საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №377აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი
ს-ი მ., №377აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ს-ს ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 18 თებერვალს, დილის საათებში, ა-ის რაიონის სოფელ ა-ში, მ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, მ. ს-მა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომ „მამაკაცი არის ოჯახის უფროსი, ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს“, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს, გ. გ-ს, მათივე არასრულწლოვანი შვილის – ს. ს-ის – თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, მუშტი დაარტყა თავის არეში, ხელი მოუჭირა ყელის არეში და ტანის არეში რამდენჯერმე დაარყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ერთად თანაცხოვრების პერიოდში, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მ. ს-ი, იმავე მოტივით, არასრულწლოვანი შვილის – ს. ს-ის –თანდასწრებით, გ. გ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა, რამაც ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 18 თებერვალს, დილის საათებში, ა-ის რაიონის სოფელ ა-ში, მ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, მ. ს-ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომ „მამაკაცი არის ოჯახის უფროსი, ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან უნდა შეათანხმოს“ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს – გ. გ-ს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, მ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ს-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ს-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, მ. ს-ის ადვოკატმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის – თამუნა მურჯიკნელის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი – თამუნა მურჯიკნელი – საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ს-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, მ. ს-ის ადვოკატმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ს-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა – მეუღლემ, გ. გ-მა და არასრულწლოვანმა შვილმა, ს. ს-მა – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მ. ს-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამავე უფლებით ისარგებლეს: მ. ს-ის მამამ (ს. ს-მა) და შვილმა (ო. ს-მა). შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნულ პირთა მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულებისა და გამართლებულის ოჯახის სხვა წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მათი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
4.4. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2024 წლის 18 თებერვალს, დაზარალებულ გ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იუწყებოდა, რომ იმ დღეს მისმა მეუღლემ სცემა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილ ტკივილთან ან მუქარის რეალურად აღქმასთან დაკავშირებით.
4.5. საგულისხმოა, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმე ვ. და გ. გ-ები (დაზარალებულ გ. გ-ის მშობლები) გ. გ-ის და მ. ს-ის კონფლიქტს პირადად არ შესწრებიან. ქალიშვილისგან შეიტყვეს მეუღლის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, თუმცა კონფლიქტის დეტალები მათთვის უცნობია. მეტიც, ვ. გ-მა შვილისა და სიძის კონფლიქტი ქალიშვილის დაავადებას დაუკავშირა, რომელიც აგრესიული ქცევით გამოიხატებოდა.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმე-პოლიციელები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები, შესაბამისად, დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებით მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.7. აღსანიშნავია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, გ. გ-ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გ. გ-მა, მეუღლის – მ. ს-ის – მხრიდან განხორციელებული ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არასაკმარისია.
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი მ. ს-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს – ს. ს-ს და მის კანონიერ წარმომადგენლს უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის შედეგი, ვინაიდან ქვედა ინსტანცის სასამართლოებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მათთვის აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
4.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე