საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №367აპ-25 თბილისი
ჩ. ვ., 367აპ-25 19 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ვ. ჩ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 20 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ვ. ჩ-ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნა და აღება, ე. ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის აპრილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სგპ „გ-ის“ მებაჟე ოფიცერმა ვ. ჩ-ემ თავის ნაცნობ ს. პ-ს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე შპს --“-ის სახელით შემოჰქონდა კაფელ-მეტლახი და კერამოგრანიტი, შესთავაზა, გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამსახურეობრივ ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციის მიწოდება მისი კონკურენტი კომპანიების შესახებ, კერძოდ, მიაწვდიდა ხსენებული კომპანიების მიერ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციებს, ინვოისებს, სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი პროდუქციის ღირებულების შესახებ ინფორმაციას, ასევე – სხვა, ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ს. პ-ს დაეხმარებოდა, კონკურენცია გაეწია ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისთვის და მიეღო მეტი ფულადი სარგებელი.
· ვ. ჩ-ე ს. პ-ს ასევე დაჰპირდა, რომ ზემოაღნიშნულ იმპორტიორ კომპანიებს პრობლემებს შეუქმნიდა საბაჟო პროცედურების გავლისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ს. პ-ის კონკურენტი კომპანიები მის უშუალო სამუშაო ადგილზე, „გ-ის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეიტანდნენ ტვირთს, შეაჩერებდა მათ და გააჭიანურებდა საბაჟო პროცედურებს, ხოლო სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსვლის შემთხვევაში – გამოიყენებდა თანამდებობრივ ავტორიტეტს და კოლეგა მებაჟე ოფიცრებს მიაწვდიდა ისეთი სახის ინფორმაციას, რაც ასევე განაპირობებდა საბაჟო პროცედურების გართულებას და დროში გაჭიანურებას.
· 2022 წლის 19 აპრილს, დღის საათებში, ს. პ-ას ქუჩის მიმდებარედ არსებულ რესტორან „თ-ში“ ს. პ-ი შეხვდა ვ. ჩ-ეს, რომელმაც ს. პ-ს გადასცა სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული ბაზების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია კონკურენტი კომპანიების შესახებ და, უკვე მიწოდებული ინფორმაციისა და შემდგომში განსახორციელებელი მოქმედებების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარი.
· 2022 წლის 20 აპრილს კი, დღის საათებში, ს. პ-ას ქუჩის N-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ჩ-ემ ს. პ-ისაგან ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი 8 000 აშშ დოლარი.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ნ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ვ. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. მოწმეების – ს. პ-ის, მ. ჭ-ის, გ. ნ-სა და სხვათა ჩვენებებით, შეხვედრებისა და საუბრების ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ფულადი თანხის კონვერტაციისა და ფიქსაციის, ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ვ. ჩ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის გამოკვლევით, ბრძანებებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით, სამსახურებრივი ბაზა „A--ს“ დათვალიერების ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ჩ-ეს ქრთამი არც მოუთხოვია და არც აუღია და მისთვის გადაცემული 8000 აშშ დოლარი იყო მიწის ნაკვეთის საფასურის წინასწარ გადახდილი ნაწილი. ზემოჩამოთვლილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. ჩ-ემ, შეთანხმებისამებრ, ს. პ-ს გადასცა სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული ბაზების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია კონკურენტი კომპანიების შესახებ, რომლის და ასევე შემდგომში განსახორციელებელი მოქმედებების სანაცვლოდ, მას ქრთამის სახით მოსთხოვა 8000 აშშ დოლარი, რაც ს. პ-მა გადასცა 2022 წლის 20 აპრილს.
9. გარდა ამისა, მოწმე ს. პ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ყიდვასთან დაკავშირებით ვ. ჩ-ესთან შეხვედრისას მას უთხრა, რომ ირანიდან შემოჰქონდა კაფელ-მეტლახი; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს იაფად მიჰყიდდა, შემდგომში თავადაც დაეხმარებოდა კაფელის და მეტლახის იაფად შეძენაში. ვ. ჩ-ემ უპასუხა, რომ მუშაობდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ფინანსურად უჭირდა და, თუ რაიმე დასჭირდებოდა, დაეხმარებოდა. მეორე შეხვედრისას ს. პ-მა ვ. ჩ-ეს უთხრა, რომ მისი ბიზნესი ჩავარდნილი იყო, ვარაუდობდა, რომ კონკურენტ კომპანიებს მოპარული საქონელი შემოჰქონდათ და საქართველოში იაფად ყიდდნენ, ასევე არ იცოდა, პროდუქციის განბაჟების თანხას რამდენს იხდიდნენ. ვ. ჩ-ემ შესთავაზა, რომ კონკურენტი კომპანიების კოდები მიეცა და ყველაფერს გაურკვევდა, ინვოისებს მიაწვდიდა, ასევე, ვინც საზღვარზე კაფელ-მეტლახს შეიტანდა, „ჩაძირავდა“ და „გააწითლებდა“, თუმცა მარტო არ იყო და ამ ყველაფერს ხარჯი დასჭირდებოდა, უფასოდ არავინ არაფერს გააკეთებდა. რესტორანში შეხვედრისას ვ. საქმის გაკეთებისთვის მოსთხოვა 10000 აშშ დოლარი, ბოლოს კი 8000 დოლარზე შეთანხმდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ, მის მიერ მიცემული კოდების მიხედვით, ვ. მიუტანა ინვოისები და დეკლარაციები, რომლებშიც ასახული იყო, რომელ თარიღში რომელ კომპანიას რა ფასად შემოჰქონდა პროდუქცია. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მეორე დღეს ს. პ-მა ვ-ის გადასცა 8000 აშშ დოლარი, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მისცეს.
10. უტყუარადაა დადგენილი, რომ ვ. ჩ-ემ სწორედ სპეციალური ნებართვის საფუძველზე, სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული ბაზების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია გადასცა ს. პ-ს. ამ კუთხით საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „გ-ის“ უფროსის, რ. თ-ის, ასევე – მოწმე ზ. უ-ის ჩვენებები, რომელთა თანახმად, მებაჟე ოფიცერი სარგებლობს „A--ს“ და „-ს“ პროგრამებით; როდესაც პირი მიიღებს მებაჟე ოფიცრის სტატუსს, ერთვება აღნიშნული პროგრამები; საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი ითხოვს, რომ მებაჟე ოფიცერს მუშაობისთვის დაშვება ჰქონდეს ამ პროგრამებზე. შესაბამისად, ვ. ჩ-ესაც ჰქონდა ამ პროგრამებზე დაშვება და ორივე პროგრამაში მუშაობდა თავისი „იუზერით“. პროგრამა ერთია, მაგრამ ყველას თავისი, ცალ-ცალკე „იუზერი“ და პაროლი აქვს და სხვა ვერავინ შევა. მებაჟე ოფიცრის გარდა, გარეშე პირთათვის აღნიშნული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი; ამ პროგრამებს, გარდა სამსახურებრივი საქმიანობისა, სხვა დანიშნულება არ აქვს. მებაჟე ოფიცერი „A--ს“ და „O--ს“ პროგრამებს პირადი საჭიროებისთვის ვერ გამოიყენებს, რადგან არ არის ნებადართული; მათში არსებული ინფორმაციის სხვისთვის მიწოდება არ შეიძლება. მოწმე ზ. უ-ის განმარტებით, ვ. ჩ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ფოტოსურათებზე გამოსახული იყო დეკლარაცია, სავარაუდოდ, პროგრამა „A--დან“; დეკლარაციები მსგავსი ფორმით მისდით პროგრამა „A-ში“. ვ. ჩ-ეს, როგორც საბაჟო ოფიცერს, სამსახურებრივ ბაზა „A-სთან“ დაშვება აქვს 2013 წლის 17 ოქტომბრიდან, მისი ე. წ. „იუზერი“ არის v. ch., რომლითაც დათვალიერებული აქვს ზემოაღნიშნული კომპანიების დეკლარაციები. აღნიშნული დგინდება 2022 წლის 6 ივნისის დათვალიერების ოქმითაც.
11. მოწმე ს. პ-ის ჩვენება დასტურდება მოწმე მ. ჭ-ის ჩვენებით, ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, დათვალიერების ოქმებით და საქმის სხვა მასალებით. ვ. ჩ-ის პირადი ჩრეკისას ამოღებული ოთხმოცი ასდოლარიანი კუპიურის ნომრები დაემთხვა 2022 წლის 20 აპრილის ფულადი თანხის კონვერტაციისა და ფიქსაციის, ასევე – ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ ოქმებში მითითებულ ფულადი თანხის კუპიურების სერიულ ნომრებს. ყოველივე აღნიშნულით ცალსახად გამოირიცხა დაცვის მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ, თითქოს, 2022 წლის 20 აპრილს ს. პ-მა ვ. ჩ-ეს ქრთამი კი არა, მიწის ნაკვეთის ღირებულების ნაწილი გადასცა.
12. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ს. პ-ი და მ. ჭ. არიან აგენტ-პროვოკატორები და მათ ვ. ჩ-ეს მოუწყვეს დანაშაულის პროვოკაცია. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ, შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია, ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.
13. სასამართლო მიუთითებს, რომ ს. პ-მა სიტუაციაში გარკვევის მიზნით მეგობარ პოლიციის თანამშრომელს მხოლოდ მას შემდგომ მიმართა, რაც, თანხის გადახდის სანაცვლოდ, ვ. ჩ-ე ინფორმაციის მოძიებას და გადაცემას დაჰპირდა. ამასთან, ს. პ-მა ნებაყოფლობით გამოთქვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი. უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ და არამაპროვოცირებელ მოქმედებად. ამასთანავე, სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის მხოლოდ პასიური გამოძიებით და მის ფარგლებში – მტკიცებულებების მოძიებით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიციირება, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის არგუმენტს დანაშაულის პროვოკაციის შესახებ. ასევე სრულიად უსაფუძვლოა მარიამ ჭელიძისათვის აგენტ-პროვოკატორის სტატუსის მინიჭება, რამდენადაც მან, როგორც მოწმემ, დაადასტურა მხოლოდ მისი თანდასწრებით ვ. ჩ-ის დაპირება თანხის გადახდის სანაცვლოდ ს. პ-ისათვის ინფორმაციის მოძიებისა და გადაცემის, აგრეთვე – კონკურენტი კომპანიების „გაწითლება-ჩაძირვის“ თაობაზე. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას.
14. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ.: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).
15. რაც შეეხება უწყვეტობისა და ავთენტურობის საკითხის დასადგენად ვიდეო-აუდიოჩანაწერებისათვის სათანადო ექსპერტიზის ჩატარებას, საკასაციო პალატაც, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება. მხარეები თავად წყვეტენ, რა მტკიცებულებებსა და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. დაცვის მხარეს სრული უფლება ჰქონდა, ესარგებლა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ხსენებული მტკიცებულების ავთენტურობის და ნამდვილობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში, თვითონ ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა, რაც მას არ გაუკეთებია.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ვ. ჩ-ე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც კასატორს მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი საქმეებზე: №128აპ-16, №157აპ-21).
17. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი ნამდვილად მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), 37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ, ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
18. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
20. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე