საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №368აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი
ხ-ი გ., №368აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ხ.ს ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. გ. ხ.ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ-ი, ვ-ში, გ-ის ქუჩის №----ში მდებარე, ლ. ს-ის ე.წ. იტალიური ეზოს ტიპის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული დივნიდან, გ. ხ.ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ლ. ს-ის კუთვნილ საფულეში მოთავსებულ თანხას – 1480 აშშ დოლარის (3981 ლარის ეკვივალენტი) და 230 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების შედეგად, ლ. ს-ს მიადგა 4211 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
2.1.1. გ. ხ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი ძირითადი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით – და, საბოლოოდ, გ. ხ.ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თეონა არველაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ხ.ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – თეონა არველაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ხ.ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. პროკურორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი მსუბუქი და არათანაზომიერია, რადგან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მომეტებული საშიშრობის გათვალისწინებით, არსებობს დანაშაულის განმეორების რისკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კერძოდ, პროკურორი თეონა არველაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ხ.ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ხ.ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა.
3. ჩადენილი დანაშაულისათვის გ. ხ.ის მიმართ გამოყენებული სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებლად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას, სამიდან ხუთ წლამდე.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, ამ უფლების დარღვევის შემთხვევებზე ჰქონდეს სათანადო რეაგირება, რაც დამნაშავისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას მოიაზრებს. მოცემულ შემთხვევაში, გ. ხ.ისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო მოთხოვნების კვალდაკვალ, შეაფასებს, როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე – მსჯავრდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში, შეარჩევს სასჯელის ისეთ სახესა და ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
7. სასამართლო მხედველობაში იღებს გ. ხ.ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საფრთხეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს. აგრეთვე – იმ ფაქტს, რომ გ. ხ.მა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება კი მიიჩნია პრეიუდიციად, რითაც დაზოგა სასამართლოს რესურსი და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
8. სასჯელის დანიშვნისას უპირობოდ გასათვალისწინებელია გ. ხ.ის ნასამართლობა განზრახი დანაშაულისთვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, გ. ხ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელად დანიშნული ჯარიმა დღემდე აღუსრულებელია), რაც საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს. აღნიშნული ფაქტი მის პიროვნებას უარყოფითად ახასიათებს და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დათქმით, სასამართლოს ავალდებულებს, რომ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ სასჯელზე, სულ მცირე, 1 წლით მეტი ვადით. აღნიშნული გარემოება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ.
9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ხ.ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, რაც, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, 4 წელია, ნაცვლად 3 წლისა.
10. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
11. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს გ. ხ.ისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის ყველა კანონიერი წინაპირობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლა მის უსამართლობას არ გულისხმობს, რადგან პირობითი მსჯავრის დროს, მსჯავრდებულს უწესდება გამოსაცდელი ვადა, რომლის განმავლობაშიც, მან უნდა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა გ. ხ.ისთვის იქნება დამაფიქრებელი, დანაშაულის გაცნობიერებისთვის ხელშემწყობი და შემაკავებელი სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება.
12. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ მოცემულობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, გ. ხ.ისთვის დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით – აღუსრულებელია. შესაბამისად, სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გამოიყენებს თავის დისკრეციას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმასთან მიმართებით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსჯავრდებულ გ. ხ.ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი:
3. გ. ხ.ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, გ. ხ.ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ხ.ს დაეკისროს მოვალეობა – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. გ. ხ.ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო –გაუქმდეს;
8. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული საფულე, მასში არსებული ნივთებით დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
· გ. ხ.ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;
· დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე