Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№351აპ-25 თბილისი

ზ-ა გ., 351აპ-25 24 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. გ-სა და მ. ს-ას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ზ-ა - - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 1 მარტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ზ-ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 1 მარტს, დაახლოებით, 06:00 საათზე, თ-ში, გ. ა-ის ქუჩის N--ში მდებარე ბარ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარიდან გამომავალი ხმაურის გამო გაღიზიანებულ ს. ე-ესა და ბარის სტუმრებს შორის წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ. ზ-ამ, განზრახ მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის გამოყენებით ს. ე-ეს სხეულზე მიაყენა მრავლობითი დაზიანება ზურგის, წელისა და მუცლის არეში, ასევე – შემავალი ჭრილობა გულმკერდის უკანა კედელზე, რის შემდეგ გ. ზ-ამ ჩათვალა, რომ განზრახვა ბოლომდე მიიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს. ე-ე, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, გადაურჩა სიკვდილს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატები: მ. გ- და მ. ს-ა ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ზ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გ. ზ-ამ ჩაიდინა არა მკვლელობის მცდელობა, არამედ – აუცილებელი მოგერიება.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ზ-ამ ჩაიდინა ს. ე-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გ. ზ-ას გამართლების თაობაზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ამ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა (მიყენებული დაზიანებების მდებარეობა და რაოდენობა, ვითარება, რომელშიც დაზიანებები იქნა მიყენებული, ქმედების შეწყვეტის მიზეზები და ა.შ.).

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა ანალიზის საფუძველზეც, უტყუარად დადგინდა გ. ზ-ას მიერ ს. ე-ისათვის დანისმაგვარი საგნის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტი. კერძოდ: მოწმე გ. ბ-ის ჩვენების მიხედვით, გ. ზ-ამ, სავარაუდოდ, დანისმაგვარი საგანი, რომელიც ეჭირა, მოუქნია დაზარალებულს და დაარტყა მუცლის არეში, დაახლოებით, სამჯერ ან ოთხჯერ; გ. ზ-ასა და „ბიტიან“ მამაკაცს შორის ჯერ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ მამაკაცმა „ბიტა“ მოუქნია გ. ზ-ას კისრის და წელის არეში, ამის მერე კი ბრალდებულმა მუცელში დაარტყა რაღაც ბასრი საგანი. თავად მოწმე ამ მომენტს პირდაპირ უყურებდა. გ. ზ-ამ ეს ნივთი შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და ეზოდან გავიდა; მას საშველად არ დაუძახია, როცა მამაკაცმა „ბიტა“ მოუქნია. გ. ზ-ამ მოულოდნელად რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი მუცლისა და თავის არეში, დარტყმების შედეგად ის (დაზარალებული) ჩაიკეცა და მუცლის არედან წამოუვიდა სისხლი. გ. ბ-მა გ. ზ-ასათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ყველა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე სასამართლოს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია. მისი ჩვენება კატეგორიულია, თანმიმდევრულია, სარწმუნოა, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ისეთი მოტივის არსებობა, რამაც, შესაძლებელია, სასამართლოს აფიქრებინოს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ მოწმის მიკერძოებულობის შესახებ, საქმეში არ მოიპოვება. ვერც დაცვის მხარემ მიუთითა რაიმე წონად არგუმენტზე, რომლითაც ნათელი გახდებოდა გ. ზ-ას მიმართ გ. ბ-ის დაინტერესება. ასევე, არ გამომჟღავნებულა მოწმის მხრიდან ბრალდებულისადმი ნეგატიური, სუბიექტური დამოკიდებულება, ჩვენების მიცემისას მოწმე საუბრობდა მხოლოდ ფაქტის ირგვლივ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-ის ჩვენება არის სანდო და სრულად შეესაბამება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა სარწმუნო მტკიცებულებებს, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ გ. ზ-ას ბრალეულობაზე. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია პირდაპირი სახის მტკიცებულებებით, ირიბ მტკიცებულებებთან ერთად.

10. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 10 აპრილის - დასკვნის თანახმად, ს. ე-ეს აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი სისხლმდენი ჭრილობები სხეულზე, კერძოდ: გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ – 3 ჭრილობა: 1) ბეჭის ფრთის ქვემოთ, მე-5 ნეკნის საპროექციოდ, კანის და ზურგის უგანიერესი კუნთის ბოჭკოების დაზიანებით; 2) მარცხნივ, იღლიის უკანა ხაზზე, მე-3 ნეკნის საპროექციოდ, კანის და ზურგის უგანიერესი კუნთის ბოჭკოების დაზიანებით და 3) ხერხემლის სვეტის საპროექციოდ ზედაპირული ჭრილობა მხოლოდ კანის დაზიანებით. დინამიკაში დაუდგინდა მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი, მარცხენა ფილტვის კოლაბირებით. ასევე აღენიშნებოდა: 4) ჭრილობა წელის მიდამოში, ხერხემლის სვეტის საპროექციოდ, კანის, ზურგის გამმართველი კუნთის, წელის კუნთების ბოჭკოების დაზიანებით; 5) ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, მუცლის სწორი კუნთის საპროექციოდ, კანისა და კუნთების დაზიანებით; 6) ჭრილობა მარცხენა მხარის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე კანის დაზიანებით. (დაზიანებები/ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 01.03.2023 წ). გულმკერდის მიდამოში, მარცხნივ არსებული 1), 2) ჭრილობებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა პლევრის ღრუში შემავალი, თუმცა კონკრეტულად რომელი მათგანი იყო პლევრის ღრუში შემავალი, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მითითებული არ არის. აღნიშნული (მარცხენა პლევრის ღრუში შემავალი) ჭრილობა მარცხენამხრივი ჰემო-პმევმოთორაქსით და მარცხენა ფილტვის კოლაბირებით – განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით და, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს. დანარჩენი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და, იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

11. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2023 წლის 6 აპრილს, გამომძიებელ ლ. ნ-ას მონაწილეობით, თ-ში, თ-ის ქუჩის N--ში მდებარე -ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ს. ე-ემ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პირი, გ. ზ-ა, კანის ფერით, მოგრძო ცხვირით, შავი ფერის წარბებით, გაუპარსავი, მოშავო ფერის, საშუალო ზომის წვერით, საშუალო ზომის თმით, ასევე იმ იერსახით, რომელიც აქვს დანაშაულის ჩამდენ პირს. მოწმემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 1 მარტს, თ-ში, ა-ის ქუჩის N--ის მიმდებარედ, ბასრი საგნის დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სწორედ ამ პირმა მიაყენა რამდენიმე ჭრილობა.

12. გამომძიებელმა ლ. ნ-ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოითხოვა მტკიცებულებები, გამოჰკითხა მოწმეები, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა და დაათვალიერა ნივთიერი მტკიცებულებები; მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოიღო დაზარალებულისა და ბრალდებული სამედიცინო ისტორიები, ასევე, დაზარალებულისგან ამოიღო ხის ე. წ. „ბიტა“. თითოეულ შემთხვევაში შედგა შესაბამისი ოქმი, რომელთაც მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. გარდა ამისა, ვინაიდან ბრალდებულმა გ. ზ-ამ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე, ს. ე-ესთან ჩაატარა ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა. დაზარალებულმა, თავისუფალი ნების პირობებში, უპრობლემოდ ამოიცნო პირი, რომელმაც იგი დაჭრა. ამოცნობილი მამაკაცი აღმოჩნდა ბრალდებული გ. ზ-ა. აღნიშნული მოქმედება წარიმართა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. დაზარალებულის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ამომცნობს წარედგინა ოთხი ფოტოსურათი. ამოცნობის დაწყებამდე დაზარალებულმა დააფიქსირა ის ნიშან-თვისებები, რომლებითაც შეძლებდა ბრალდებულის ამოცნობას. ი. ე-ემ ბრალდებული ამოიცნო თვალის ფერით, ცხვირის ზომით, თმის მოცულობითა და წვერით, ასევე – სხვა მახასიათებლებით. დაზარალებული გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. ამის გარდა, დაათვალიერა გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები.

13. სასამართლომ გაითვალისწინა იმ გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარებისას დაზარალებულმა არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რაც დაადასტურა შესაბამის დოკუმენტებზე ხელისმოწერით. ამასთან, მას რაიმე სახის შენიშვნა არ დაუკეთებია. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის გამო, სასამართლო არ არის შეზღუდული, მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში გამოიყენოს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შინაარსი. საყურადღებოა ისიც, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და გამომძიებელ ლ. ნ-ას ჩვენება კატეგორიულია და ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს. ე-ის მიერ გ. ზ-ას ფოტოსურათით ამოცნობის ფაქტს. მითითებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობს დაცვითაა მოპოვებული და თანხვდენილია გ. ზ-ასათვის წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან.

14. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება დაცვის მხარის ვერსია დაზარალებულისათვის ჭრილობების, სულ ცოტა, ორი საგნით მიყენების თაობაზე. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან გამოძიების მიერ დღემდე დაუდგენელი პირის შესაძლო კავშირზე, რომელმაც, კონფლიქტში მონაწილე პირებთან ერთად, სკვერში, სავარაუდოდ, მოიშორა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას დაცვის მხარის აღნიშნული ვერსიის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან იგი მოგონილია გ. ზ-ასათვის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, სასამართლო კი მტკიცებულებების გარეშე მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ვერ შეაფასებს.

15. მსჯავრდებულის განზრახვასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი გახდა გარე ფაქტორი. გ. ზ-ამ მას შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, რაც ბასრი საგნის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს და შეგნებული ჰქონდა განზრახვის სისრულეში მოყვანის მაღალი ალბათობა. მოცემულ შემთხვევაში, სიკვდილი თავიდან იქნა აცილებული მსჯავრდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, თუმცა ბასრი საგნით მიყენებულ დაზიანებებს მიზეზობრივად უკავშირდება გ. ზ-ას ქმედება, რომელსაც წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი და აგრესია. განვითარებული მოვლენების გამო, გ. ზ-ას მიზანმიმართული ქმედებები მეტყველებს განზრახვაზე და არა – თავდაცვაზე.

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი“.

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ზ-ას ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულის საყვედურით განაწყენებულმა გ. ზ-ამ იმოქმედა განზრახ და მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო ხსენებული დანაშაულის ჩასადენად. მსჯავრდებულის ქმედების ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებების ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში ადასტურებს იმას, რომ, მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს იგი უცილობლად ითვალისწინებდა, რაც, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, არ დამდგარა და დანაშაული შეწყდა ადრეულ ეტაპზე – მცდელობის სტადიაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს არათუ თანხვედრილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ 2023 წლის 1 მარტს დაზარალებული ს. ე-ე თავს დაესხა ბრალდებულს და დაუწყო ე. წ. „ბიტით“ ცემა, ხოლო გ. ზ-ას ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით. მოწმე გ. ბ-ის გათვალისწინებით, არ დასტურდება, რომ კონფლიქტის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

18. რაც შეეხება მსჯავრდებულის ტანსაცმელზე სისხლის კვალის არარსებობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შემდეგ. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, ცალკე აღებული ერთი მტკიცებულება ვერ გახდება პირის გამართლების საფუძველი. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან დაზარალებულის ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა მსჯავრდებულის ტანსაცმელზე და, პირიქით – მსჯავრდებულისა – დაზარალებულის ტანსაცმელზე, ამით დასტურდება გ. ზ-ას უდანაშაულობა, –დაუსაბუთებელია, რადგან, შესაძლებელია, ობიექტზე არ აღმოჩნდეს ბიოლოგიური მასალა, მიუხედავად მასზე ხელით შეხებისა. ბიოლოგიური მასალის შენარჩუნება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად: თავად საგნის თუ ობიექტის თვისობრიობაზე, კლიმატურ პირობებზე; ასევე, შესაძლებელია, სხვა ბიოლოგიური მასალა იყოს ბევრად მეტი, გადაფაროს კონკრეტული ადამიანის ბიოლოგიური მასალა და არ გამოვლინდეს გენეტიკურ პროფილში (მაგალითისათვის, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №96აპ-17, №262აპ-17, №464აპ-22). ამდენად, მითითებული გარემოება უპირობოდ არ წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. როგორც ზემოთაც აღინიშნა, სასამართლო გ. ზ-ას ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ – ერთობლივად, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს.

19. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გააანალიზებისა და შეფასების შემდეგ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ზ-ას მსჯავრდება დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და მისი ქმედება სამართლებრივად სწორადაა დაკვალიფიცირებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

20. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

23. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ზ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. გ-სა და მ. ს-ას – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე