საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №321აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი
ყ-ი ნ., №321აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ყ-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. ნ. ყ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 22 ივლისს, მ. გ-მა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ლიცენზიის მიღების მიზნით, სარეგისტრაციოდ წარადგინა პარასამკურნალო საშუალება (მალამო), რაზედაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანებით უარი ეთქვა ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციაზე და შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე. 2022 წლის აპრილში, მ. გ-მა გაიცნო ნ. ყ-ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოატყუა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო) ჰყავდა ნაცნობი – ე. ჩ-ე, რომლის დახმარებითაც შეეძლო, დაეჩქარებინა მ. გ-ის მალამოს დამზადებასთან დაკავშირებული ლიზენციის გაცემა. ზემოაღნიშნულის საფასურად ნ. ყ-მა მ. გ-ს პირველ ეტაპზე მოსთხოვა 9 000 ლარის გადახდა. რეალურად, ნ. ყ-ი ჯანდაცვის სამინისტროში არავის იცნობდა, ასევე, არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ლიცენზიის გაცემის საკითხები მოეგვარებინა. ამასთან, ე. ჩ-ის სახელით და გვარით ჯანდაცვის სამინისტროში არავინ მუშაობდა. მ. გ-ი ენდო ნ. ყ-ს, დასთანხმდა მის შეთავაზებას და 2022 წლის თებერვალში, თ-ში, ლ-ის პარკის მიმდებარედ, ნ. ყ-ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 9 000 ლარის ოდენობით, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. აღნიშნულის შემდგომ, ნ. ყ-მა მ. გ-ს, თითქოსდა საკითხის ბოლომდე მოგვარების მიზნით, დამატებით, ეტაპობრივად მოსთხოვა 4 200 ლარის, 20 000 ლარისა და 3 600 ლარის გადახდა, რის შემდეგაც მ. გ-მა მისი შვილის – ნ. ს-ის საქართველოს ბანკის ანგარიშიდან ნ. ყ-ის საქართველოს ბანკის ანგარიშზე, 2022 წლის 10 მაისს, ჩარიცხა 4 200 ლარი და 2022 წლის 1 ივნისს – 10 000 ლარი. ასევე, 10 000 ლარი გადასცა ხელზე, ხოლო 3 600 ლარი ნ. ყ-ს გადაურიცხა პირად ანგარიშზე. საბოლოო ჯამში, ნ. ყ-ი მ. გ-ს მალამოსთან დაკავშირებით რაიმე სახის ლიცენზიის მიღებაში ან რეგისტრაციის საკითხში არ დახმარებია, ხოლო მიღებულ ფულად თანხას, ჯამში 36 800 ლარის ოდენობით, დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით. ნ. ყ-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, მ. გ-ს ჯამში მიადგა 36 800 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, ნ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა – ირაკლი ჯანგულაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ. ყ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ადვოკატმა – დ. გ-მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ირაკლი ჯანგულაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ნინო ჟვანია – საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ. ყ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული არაპრორციული სასჯელით მიუღწევადია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნები.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის ნ. ყ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ნ. ყ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, ამ უფლების დარღვევის შემთხვევებზე ჰქონდეს სათანადო რეაგირება, რაც, მათ შორის, დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას მოიაზრებს. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ყ-ისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო მოთხოვნების კვალდაკვალ, შეაფასებს, როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე – მსჯავრდებულის პიროვნებას.
4.8. სასამართლო მხედველობაში იღებს ნ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საფრთხეს, ასევე – დანაშაულის მოტივსა და მიზანს. კერძოდ, მსჯავრდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნითა და ანგარების მოტივით, განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. შემამასუბუქებელი გარემოებაა ნ. ყ-ის მიერ დანაშაულის აღიარება, მონანიება და დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სრულად ანაზღაურება. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის №633აპ-20 განჩინება), რაც, ალტერნატიული სასჯელის პირობებში, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას სამართლიანად აქცევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის №1315აპ-24 განაჩენი).
4.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნ. ყ-ისთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია.
4.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე