Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №370აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

მ-ე ე., №370აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ-ის ადვოკატის – მ. ბ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. მ-ეს ბრალად ედებოდა:

1.1.1. ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით, 02:32 საათზე, ე. მ-ე „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ბ-ში, მ. ლ-ის ქუჩის N--ში მდებარე შპს “უ. ა-ას“ კუთვნილ სუპერმარკეტ „უ-ს“ და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოლარე-ოპერატორ ლ. შ-ეს და “ვ. ს-ის“ დაცვის თანამშრომელ მ. ც-ეს გასტაცა ფულადი თანხა – 2000 ლარი.

1.1.2. პოლიციელზე თავდასხმა, პოლიცილების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით, 02:32 საათზე, ე. მ-ე „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ბ-ში, მ. ლ-ის ქუჩის N--ში მდებარე შპს “უ. ა-ას“ კუთვნილ სუპერმარკეტ „უ-ს“ და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოლარე-ოპერატორ ლ. შ-ეს და “ვ. ს-ის“ დაცვის თანამშრომელ მ. ც-ეს გასტაცა ფულადი თანხა – 2000 ლარი, გაქცევის მცდელობის დროს, შეტყობინების საფუძველზე მისულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე- განყოფილების უფროსმა დეტექტივმა – პ. მ-ემ – და ამავე განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა – კ. დ-ემ –ე. მ-ეს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს შეჩერებულიყო, თუმცა ე. მ-ემ პ. მ-ეს, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ჩაარტყა მარცხენა მხრის არეში, ხოლო გაქცევის დროს რამდენჯერმე გაისროლა მათი მიმართულებით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით, ე. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ე. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 13 სექტემბრიდან.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. მ-ის ადვოკატმა – მ. ბ-ემ – მოითხოვა ე. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. მ-ის ადვოკატი – მ. ბ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენის ნაწილობრივ შეცვლას. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ე. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას (ე. მ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას არ უარყოფს), შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: მსჯავრდებულს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვა არ ჰქონია; საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელებს – პ. მ-ეს და კ. დ-ეს – სამსახურეობრივი ფორმა, რაც მათ სტატუსზე მიანიშნებდა, არ სცმიათ; ე. მ-ე დაემორჩილა პოლიციელ ა. ბ-ის მოწოდებას – შეჩერებულიყო და დაეგდო იარაღი – რადგან მას ეცვა ფორმა და აღიქვა პოლიციელად. აღნიშნული ფაქტი მის ქმედებაში სადავო დანაშაულის ჩადენის განზრახვას გამორიცხავს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ე. მ-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მოითხოვა მისი უდანაშაულოდ ცნობა. შესაბამისად, რამდენადაც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით დაცვის მხარე არ დავობს, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ სადავო ეპიზოდზე.

4.3. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ პირს შეერაცხოს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, მან უნდა იცოდეს თავდასხმის სუბიექტის სამსახურებრივი სტატუსი და უნდა სურდეს მისი დაზიანება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

4.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, შეცნობილი ჰქონდა თუ არა ე. მ-ეს თავდასხმის მომენტში პოლიციელების სტატუსი. დაცვის მხარის განმარტებით, ეს გარემოება მსჯავრდებულისთვის უცნობი იყო, რის გამოც მის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა გამოირიცხება.

4.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – პ. მ-ემ – ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, მას შემდეგ, რაც დაინახა მაღაზიის თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით ე. მ-ის მუქარა, ინსტინქტურად ამოიღო ტელეფონი და მიმართა დამნაშავეს სიტყვებით: „პოლიცია ვარ, გაჩერდი!“ შემდეგ მიუახლოვდა მას და ხელი მოჰკიდა, რა დროსაც ე. მ-ემ პისტოლეტის ტარი ჩაარტყა მარჯვენა მხარში და გაიქცა. პ. მ-ე მას დაედევნა, მსჯავრდებული კი, რამდენჯერმე შეტრიალდა და გაისროლა მისი მიმართულებით. მოწმის ჩვენებით, მან პისტოლეტი მიიჩნია ნამდვილად, რადგან გამოსცემდა ჩვეულ ხმას და ვიზუალურადაც ჰგავდა ჩვეულებრივ იარაღს. საგულისხმოა, რომ პ. მ-ის ჩვენება სრულად შეესაბამება მოწმე კ. დ-ის ჩვენებას, რომელმაც მის მსგავსად, განმარტა, რომ მაღაზიის თანამშრომლების მიმართ დამუქრების მომენტში, პ. მ-ემ ე. მ-ეს უთხრა, რომ იყო პოლიციელი, რაზეც ე. მ-ემ უპასუხა, რომ იყო შეირაღებული და არ მიახლოვებოდა. ე. მ-ე ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას, რის საშუალებასაც არ აძლევდა პ. მ-ე. ამის გამო მსჯავრდებულმა პ. მ-ეს იარაღის ტარი ჩაარტყა მარცხენა მხრის არეში და გაიქცა. მოწმის თქმით, ისინი უყვიროდნენ, რომ იყვნენ პოლიციელები და მოითხოვდნენ შეჩერებულიყო, მიუხედავად ამისა, ე. მ-ე მობრუნდა და რამდენჯერმე გაისროლა მათი მიმართულებით. პ. მ-ის და კ. დ-ის განმარტებით, მათ ეცვათ შავი ფორმა, თეთრი წარწერებით (წინიდან, მარჯვენა მხარეს წარწერით – „შსს“ და ზურგზე, მთელ სიგრძეზე წარწერით – „პოლიცია“).

4.6. სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწმეები – ა. ბ-ე და მ. ს-ე, რომლებმაც განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებმა, ლ-ის ქუჩაზე დაინახეს, რომ ა. ბ-ის მიმართულებით მირბოდა მამაკაცი (ე. მ-ე), რომელსაც უკან მისდევდა ორი პირი. ეს უკანასკნელები ყვიროდნენ: „გაჩერდი პოლიციაა!“, რა დროსაც ე. მ-ე მოტრიალდა და მათი მიმართულებით გაისროლა რამდენჯერმე. აღნიშნული ფაქტი ხდებოდა მათგან დაახლოებით, 20-30 მეტრის მანძილზე, შესაბამისად, კარგად დაინახეს და აღიქვეს მომხდარი. ამის შემდეგ, ა. ბ-ე გადახტა მანქანიდან, გადავიდა ქუჩის მე-2 მხარეს, დაუმიზნა პირს იარაღი და მიმართა სიტყვებით: „პოლიციაა! შეჩერდით! წინააღმდეგ შემთხვევაში გესვრით!“ ამ სიტყვების თქმის შემდეგ, ე. მ-ემ გადააგდო იარაღისმაგვარი საგანი, შემდეგ კი დააკავეს ის. ნიშანდობლივია, რომ მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელთა შინაარსიც ვრცლად არის ასახული ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.

4.7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ ე. მ-ეს შეცნობილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე მყოფი – პ. მ-ის და კ. დ-ის – სამსახურებრივი სტატუსი. მსჯავრდებულს პოლიციელთა ტანსაცმელზე არსებული წარწერები: „შსს“ და „პოლიცია“, რომც არ დაენახა, მათთან სიახლოვის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა გაეგო შეძახილი: „პოლიცია ვარ, გაჩერდი!“, რაც მკაფიოდ აღქმადი იყო შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირებისთვის.

4.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს კასატორის პოზიციას, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ ე. მ-ის ქმედება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ე. მ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

4.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. მ-ის ადვოკატის – მ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე