საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №366აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი
ჩ. ა., №366აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატის – თ. ჯ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ჩ-ეს ბრალად ედებოდა ცრუ ჩვენების ორგანიზება, ესე იგი, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ორგანიზება, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.2. ა. ჩ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის სექტემბერში, ა. ჩ-ემ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მოახდინა მოწმეების – გ. ლ-ისა და ლ. პ-ის – მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ორგანიზება, კერძოდ, გ. ლ-ეს და ლ. პ-ს, რომლებიც მოწმედ უნდა დაკითხულიყვნენ გორის რაიონულ სასამართლოში (გ. დ-ის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) ა. ჩ-ე შეხვდა გ-ში, ს-ის დასახლებაში, სადაც უთხრა, შეეცვალათ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოსთვის მიეცათ ცრუ ჩვენებები, რომლებითაც ისინი დაადასტურებდნენ, რომ გ. დ-ს ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენისას დანა არ ჰქონია და, შესაბამისად, არავისთვის დაურტყამს. აღნიშნულის გამო, ა. ჩ-ემ წინასწარ მომზადებული ცრუ ჩვენებები 2021 წლის 27 სექტემბერს ინტერნეტ აპლიკაცია „მ-ის“ საშუალებით გადაუგზავნა გ. ლ-ესა და ლ. პ-ს ე.წ. „სქრინების“ სახით, რაც შემდგომ მათ განაცხადეს სასამართლოში, გ. დ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განაჩენით, ა. ჩ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ა. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის (2021 წლის 6 ოქტომბრიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით.
2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ჩ-ემ ჩაიდინა მოწმისადმი მიმართვა და დაყოლიება მიცემული ჩვენების შეცვლისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით: გ. ლ-ე და ლ. პ-ი მოწმის სახით უნდა დაკითხულიყვნენ გორის რაიონულ სასამართლოში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით) ბრალდებულ გ. დ-ის სისხლის სამართლის საქმეზე. 2021 წლის სექტემბერში, გ-ში, ს-ის დასახლებაში ა. ჩ-ე შეხვდა გ. ლ-ესა და ლ. პ-ს, უთხრა მათ, რომ შეეცვალათ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოში მიეცათ ცრუ ჩვენებები, რომლებითაც დაადასტურებდნენ, რომ გ. დ-ს დანა არ ჰქონია და, შესაბამისად, არავისთვის დაურტყამს. ა. ჩ-ემ წინასწარ გამზადებული ცრუ ჩვენებები ინტერნეტაპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით, ე.წ. „სქრინების“ სახით გაუგზავნა გ. ლ-ესა და ლ. პ-ს, რომლებმაც გააჟღერეს კიდეც სასამართლო სხდომაზე.
2.3. გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ია მეფარიშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, ხოლო ადვოკატმა – თ. ჯ-ემ – ა. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ა. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ა. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 6 ოქტომბრიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ია მეფარიშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – დანიშვნას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის ქმედება სცილება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. შესაბამისად, ამ მუხლით კვალიფიკაციის პირობებში, შეუფასებელი რჩება ა. ჩ-ის სხვა ქმედებები (ა. ჩ-ე ვიდრე გ. ლ-ეს და ლ. პ-ს შეხვდებოდა და სთხოვდა ჩვენების შეცვლას, მას კავშირი ჰქონდა გ. დ-ის ადვოკატებთან, რომლებთანაც გაიარა კონსულტაცია, მოიპოვა გ. დ-ის საქმეზე ლ-ის და პ-ის გამოკითხვის ოქმები, გამზადებული ჩვენებები, რომლებშიც საუბარია ცრუ ფაქტებზე, შემდეგ შეხვდა მოწმეებს, რომლებსაც სთხოვა ცრუ ჩვენების მიცემა, მათ გაასაუბრა ადვოკატი, ორგანიზება გაუკეთა მათ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ასევე დაუკავშირდა დაზარალებულ ა. ღ-ს).
3.2.2. ადვოკატი – თ. ჯ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ჩ-ის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს ა. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას; მოწმეების – გ. ლ-ისა და ლ. პ-ის – ჩვენებები, რასაც დაეფუძნა ა. ჩ-ის გამამტყუნებელი განაჩენი, ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელია; ა. ჩ-ე მოქმედებდა ბრალდებულ გ. დ-ის მონათხრობით, რომლისაც სჯეროდა, შესაბამისად, მას დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან სიმართლის ორგანიზება ან სიმართლის თქმისკენ მოწოდება არ ისჯება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2021 წლის 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გ. დ-ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებისას გამოიკითხნენ გ. დ-ის მეგობრები – გ. ლ-ე და ლ. პ-ი, რომლებმაც განმარტეს, რომ დაინახეს გ. დ-ის მიერ დანის ამოღების და ლ. მ-სა და ა. ღ-სათვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტი. ლ. პ-ი და გ. ლ-ე იმავე ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხნენ გორის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოში დაკითხვამდე მათ დაუკავშირდა გ. დ-ის ბიძა – ა. ჩ-ე, რომელმაც მათ გ. დ-ის დახმარების მიზნით, სთხოვა სასამართლოში მიეცათ ჩვენება, რომლის ტექსტსაც თვითონ გაუგზავნიდა. იმავდროულად, ა. ჩ-ემ საწყის ეტაპზე თავად, შემდეგ კი, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათთვის უცნობ პირთან (მოწმეების თქმით, ადვოკატთან) სატელეფონო საუბრის მეშვეობით დაარწმუნა ისინი, რომ ჩვენების შეცვლის გამო, პრობლემა არ შეექმნებოდათ. გ. ლ-ე და ლ. პ-ი მეგობრის დახმარების მოტივით, დასთანხმდნენ ა. ჩ-ეს, რომელმაც აპლიკაცია „მ-ის“ საშუალებით გაუგზავნა ის ტექსტი, რომელიც მათ უნდა ეთქვათ ჩვენების მიცემისას.
4.3. ზემოაღნიშნულ მოწმეთა თანხვდენილი ჩვენებები შეესაბამება გ. ლ-ის მობილური ტელეფონიდან, კერძოდ, აპლიკაცია „მ-დან“ ამოღებულ ინფორმაციას, საიდანაც დგინდება, რომ გ. ლ-ეს სწორედ ა. ჩ-ე უგზავნის ტექსტურ ფაილებს, რითაც მიუთითებს, თუ რა შინაარსის ჩვენება უნდა მისცეს გ. ლ-ემ სასამართლოს. აღნიშნული ტექსტის თანახმად, მას დანამდვილებით უნდა ეთქვა, რომ ა. ღ. გ. დ-ს არ დაუჭრია. იმავდროულად, ადვოკატის დასმულ ყველა კითხვაზე უნდა ეპასუხა – „დიახ!“
4.4. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ე მაქსიმალურად ცდილობდა დაეყოლიებინა ცრუ ჩვენების მიცემაზე დანაშაულის უშუალო თვითმხილველი მოწმეები, რაც შეძლო კიდეც (სასამართლოში დაკითხვისას მათ თქვეს ის, რაც ა. ჩ-ემ უთხრა მათ). ა. ჩ-ეს არ მოუწოდებია მოწმეებისთვის, რომ ეთქვათ სიმართლე, არამედ, იგი მათ კონკრეტულ უთითებდა, რა უნდა ეთქვათ ჩვენების მიცემისას. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია, რომ ა. ჩ-ეს ამოძრავებდა სიმართლის დადგენის მოტივი.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება მოწმეზე ზემოქმედება, რაც გამოიხატება მოწმისადმი მიმართვასა ან მის დაყოლიებაში ცრუ ჩვენების მიცემისათვის. დანაშაული გამოიხატება აქტიური მოქმედებით, მაგალითად, მიმართვით, თხოვნით ანდა რჩევით, რათა მართლმსაჯულების ხელშეშლით დაინტერესებულმა პირმა მოწმე დაითანხმოს ცრუ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი მოიაზრებს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც გამოიხატება, მათ შორის, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ორგანიზებით. პროკურორის მტკიცებით, ა. ჩ-ის ქმედება სცილება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და ექცევა საქართველოს სსკ-ის 25,370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებში.
4.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულის ქმედება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ა. ჩ-ე იყო არა დანაშაულის თანამონაწილე (პირი, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას), არამედ – ამსრულებელი, რომლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით, 25-ე მუხლზე მიუთითებლად.
4.7. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილება უნდა ასახავდეს, მათ შორის, ბრალდების ფორმულირებას – ინკრიმინირებული ქმედების აღწერას, მისი ჩადენის ადგილს, დროს, ხერხს, საშუალებას, იარაღს, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეულ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში, ა. ჩ-ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის კანონიერი საფუძველი.
4.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ადვოკატის – თ. ჯ-ის – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე