საქმე N 330100123007725292
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №375აპ-25 29 სექტემბერი, 2025 წელი
გ. გ., №375აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე გულიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – 2023 წლის 10 ივნისის, 2023 წლის 11 ივნისისა და 2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
1.2. 2023 წლის 10 ივნისს, ქ. თ–ში, მ–ს მე–... შესახვევი №...-ში მდებარე მის საცხოვრებელ მისამართზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა დ. ჯ–ას ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,069 გრამი.
1.3. 2023 წლის 11 ივნისს, ქ. თ–ში, მ–ს მე–... შესახვევი №...-ში მდებარე მის საცხოვრებელ მისამართზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა დ. ჯ–ას ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,086 გრამი.
1.4. 2023 წლის 16 ივნისს, ქ. თ–ში, მ–ს მე–... შესახვევი №...-ში მდებარე მის საცხოვრებელ მისამართზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა დ. ჯ–ას ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,0849 გრამი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ. გ–მა, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 10 ივნისს, ქ. თ–ში, მ–ს მე–... შესახვევი №...-ში მდებარე მის საცხოვრებელ მისამართზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,069 გრამი.
2023 წლის 11 ივნისს, ქ. თ–ში, მ–ს მე–... შესახვევი №...-ში მდებარე მის საცხოვრებელ მისამართზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,086 გრამი.
2023 წლის 16 ივნისს, ქ. თ–ში, მ–ს მე–... შესახვევი №...-ში მდებარე მის საცხოვრებელ მისამართზე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. გ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,0849 გრამი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით, გ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის, 2023 წლის 11 ივნისისა და 2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებით.
გ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის, 2023 წლის 11 ივნისისა და 2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა სალომე გულიაშვილმა და მოითხოვა გ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ზ–მა და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენში.
გ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის, 2023 წლის 11 ივნისისა და 2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებით.
გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის, 2023 წლის 11 ივნისისა და 2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის; საადვოკატო საქმიანობის; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე გულიაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. გ–ის მიერ, როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ასევე მათი გასაღების ფაქტები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ. ჯ–ამ 2023 წლის 10 ივნისს, 11 ივნისსა და 15 ივნისს, ფულადი თანხა ჩაურიცხა გ. გ–ს. იგი მსჯავრდებულს უხდიდა თანხას, რის შემდეგაც მისგან იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. შესაბამისად, გ. გ–ი მოქმედებდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების განზრახვით. ფარულ აუდიო/ვიდეო ჩანაწერებში, დაფიქსირებულია, რომ გ. გ–ი ამზადებს ნარკოტიკულ საშუალებას და დ. ჯ–ა არ ერევა აღნიშნულ პროცესში. ფარულ აუდიო/ვიდეო ჩანაწერებით არ დასტურდება, რომ მათ ერთობლივად აქვთ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შეძენილი და შემდეგ წილებს ინაწილებენ. აღნიშნულის საპირისპიროდ დ. ჯ–ამ განმარტა, რომ თანხას გ. გ–ს ურიცხავდა ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად და სამივე შემთხვევაში გ. გ–ს ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ გადაურიცხა ფულადი თანხა. 2023 წლის 16 ივნისის, ჩანაწერიდან ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, დ. ჯ–ას მიერ ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ გ. გ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი და ამ ჩანაწერში დ. ჯ–ას სიტყვებზე აპელირება „მომეცი ჩემი წილი“ არასწორია და არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ესაა დ. ჯ–ას და გ. გ–ის ერთობლივად შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და წილების განაწილება. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ გ. გ–მა არამარტო უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები, არამედ 2023 წლის 10, 11 და 16 ივნისს უკანონოდ გაასაღა დ. ჯ–აზე. ამასთან, კასატორის პოზიციით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები ზედმეტად ლმობიერია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ გ. გ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტები, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 ივნისის, 11 ივნისისა და 16 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სადავო გარემოებაა უკანონოდ გაასაღა თუ არა ნარკოტიკული საშუალებები გ. გ–მა 2023 წლის 10 ივნისს, 11 ივნისსა და 16 ივნისს.
5.3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული გ. გ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი – ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.4. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ გ. გ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.7. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, რომ ბრალადწარდგენილი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ეპიზოდებში გ. გ–ის მამხილებელ მტკიცებულებათა საპირწონედ, წარმოდგენილია თავად მსჯავრდებულის ჩვენება. მან უარყო ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, აგრეთვე დ. ჯ–ასგან მისთვის თანხის ჩარიცხვისა და გადაცემის ფაქტები და განმარტა, რომ დ. ჯ–ა დაახლოებით 2 წლის წინ გაიცნო, საერთო მეგობრისგან და მასთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. დ. ჯ–ასთან ერთად ნარკოტიკული საშუალებები არაერთხელ შეუძენია, დ. ჯ–ასაც მიუტანია მათთვის ნარკოტიკული საშუალება. სპეციალურ საიტებზე ერთობლივად რიცხავდნენ თანხას და იღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დ. ჯ–ას მისთვის თანხა პირადად არ მიუცია, თუმცა თანხები ჩაურიცხა ნარკოტიკული საშუალებების შესაძენ საიტზე ჩასარიცხად, რაც მასაც გაუკეთებია საპირისპიროდ. ბოლოს დ. ჯ–ა თავისი წილი ნარკოტიკული საშუალების წასაღებად მივიდა მასთან, რაც მისცა.
5.8. ასეთ ვითარებაში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებით დადგენილ გარემოებებს, როგორიცაა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ გ. გ–ი და მოწმე დ. ჯ–ა ერთობლივად აგროვებდნენ ფულს ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად, შემდგომი მოხმარების მიზნით. 2023 წლის 11 ივნისის ჩანაწერში გ. გ–ი თავის სახლში იღებს დ. ჯ–ას, ამზადებს მისთვის გადასაცემ პორციას, შემდეგ კი აძლევს ქაღალდში გადანაწილებულ პორციას და ეუბნება: „როგორი თემაა იცი? ... ჯერ ფული უნდა ვიშოვოთ და მერე უნდა ვიყიდოთ“ რაზეც დ. ჯ–ა პასუხობს „ხო და თუ რამე შემეხმიანეთ მეც რა, როცა რაღაცა იქნება, მეც თქვენ გვერდში ვარ“. 2023 წლის 10 ივნისის ჩანაწერში, სადაც დ. ჯ–ა ჯერ თანხებს ურიცხავს გ. გ–ს, შემდეგ კი ნარკოტიკის გადასაცემად შეხვედრისას გ. გ–ს ეუბნება, რომ „არის ცუდად, უკვე ოფლი გასდის, დღეს ერთი ცალი „ლირიკა“ დალია და მაგით არის მთელი დღეა“, ხოლო 2023 წლის 16 ივნისის ჩანაწერით დ. ჯ–ა, გ. გ–ი და მათთან ერთად მყოფი პირები ამზადებენ ნარკოტიკულ საშუალებას - შეკრულ მყარ მუქი ფერის მასას აფხვიერებენ თავიანთი პორციების გაყოფის და შემდგომი მოხმარების მიზნით. ასევე საუბრობენ, რომ ელოდებიან სხვა პირებიც და ჩქარობენ თავიანთი წილის წაღებას.
5.9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი ბრალადწარდგენილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ეპიზოდებთან მიმართებით არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ფლობდა უშუალოდ გ. გ–ი და მისგან უნდა შეეძინა დ. ჯ–ას, მით უმეტეს არ იკვეთება მსჯავრდებულის ანგარებითი მოტივი. კერძოდ, არ დგინდება რომ გ. გ–ს გააჩნდა რაიმე ინტერესი დ. ჯ–ას ჩარიცხული ფულადი თანხების მიმართ, ვინაიდან ფარული ჩანაწერითა და შესაბამისი კრებსებით დასტურდება, რომ გ. გ–ი დ. ჯ–ას ეუბნება, რომ ჯერ ფული უნდა იშოვონ და მერე უნდა იყიდონ.
5.10. აღნიშნული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც ერთხელ უკვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.
5.11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. გ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების (სამი ეპიზოდი) ჩადენის ფაქტები.
5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ასევე მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. გ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.16. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, როგორც დამოუკიდებლად თითოეული ეპიზოდისათვის, ისე დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე გულიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე