Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №378აპ-25 თბილისი

ბ-ი ვ., 378აპ-25 29 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ბ-ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა (ორი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 24 მარტს თ-ში, ა-ის მეტროს მიმდებარედ, ვ. ბ-მა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,13285 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. თ. შ. ს-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2023 წლის 28 მარტს თ-ში, სავაჭრო ცენტრ „ი----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ბ-მა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1863 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, გაუმჭვირვალე პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. თ. შ. ს-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ი - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2023 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2023 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ბ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 15 მაისიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. ვ-ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2023 წლის 28 მარტს თ-ში, სავაჭრო ცენტრ „ი----ის“ მიმდებარედ, ვ. ბ-მა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1863 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, გაუმჭვირვალე პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება 350 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. თ. შ. ს-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დადასტურდა 2023 წლის 24 მარტს თ-ში, ა-ის მეტროს მიმდებარედ, ვ. ბ-ის მიერ 0,13285 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ მ. თ. შ. ს-ზე უკანონოდ გასაღების ფაქტი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ვ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2023 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე; 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2023 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. ბ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 15 მაისიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ადვოკატი ასევე უთითებს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სიმკაცრისა და ქმედებისათვის შეუსაბამობის თაობაზე.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ვ. ბ-ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოზე სხდომაზე გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის – მოწმეების: მ. თ. შ. ს-ს, გ. ქ-ის, ი. გ-ას, ბ. წ-ის, ვ. მ-სა და სხვათა ჩვენებები, ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ვ. ბ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და მ. თ. შ. ს-ზე ასევე უკანონო გასაღება, კერძოდ:

7.1. მოწმე მ. თ. შ. ს-მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 14 წელია, ცხოვრობს საქართველოში. ადრე თვითონაც ნარკოტიკებს მოიხმარდა და მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული. მ. თ. შ. ს- თავისი მანქანით ემსახურება ტურისტებს. ვ. ბ-ი, რომელიც არაბებთან მუშაობს და დუბაიდან ჩამოსულ ტურისტებს ემსახურება, მ-ზე გაიცნო. 23 მარტს ვ-მა შესთავაზა ნარკოტიკი. მეორე დღეს მივიდა ო-ში, პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ. იგი სხვა შემთხვევებშიც დახმარებია პოლიციას მსგავს სიტუაციებში. პოლიციელებმა პროგრამაში აჩვენეს პირი, რომელმაც ნარკოტიკი შესთავაზა და მან ამოიცნო ბრალდებული. 24 მარტს პოლიციამ გაამზადა ყველაფერი, თვითონ კი ვ-ისგან შეიძინა ნარკოტიკი, რომელშიც გადაიხადა, დაახლოებით, 290 ლარი, 300 ლარამდე, თუმცა აღნიშნული შეხვედრა არ გადაუღია. ბრალდებულისგან შეძენილი ნარკოტიკი მისგან ამოიღო გამომძიებელმა და შეადგინა შესაბამისი ოქმი. მ. თ. შ. ს-ს 28 მარტს „ვ-ზე“ მიუვიდა შეთავაზება ნარკოტიკის შეძენის შესახებ. პოლიციის მითითებით, ბრალდებულს შესთავაზა თანხის ჩარიცხვა, მეუღლის პირად ნომერზე ჩაურიცხა 350 ლარი და შეთანხმდნენ „ი- -თან“ შეხვედრაზე. “ი----თან“ შეხვედრისას მოწმე აღჭურვილი იყო კამერით, ხოლო პოლიციელები ელოდებოდნენ ცოტა მოშორებით. ბრალდებულმა მას გადასცა სიგარეტის კოლოფის ცელოფანში მოთავსებული თავმომწვარი ნივთიერება. მოწმის განმარტებით, მას არაფერი ჩაუდია ვ-ისგან გადმოცემულ პაკეტში. ბრალდებულისგან შეძენილი ნარკოტიკი მისგან ამოიღო გამომძიებელმა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.

7.2. ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 24 მარტს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ი. გ-ამ მ. თ. შ. ს-სგან ამოიღო თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული, მოყავისფრო ფერის, ფხვიერი ნივთიერება. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 26 მარტის -- დასკვნით (რომლის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ლ. მ-მა) დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2023 წლის 24 მარტს მ. თ. შ. ს-გან ამოღებული, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული, მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე, 0,3016 გრამი ნივთიერება წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობა შეადგენს 0,13285 გრამს.

7.3. ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 28 მარტს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელმა გ. ქ-მა მ. თ. შ. ს-სგან ამოიღო ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, მასში არსებული ნივთიერებებით. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის 2023 წლის 29 მარტის -- დასკვნით (რომლის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ლ. მ-მა) დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, მოლურჯო-იისფერ, გაუმჭვირვალე, პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით – 0.4114 გრ, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით – 0.1863 გრამს.

7.4. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტილოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 15 მაისის -- დასკვნით (რომლის სინამდვილე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ბ-მა) დადგენილია, რომ ვ. ბ-ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ (ოპიუმის ჯგუფის) მოხმარება.

7.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 11 დეკემბრის ექსპერტის დასკვნის (რომლის სინამდვილე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. კ-ემ) თანახმად, პაკეტში, შტრიხკოდით: „-“ და წარწერით: „...შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ. N1) და პაკეტში, შტრიხკოდით: „-“ და წარწერით: „...შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ თეთრი ფერის ქაღალდის ფრაგმენტზე (ო. N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო.

7.6. გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, ვ. ბ-ის ბრალეულობა დადასტურებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით. ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა 2023 წლის 28 მარტს, 11:11:40-დან 11:13:20 საათამდე, და 2023 წლის 28 მარტს, 14:35:10-დან 14:36:50 საათამდე პერიოდში. ვიდეოჩანაწერში ჩანს „საქართველოს ბანკის“ ჩასარიცხი აპარატი, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცი /მ/ ასრულებს ფულის გადარიცხვის ოპერაციას, კრებს პირად ნომერს – --, ტელეფონზე შემოსულ კოდს – -- და მიმღების (T. K.) პირადს – -; ამის შემდეგ მამაკაცი რიცხავს 300 ლარს (სამ 100-ლარიან და ერთ 50-ლარიან ფულის კუპიურას), ელოდება ჩარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს, მაგრამ აპარატი ქვითარს არ იძლევა. ამავე ჩანაწერში დაფიქსირებულია ვ. ბ-ისა და მ. თ. შ. ს-ს შეხვედრა და მათი საუბარი, კერძოდ, ვიდეოჩანაწერში ჩანს ახალგაზრდა, უცხოელი მამაკაცი /მ/, რომელიც ზის მანქანის წინა სალონში, საჭესთან, ხელჯოხით ხელში, სავარაუდოდ, ფეხი აქვს დაშავებული. გარკვეული ლოდინის შემდეგ მამაკაცს უახლოვდება მეორე ავტომობილი, რომლიდანაც გადმოდის მამაკაცი /მ1/, ესალმება ინგლისურად, ართმევს ხელს და ხელში მოხერხებულად უდებს მოლურჯო-იასამნისფერ, პატარა ცელოფანში შეფუთულ ნივთიერებას, ე.წ „ბაშს“. მამამაკაცი /მ/ აღნიშნულ მცირე ზომის ერთ ცალ „ბაშს“ იდებს წინდაში. მამაკაცები პარალელურად საუბრობენ გაუმართავ ქართულ-ინგლისურ ენებზე.

7.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 19 ივნისის - დასკვნის (რომლის სინამდვილე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ. გ-მა) თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.

.

7.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის 2024 წლის 15 იანვრის - დასკვნის მიხედვით, სს -- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „1“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „1“ ამოღებულ ფოტოგამოსახულებებსა და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, ვ- დ-ის ძე ბ-ის - სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ვ. მ-მა.

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ვ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და ვ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ვ. ბ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №599აპ-21, №215აპ-19, №1164აპ-23, №1011აპ-24), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

10. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მ. თ. შ. ს- არის აგენტ-პროვოკატორი, რომელიც არაერთ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოწმე და რომელმაც მსჯავრდებულს მოუწყო დანაშაულის პროვოკაცია, და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა ამ საკითხზე განაჩენში დეტალურად მსჯელობს, კერძოდ: საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით, ვინაიდან ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მ. თ. შ. ს-მ მას შემდეგ მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს და ნებაყოფლობით გამოთქვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, როდესაც დარწმუნდა, რომ ვ. ბ-ი ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში და მასაც უბიძგებდა დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიციირება, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის დანაშაულის პროვოკაციის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. მ. თ. შ. ს-ს გამოძიებასთან თანამშროლობა და, ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, საკონტროლო შესყიდვის განხორციელება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.

11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ.: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).

12. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია, ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ ვ. ბ-ის ქმედებები გამოწვეული იყო მ. თ. შ. ს-ს დაჟინებული მოთხოვნის ან ზეწოლის შედეგად (მისი აქტიური ქმედებებით).

14. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (სუსგ №817აპ-23); თუმცა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული ყველა მტკიცებულების დეტალური ანალიზით, ვ. ბ-ის ქმედებაში აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები, აგრეთვე, არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გაყოფის ან/და ერთად მოხმარების ფაქტები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ვ. ბ-ის მიერ მ. თ. შ. ს-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა უტყუარად დადასტურებულია, რაც უდავოდ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაულია. მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების გასაღებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაზე, თუმცა ამგვარი შემთხვევების საფუძველი მსჯავრდებულის ქმედებაში გასაღების მიზნის დაუდასტურებლობა იყო, განსხვავებით მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, რომელთა ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ. შ. ს-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის დროს მსჯავრდებულს გააჩნდა რეალიზაციის მიზანი.

15. რაც შეეხება კასატორის მითითებას მ. თ. შ. ს-ს სხვა, ანალოგიურ საქმე(ებ)ში მოწმედ ყოფნასთან დაკავშირებით, აღნიშნული არარელევანტურია მოცემულ საქმესთან მიმართებით და ემსახურება მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

16. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე არ დასტურდება, ვ. ბ-მა ნადვილად ნარკოტიკული საშუალება გადასცა მ. თ. შ. ს-ს შემდეგ გარემოებათა გამო: 2023 წლის 28 მარტს ჩატარებული ამოღებით დადასტურებულია,რომ მ. თ. შ. ს-სგან ამოღებულია ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, მასში არსებული ნივთიერებებით. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნით დადგინდა, რომ მ. თ. შ. ს-სგან ამოღებული ნივთიერება, რომელიც წარდგენილი იქნა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად, მოთავსებული იყო მოლურჯო-იისფერ, გაუმჭირვალე პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში. წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით კი დადასტურებულია, რომ ვ. ბ-მა მ. თ. შ. ს-ს გადასცა სწორედ მოლურჯო-იასამნისფერ პატარა ცელოფანში შეფუთული ნივთიერება. გარდა ამისა, მ. თ. შ. ს-ს ჩვენებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალების შინაარსის შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ ვ. ბ-ი აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება მ. თ. შ. ს-ს და, ფულადი თანხის სანაცვლოდ, რომელიც შეხვედრამდე ჩაურიცხა მ. ს-მა, გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას; ასევე უქებს მის ხარისხს და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მასთან მისულ მ. ს-ას შეკითხვაზე: ,,– ეს .... არის?; გადასცემს რა შეფუთულ პაკეტს, პასუხობს: „შეკრულია, ე, შეკრულია. რო გაშლი, კარგია“. ასევე, მ. თ. შ. ს- მიმართავს ვ. ბ-ს: „– დღეს მჭირდება ერთ საათში, პიროვნება მყავს ტურისტი“. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიჩნია, რომ ვ. ბ-მა, გასაღების მიზნით, სწორედ ნარკოტიკული საშუალება გადასცა მ. ს-ს და არა სუვენირი, როგორც ამას დაცვის მხარე აპელირებს.

17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო ვ. ბ-ისათვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისი.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

19. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე