 19.... წლის 19 მაისიდან 19.... წლის 11 მაისამდე და 19.... წლის 12 ივნისიდან 19... წლის 5 მარტამდე მსახურობდა განსაკუთრებულ პირობებში, რაც კანონით ეთვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი გაანგარიშებით.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს მას ჰქონდა წელთა ნამსახურობის 23 წელზე მეტი, გამომდინარე აქედან, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 1-ლი, მე-11, 16.3 მუხლების შესაბამისად, ჰქონდა პენსიის მიღების უფლება. პენსიის დანიშვნის თაობაზე მან 2005 წლის 5 აპრილს მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, საიდანაც მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა წელთა ნამსახურობის პენსია ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასევე გასული 12 თვის პენსია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ვ. ი-ომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005 წლის 28 ივნისის ¹05/05-1173 წერილის ბათილად ცნობა.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წელთა ნამსახურობის გაანგარიშება არასწორია. მათი განმარტებით, ფონდი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 1976 წლის 4 მაისიდან 1977 წლის 11 მაისამდე, 1977 წლის 19 მაისიდან 1984 წლის 11 მაისამდე მსახურობდა განსაკუთრებულ პირობებში, რაც შეეხება მესამე პერიოდს, მოსარჩელის საბუთებში არ არის აღნიშნული, რომ იგი იმ დროს მსახურობდა განსაკუთრებულ პირობებში, 1984 წლიდან 1986 წლამდე მოსარჩელე ვ. ი-ო არ მსახურობდა და აქვს წყვეტილი სტაჟი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ი-ოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, 2005 წლის 28 ივნისის ¹05/05-1173 წერილი მოსარჩელე ვ. ი-ვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე უარისYთქმის შესახებ. მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოპასუხეს დაევალებოდა ვ. ი-ოს სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნსა, ასევე, გასული 12 თვის წელთა ნამსახურობის პენსია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ფონდმა ვ. ი-ოს წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა» ქვეპუნქტით განსაზღვრულ 20-წლიან სავალდებულო სტაჟს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თითქოს იგი 1970 წლის 1 აგვისტოდან 1988 წლის 5 მარტამდე მსახურობდა სამხედრო ძალების რიგებში და მტკიცებულებად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ვ. ი-ოს ჰქონდა წყვეტილი სტაჟი, რადგან დათხოვნილი იყო ,,საბჭოთა ოფიცრისთვის უღირსი საქციელის» საფუძვლით. აპელანტის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ვ. ი-ო 19... წლის აგვისტოდან 19... წლის 25 ივლისამდე სწავლობდა თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში (4 წელი); 19... წლის 25 ივლისიდან 19.... წლის 4 აპრილამდე მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე (1,9 წელი); 1976 წლის 4 აპრილიდან 19... წლის 11 მაისამდე (5 წელი) მსახურობდა მურმანსკის ოლქში, განსაკუთრებულ პირობებში (7,6 წელი), ხოლო 19... წლის 12 ივნისს გადაყვანილ იქნა ახალქალაქის რაიონში, რაც ეთვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურად. ნამსახურობის ნუსხაში, განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში, მითითებულია მისი ქალაქში ჩასვლის თარიღი. ამავე ნუსხის მე-6 გვერდზე აღნიშნულია, რომ 1984 წლის დეკემბერს გათავისუფლდა ,,საბჭოთა ოფიცრისთვის უღირსი საქციელის გამო.» 1986 წლის სექტემბრამდე არ უმუშავია. საქალაქო სასამართლომ კი ეს ვადა ჩათვალა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურად და მის ნამსახურობას არამართებულად დაუმატა 3 წელი. 1986 წლის სექტემბერში მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურში, ხოლო 18 თვის შემდეგ, 1988 წლის მარტში, გათავისუფლდა სამსახურიდან. ნამსახურობის ნუსხაში არსად არის აღნიშნული, რომ იგი 1,5 წლის განმავლობაში მსახურობდა განსაკუთრებულ პირობებში.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ 18 თვე ჩათვალა 27 თვედ, უკანონოდ დაუმატა 9 თვე. ნამსახურობის პერიოდად მიიჩნია 20 წელი, როდესაც მოსარჩელის სამსახურის პერიოდი რეალურად შეადგენდა 201 თვეს, ანუ, თითქმის 17 წელიწადს.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლო გასცდა კომპეტენციის ფარგლებს და დაიწყო ნამსახურობის წლების გადაანგარიშება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ი-ოს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა» პუნქტით, სამხედრო სამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობაა ის, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, რაც, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი-ომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 1-ლი, მე-11, 16.3 და 48.3 მუხლები, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლი.
მითითებული მუხლებით სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა პენსიის მიღების უფლება, თუ მას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის აქვს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მათ შორის, განსაკუთრებული ვადის გათვალისწინებით და ეს პენსია მიეცემა პენსიის უფლების წარმოქმის დღიდან გასული 12 თვის, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს, უკუქცევით.
აღნიშნული პირობა დადგენილია საქმის მასალებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია მათ ყურადღება და არასწორად მოახდინა ნამსახურობის წელთა გაანგარიშება. ნამსახურობის ნუსხიდან დგინდება, რომ ვ. ი-ო სამხედრო რიგებში მსახურობდა უწყვეტად 1970 წლის 1 აგვისტოდან 1988 წლის მარტამდე, რაც შეადგენს, განსაკუთრებული ვადის გაუთვალისწინებლად, 17 წელს, 7 თვესა და 4 დღეს. აღნიშნული დასტურდება ასევე სახელმწიფო ჯარების მთავარი სარდლის 1988 წლის 5 მარტის ¹0129 საიდუმლო ბრძანებით.
კასატორის მითითებით, იმავე ნამსახურობის ნუსხიდან დგინდება, რომ იგი მსახურობდა განსაკუთრებულ პირობებში 19.... წლის 4 მაისიდან 19.... წლის 11 მაისამდე (1 წელი, 7 დღე), 19.... წლის 9 მაისიდან 19... წლის 11 მაისამდე (3 წელი, 11 თვე, 22 დღე) და 19.... წლის 12 ივნისიდან 19.... წლის 5 მარტამდე (6 წელი, 3 თვე, 23 დღე), ანუ აქედან დგინდება, რომ განსაკუთრებულ პირობებში მსახურობდა 11 წელი, 8 თვე, 22 დღე ( 1 წელი, 7 დღე+ 3 წელი, 11 თვე, 22 დღე+ 6 წელი, 8 თვე, 22 დღე), ეს წლები შეღავათიანი გაანგარიშებით ეთვლება 1,5 კოეფიციენტად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 17 წელი, 7 თვე, 4 დღე წელთა ნამსახურობას (განსაკუთრებული ვადის დანამატის გაუთვალისწინებლად) უნდა დაემატოს განსაკუთრებული ვადის დანამატი 5 წელი, 10 თვე, 11 დღე (განსაკუთრებულ პირობებში მსახურობის 11 წელი, 8 თვე, 22 დღის ნახევარი). ე. ი. კასატორის მოსაზრებით, მისი წელთა ნამსახურობის ჯამი შედგენს 17 წელს, 7 თვეს, 4 დღეს+5 წელი, 10 თვე 11 დღე, ანუ 23 წელი 5 თვე, 15 დღე, საიდანაც უნდა მოხდეს პენსიის გაანგარიშება.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამხედრო სამსახურში წყვეტილი სტაჟი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა გაფორმებულია სათანადო ბრძანებით და შემდგომი აღდგენა ხდება როგორც ,,ახლად მიღებულის», რაც ასევე ფორმდება ბრძანებით. ასეთი ფორმულირება და ჩანაწერი ხორციელდება ნამსახურობის ნუსხაში. იმ შემთხვევაში, თუ ისE სამსახურიდან იყო დათხოვნილი, უნდა არსებობდეს აღდგენის ჩანაწერი, რაც აღინიშნებოდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში, მაგრამ ნამსახურობის ნუსხიდან ჩანს, რომ ჩანაწერს, 1984 წელს მისი თითქოს დათხოვნის შესახებ, არ აქვს არც თარიღი, არც ბრძანების ნომერი და რაც მთავარია, ამ ჩანაწერის შემდეგ არის 405-ე დივიზიის შტაბის უფროსის შენიშვნა, რომ ჩანაწერი შეტანილია შეცდომით და არც დათხოვნის ბრძანება არსებობს, რაც დათხოვნის შემთხევაში უნდა ყოფილიყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წყვეტილი სტაჟი არ არსებობს და მთელი ეს პერიოდი 1981 წლის 12 ივნისიდან 1988 წლის 5 მარტამდე ვ. ი-ო მსახურობდა განსაკუთრებულ პირობებში ქ. ..... მდებარე ...-ე მოტომსროლელ დივიზიაში, რაც დასტურდება ნამსახურობის ნუსხაში არსებული ჩანაწერებით, შესრულებული ერთი ხელით, დადასტურებული სათანადო შტამპით, ხელმოწერითა და ბეჭდით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ი-ოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005 წლის 28 ივნისის ¹05/05-1173 წერილით კასატორ ვ. ი-ოს წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობით პენსია დაენიშნებათ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ი-ოს წელთა ნამსახურობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის შეადგენდა 17 წელს, იგი, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ წელთა გაანგარიშების შეღავათიან პირობებს ვერ მოიპოვებდა.
სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარი შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნაზე და დადგენილად ჩათვალა, რომ ვ. ი-ო 1984 წლიდან 1986 წლამდე არ მსახურობდა სამხედრო სამსახურში, ჰქონდა წყვეტილი სტაჟი და, შესაბამისად მისი სტაჟი შეადგენდა 201 თვეს ( 16 წელს, 3 თვესა და 15 დღეს), რაც, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იქცა სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მოტივად.
კასატორი ვ. ი-ო სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ დაანგარიშებას და თვლის, რომ მითითებული დაანგარიშება არ ემყარება მის პირად საქმეში დაცულ მონაცემებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მითითებული პრეტენზიის სახით კასატორ ვ. ი-ოს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სამობილიზაციო შტაბში დაცული ნამსახურობის ნუსხის დამოწმებული ასლი, რაც საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული მუხლის დაბულებებიდან გამომდინარე, აძლევს საფუძველს შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს პერიოდი 1984 წლის 12 ივნისიდან 1988 წლის 5 მარტამდე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეში, ს.ფ. 3-8-ზე, დაცული ნამსახურობის ნუსხის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი-ო 1984 წლიდან 1986 წლამდე არ მსახურობდა და აქვს წყვეტილი სტაჟი. მითითებული ნუსხის მე-6 გვერდზე გაკეთებული ჩანაწერის შესაბამისად, ვ. ი-ო 1984 წლის დეკემბერში დათხოვნილ იქნა სამსახურიდან ,,საბჭოთა ოფიცრისათვის უღირსი საქციელის ჩადენის გამო.”
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კასატორის მიერ დამატებითი საკასაციო პრეტენზიის სახით წარმოდგენილ ნამსახურობის ნუსხის დამოწმებულ ასლს, რომლიც არ შეიცავს ზემოაღნიშნულ ჩანაწერს. მითითებული ნუსხის შესაბამისად, კასატორმა ვ. ი-ომ 19... წლის 11 მაისს დატოვა მურმანსკის ოლქი და იმავე წლის 12 ივნისს გადაყვანილ იქნა ახალქალაქში, სადაც, ამავე ჩანაწერის მიხედვით იმყოფებოდა 1986 წლის 23 აგვისტომდე.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომელთა შესწავლა-გამოკვლევასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს ნამსახურობის ნუსხის დედნები, რომელთა შედარება-შეჯერების საფუძველზეც სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამო საქმე შემდგომი გამოკვლევისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ი-ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.