¹ბს-312-247-კ-05 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საპენსიო დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 21 ივლისს პ. ქ-მა სარჩელით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალის მიმართ და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მოხუცებულობის გამო, მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა 42 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, იგი არის 80წ., დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, იღებს პენსიას 45 ლარს, რის გამოც აკმაყოფილებს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს და უკვე დანიშნულ პენსიასთან, 45 ლართან ერთად უნდა დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია მოხუცებულობის გამო, 42 ლარის ოდენობით, ანუ ყოველთვიურად დაენიშნოს პენსია 87 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პ. ქ-ს უარი ეთქვა სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალის მიერ იმ მოტივით, რომ ორი სახეობის პენსიის დანიშვნა ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც პენსია დანიშნული აქვთ ძალოვან უწყებებში, ზევადიან სამსახურში, ან ნებაყოფლობით სამხედრო ხელშეკრულებით, კონტრაქტით მომუშავეებს, საჭირო წელთა ნამსახურობის შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება არაოფიცერ ომის ინვალიდებს, მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹15/32 გადაწყვეტილებით მათ უარი ეთქვათ ორი სახის პენსიის დანიშვნაზე.
ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით პ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოცფონდის ქარელის ფილიალს დაევალა მოსარჩელისათვის უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიაზე საპენსიო დანამატის, მოხუცებულობის გამო პენსიის 42 ლარის დანიშვნა 2004წ. 21 ივლისიდან, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სოც.ფონდის ქარელის ფილიალის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის მოქმედება გადავადებულია 2003წ. 31 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. აღნიშნული კანონით, 2005წ. იანვრამდე გადავადდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში 2003წ. 23 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილებების ამოქმედება. რაც შეეხება 2003წ. 31 დეკემბრის კანონის მიღების დროისათვის მოქმედ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლს, მასზე, როგორც უკვე მოქმედ ნორმაზე, ვერ გავრცელდებოდა 2005 წელს ამოქმედების თაობაზე 2003წ. 31 დეკემბრის კანონის დათქმა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მოსარჩელე სწორად იქნა მიჩნეული “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის მიღების უფლების მქონე პირად და, შესაბამისად, სწორად დაენიშნა მოხუცებულობის პენსია ორი მინიმალური პენსიის დანამატი 42 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე პ. ქ-ი არის 80წ., დიდი სამამულო ომის მონაწილე, ომის II ჯგუფის ინვალიდი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოცფონდის ქარელის ფილიალმა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება:
კასატორის მითითებით, 2003წ. 31 დეკემბრის კანონის თანახმად, დიდი სამამულო ომის მონაწილეებსა და I-II ჯგუფის ინვალიდებზე ორი სახეობის პენსიის დანიშვნა გადატანილი იყო 2005წ. 1 იანვრისათვის, ხოლო 2004წ. 29 დეკემბრის კანონით “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის ამოქმედება გათვალისწინებულია 2006წ. 1 იანვრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინება:
კასატორი _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ქარელს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება პ. ქ-ზე “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელების თაობაზე.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლისა და მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია. ამდენად, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ადგენს მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნას, მაგრამ კანონმდებელმა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით, განსაზღვრა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლება ორი მინიმალური პენსიის დანამატით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნათ დანამატი, მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 28 დეკემბრის განმარტებების მიხედვით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული პირი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენლი ფაქტობრივი გარემოება, რომ პ. ქ-ი არის 75 წელს გადაცილებული პირი, დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, რისთვისაც იღებს პენსიას 45 ლარს, რასაც თავად კასატორიც არ უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ მითითებული საპენსიო შეღავათი პ. ქ-ზე არ ვრცელდება. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას პ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის დანიშვნის შესახებ.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹115/32 გადაწყვეტილებაზე, რადგან გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, ვინაიდან სასამართლო განიხილავდა ომის მონაწილე არაინვალიდი პირის საკონსტიტუციო სარჩელს. რაც შეეხება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის 2005, ასევე 2006 წლიდან ამოქმედებაზე კასატორის მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნულსაც ვერ გაიზიარებს, რადგან 2005წ. 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო კანონის მე-60 მუხლში 2003წ. 23 ივლისს შეტანილი ცვლილებები, ხოლო დღეისათვის მოქმედებს მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქცია, რომელიც 1997წ. 1 იანვრიდან ამოქმედდა მთლიანად კანონის ამოქმედებასთან ერთად და რომლის მოთხოვნებსაც სრულად აკმაყოფილებს მოსარჩელე პ. ქ-ი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება პ. ქ-ისათვის საპენსიო დანამატის დანიშვნის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქარელის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.