საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№381აპ-25 თბილისი
ვ. ჰ., 381აპ-25 23 სექტემბერი , 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ჰ. ვ.ს ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 6 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, ე. მ-ის ქუჩის N--ში მდებარე ჰ. ა-ის კუთვნილ საოჯახო ტიპის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ. ვ. მოკვლით დაემუქრა ჰ. ა-ს, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ჰ. ვ. ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი დავით ხიზანაიძე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ჰ. ვ.ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16, №393აპ-24, №505აპ-24). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ჰ. ვ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება, დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებათა გაანალიზებით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე, გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
9. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებით (კერძოდ, მუქარით); ბ) შედეგით (შიშით) და გ) მიზეზობრივი კავშირით ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება იყოს როგორც სატელეფონო, ისე – პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის – დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში, ჯანმრთელობის დაზიანებასა და სხვ.. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო დამუქრება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთ ვითარებაში, ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას) და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, მუქარა იყოს რეალური. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ – მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდეს. შედეგად – დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
10. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ჰ. ვ. სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჰ. ა-ს. კერძოდ:
10.1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე (წარმოდგენილია საზღვრის კვეთის მონაცემები), სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით საჯაროდ წაკითხული დაზარალებულ ჰ. ა-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ცხოვრობს ი-ის რესპუბლიკაში და, ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. 2022 წლის 6 ივლისს იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავის საქმეზე, რომელშიც ლ. შ-ი და ჰ. ვ. მას ედავებიან კუთვნილი კომპანიებიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს. დავის პერიოდში ლ. შ-ი და ჰ. ვ. სასამართლოდან მიღებულ გზავნილებს არ იბარებდნენ, რათა სასამართლოს გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2022 წლის 6 ივლისს გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რა დროსაც თან ახლდნენ ი-იდან ჩამოსული: ა. ჯ. ბ., ა. პ. ჰ., ი. რ., ი. ა., ა. ვ. და რ. ვ.. იმავე დღეს სასამართლოში დაიკითხა მხოლოდ ერთი მოწმე – რ. ვ.. პროცესზე განვითარებული მოვლენების გამო ჰ. ვ. იყო აგრესიული, იქცეოდა პროვოკაციულად და გამომწვევად. იგივეს აკეთებდა ლ. შ.. ისინი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენდნენ ფოტოგრაფირებას და ცდილობდნენ მათ პროვოცირებას. ამავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, როცა მივიდა კუთვნილ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ-ში, ე. მ-ის ქ. N-ში, რომელშიც ასევე დაბინავებული ჰყავდა ზემოთჩამოთვლილი პირები, დაინახა, რომ „მერსედესის“ მარკის, „ML-ის“ მოდელის მანქანით მისული იყვნენ ლ. შ. და ჰ. ვ., რომლებიც ესაუბრებოდნენ ჰ.ის მამას – ა-ს – და ძმას – რ. ვ.ს. თავიდან იფიქრა, რომ ჰ.ს პირადი საქმე ჰქონდა მამასთან და ძმასთან, თუმცა მან მალევე დაიწყო ხმამაღალი საუბარი სპარსულ ენაზე. დაინახა ისიც, რომ ლ. შ-ს გამოძახებული ჰყავდა პოლიცია. დადგა მათ სიახლოვეს, მოფარებულ ადგილას, რათა გაეგო საუბრის შინაარსი. მასთან ერთად ასევე იყვნენ ი-დან მოწმედ ჩამოსული პირები. რ. ვ. ძმას ეკითხებოდა, თუ რა ჰქონდათ მასთან სადავო, რაზეც ჰ.ი ყვიროდა, რომ მომკლავდა და ჩემი ქონება მას დარჩებოდა, ანუ ჩემი მოკვლის ფასად მოაგვარებდა ქონებრივ საკითხს, რისთვისაც საქართველოში რამდენიმე წლით მოიხდიდა სასჯელს და მას, მკვლელობის გამო, სიკვდილით არავინ დასჯიდა, ისე, როგორც ეს ხდება ი-ში. ამ ყველაფერს ეთანხმებოდა ლ. შ-ი. ჰ.ს მამამისი და მისი ძმა აწყნარებდნენ, ისინი ეუბნებოდნენ, რომ არ იყო მართალი და ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, თუმცა ჰ.ი მაინც განაგრძობდა მუქარას, ასევე იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ჰ.ის მუქარის ჩაწერა ი-ის ტელეფონის საშუალებით შეძლო რ. ვ.მ და ჩანაწერი გადასცა თანამშრომელ გ. ს-ს. დიდი ხანია, იცნობს ჰ.ს, რომელსაც აქვს არამდგრადი ხასიათი და შესაბამისი აგრესიული ქცევები; ფიზიკური ძალადობა არაა მისთვის უცხო, რის გამოც, მისი ეს ნათქვამი აღიქვა რეალურად, შეეშინდა და უნდოდა მოფარებული ადგილიდან ისე გამოსვლა და სახლში შესვლა, რომ მას არ დაენახა. აღნიშნულის მიუხედავად, ჰ.მა მაინც მოჰკრა თვალი და უკვე მისი მისამართით გამოხატა აგრესია, კერძოდ, ხმამაღლა გაიმეორა მუქარა, რომ მოკლავდა. იყო არეული და გაურკვეველი სიტუაცია, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრა შიში, რომ ჰ.ს ადგილზევე არ დაეშავებინა მისთვის რამე, ვიდრე პოლიციელები გაერკვეოდნენ სიტუაციაში, რის გამოც, სასწრაფოდ შევიდა სახლში.
10.2. მოწმე ი. ა-ის ჩვენებით, იცნობს როგორც ბრალდებულს, ასევე დაზარალებულს, ისინი ერთ ბიზნესში არიან. 2022 წლის 6 ივლისს სასამართლო სხდომამ მშვიდად ჩაიარა. იქიდან წამოსვლისას ორ ჯგუფად გაიყვნენ, ნაწილი რესტორანში წავიდა, ხოლო მეორე ჯგუფი – სასტუმროში. ჰ.ის ცოლმა მათ გზაში გადაუღო ფოტო და დასცინოდა. სასტუმროში დაბრუნებულებს, მათ ადგილზე დახვდათ ჰ.ი, რომელიც თავის ძმას და მამას ეუბნებოდა, ჰ-ს მოვკლავო. როცა ჰ- აპირებდა სახლში ჩუმად ასვლას, ის დაინახა ჰ.მა და კიდევ უფრო აგრესიული გახდა, უყვიროდა, თავს მოგაჭრი და მოგკლავ, ბევრი-ბევრი, 10 წელი შევალ ციხეში, ჩემი მეუღლე ქართველია და შეიძლება, 3 წელიც არ მომიწიოს, აქ ი. არ არის, შენი ქონებაც ჩემი გახდებაო. პოლიციას ჰ.ის მეუღლემ რა უთარგმნა, არ იცის, მათ ჩართული ჰქონდათ ტელეფონი და იწერდნენ ჰ.ის ნათქვამს.
10.3. მოწმე ა. ჯ. ბ-ის ჩვენების მიხედვით, 2022 წლის 6 ივლისს, სასტუმროში როცა მივიდნენ, მათ დახვდათ ჰ. ვ., მამამისი, ძმა და ასევე – მისი მეუღლე. ჰ.ი იმუქრებოდა, მამამისს და თავის ძმას ეუბნებოდა, რომ ჰ-ს მოვკლავო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაც იქ იყო, ჰ.ი მათი თანდასწრებითაც იმუქრებოდა.
10.4. მოწმე ი. რ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 6 ივლისს სასტუმროში დახვდათ ჰ.ი და ლ. შ-ი. ჰ.ს მისი ძმა და მამა ეკითხებოდნენ, თუ რის ფასად უღირდა სასამართლო დავა. ბრალდებულმა მათ უპასუხა, მკვლელობის ფასადო. ჰ- იდგა შორს, რომ ჰ.ს არ დაენახა, თუმცა მას ბრალდებულის საუბარი ესმოდა და იყო შეშინებული. მოწმის განმარტებით, მან ჰ.ის ძმას, რ. ვ.ს, გადასცა საუბრის ჩასაწერად გამზადებული ტელეფონი, მან კი ჩაიწერა საუბარი.
10.5. მოწმე ჰ. ა. პ-ის ჩვენებით, მასა და დაზარალებულს აკავშირებს ბიზნესპარტნიორული ურთიერთობა და აქვთ საერთო კომპანია. მისთვის ცნობილია, რომ ჰ.სა და ჰ-ს სასამართლოში აქვთ დავა ქონებაზე. ამავე მიზნით, ის 2022 წლის 6 ივლისს იმყოფებოდა საქართველოში. პროცესის დასრულების შემდეგ წავიდნენ საჭმელად და როცა დაბრუნდნენ სასტუმროში, რომელიც ეკუთვნის ჰ-ს, ადგილზე დახვდათ ჰ.ი და ლ. შ-ი. ჰ- იდგა მოშორებით, თუმცა ესმოდა ბრალდებულის ნათქვამი, რასაც ეუბნებოდა ა. ვ.ს, 5 – 6 წლით ჩამსვამენ ციხეშიო, ჰ-ის დანახვის შემდეგ პირდაპირ ხელი გაიშვირა და უთხრა, მოგკლავო, რის გამოც, ჰამიდმა დაიწყო კანკალი და შეეშინდა.
10.6. მოწმე გ. ს-ის განმარტებით, მუშაობს დაზარალებულის კომპანიაში. მას „ვოისი“ გაუგზავნა ჰ-მ და უთხრა, რომ ეჩვენებინა იურისტებისთვის. ამავე გარემოებაზე ის დაიკითხა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე მისი ტელეფონიდან ამოიღეს ჩანაწერი.
10.7. მოწმე ბ. მ-ას ჩვენების მიხედვით, მუშაობს შსს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. 2022 წლის 6 ივლისს, შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა ფიქსირებულ მისამართზე. ადგილზე დახვდათ ქალბატონი და მამაკაცი, რომელთა განმარტებით ირკვეოდა, რომ მეუღლის ნათესავებთან ჰქონდათ ქონებრივი დავა და ემუქრებოდნენ როგორც პირადად, ასევე – ტელეფონის მეშვეობით, რის გამოეც ადრეც მიმართეს შესაბამის ორგანოს. დასახელებულ პირთა გარდა, იმავე ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ი-ის მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ. ადგილზე იყო მშვიდი ვითარება და მათ შორის არანაირი ჩხუბი ან დავა არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, რადგან სახეზე არ იყო დანაშაულის ფაქტი და, იმავდროულად, დაფიქსირებული იყო განცხადება, მათ აღნიშნული, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადასცეს კრიმინალურ პოლიციას. მოწმის განმარტებით, მას ეკეთა სამხრე კამერა, რომლიც იყო ჩართული და იწერდა არსებულ ვითარებას. იქ მყოფთაგან ვინმეს რომ განეცხადებინა მუქარის შესახებ, აუცილებლად ადგილზევე მოახდენდნენ რეაგირებას.
10.8. 2022 წლის 6 ივლისის ოქმით დადგენილია, რომ ლ. შ-მა განახორციელა შეტყობინება, რომლის თანახმად, 2 წელიწადია, სასამართლო დავა აქვთ სიძესთან შენობასთან/თანხასთან დაკავშირებით; აღნიშნული დავის გამო, ი-იდან ჩამოვიდნენ მეუღლის ნათესავები და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან მასა და მის მეუღლეს.
10.9. 2022 წლის 26 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის მიხედვით, გ. ს-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა აუდიოჩანაწერი. გ. ს-ის განმარტებით, ეს სწორედ ის მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერია სპარულ ენაზე, რომელიც მას გადაუგზავნა ჰ. ა-მა 2022 წლის 7 ივლისს და სთხოვა, შეენახა.
10.10. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე (წარმოდგენილია საზღვრის კვეთის მონაცემები), სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით საჯაროდ წაკითხული ლ. შ-ის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა შემდეგი: ჰყავს მეუღლე – ჰ. ვ.. ჰ. ა-ი არის მეუღლის დის ქმარი. მის ოჯახს ი-ში აქვს თავისი ბიზნესი. დაახლოებით 2012 წელს, ჰ- დაელაპარაკა მის მეუღლეს, რომელიც მაშინ ი-ში იმყოფებოდა, და შესთავაზა, წასულიყვნენ და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ქვეყანა იმის გასარკვევად, თუ სად შეიძლებოდა საკუთარი ბიზნესის დაწყება და თანხის ჩადება. მეუღლე დაეთანხმა და ისინი იმავე წელს წამოვიდნენ საქართველოში, დაათვალიერეს, გაერკვნენ ქვეყნის ვითარებაში და გადაწყვიტეს, ამ ქვეყანაში გაეკეთებინათ ბიზნესი. მათ შექმნეს ფირმა „ს----ი“ და საქართველოში შემოჰქონდათ ელექტროგაყვანილობა და ახდენდნენ მის რეალიზაციას. ერთობლივი სახსრებით შეიძინეს თ-ში ბინა, ა/მანქანა, კიდევ სხვა ქონება და დაიწყეს მუშაობა. იმ მოტივით, რომ ვერ აკეთებდა მუდმივი ბინადრობის მოწმობას, მოგვიანებით ჰ-მ ჰ.ს უთხრა, რომ მთელი ქონება მასზე უნდა გადაეფორმებინა და გასულიყო ბიზნესიდან. ჰ.მა ჰ-სგან მოითხოვა თავისი კუთვნილი წილის (რომელიც მთლიანად შეადგენდა დაახლოებით 500 000 აშშ დოლარს) ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც ჰ-მ უარი განაცხადა თანხის გადაცემაზე, მათ დავის გადასაწყვეტად მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2022 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო მორიგი სხდომა. როდესაც სხდომა დასრულდა და გარეთ გამოვიდნენ, სასამართლოს შენობის კართან ჰ. ა-მა მის მეუღლეს უთხრა, რომ, თუ ჩივილს არ შეწყვეტდა, მოკლავდა. ეს მუქარა რეალურად აღიქვეს, რადგან, მანამდეც მათი ნათესაობა ჰ. ვ.ს აფრთხილებდა, რომ ჰ- მას უპირებდა მოკვლას. რეაგირების მიზნით მათ იმავე დღეს შეატყობინეს პოლიციას, რის საფუძველზეც სოფელ დიღმის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. 2022 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო მორიგი პროცესი, რომელზე დასასწრებად ჰ. ა-მა ი-იდან ჩამოიყვანა თავისი მეგობრები, რათა მიეცათ მისი სასარგებლო ჩვენება. ამავე ჩვენებით მოწმე განმარტავს, რომ ჰ.ის პირველი ქორწინებიდან მყოფი შვილისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ჰ- დაინტერესებული იყო მათი საცხოვრებელი მისამართით და ფრთხილად ყოფილიყვნენ. რამდენიმე ხანში ჰ.ს დაუკავშირდა რ. ვ., უთხრა, რომ სურდა ლაპარაკი და, თუ არ მივიდოდა, იცოდა, როგორც დასრულდებოდა ეს ამბავი. ამიტომ გადაწყვიტეს, პოლიციის თანხლებით მისულიყვნენ ჰ-ს სასტუმროსთან, სადაც საუბარი შედგა მის ქმარს, ალი ვ.სა და რ. ვ.ს შორის. ალი და რ. მის მეუღლეს სთავაზობდნენ, შეეწყვიტა ჩივილი და აეღო თანხა, ჯერ – 30, მერე – 50, ბოლოს კი – 150 ათასი აშშ დოლარი, რაზეც მისმა მეუღლემ უარი განაცხადა. ჰ.მა მამამისს უთხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და ნუ ჩაერეოდა. იქ მყოფმა სტუმარმა, სახელად – ი. ა-მა – პატრულს აცნობა, რომ მისი ქმარი მამამისს აგინებდა. თვითონ პატრულს უთხრა, რომ ეს არ იყო სწორი და გადაუთარგმნა, რაც ხდებოდა. ცოტა ხანში ის და მისი ქმარი წავიდნენ სახლში, დანარჩენები კი იმ სასტუმროში დარჩნენ. არავითარ მუქარას არც მათი და არც იმათი მხრიდან 2022 წლის 6 ივლისს ადგილი არ ჰქონია.
10.11. იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მისცა ჩვენება სასამართლოს ჰ. ვ.მ და განმარტა, რომ მუქარა არ ჩაუდენია, თავად არის დაზარალებული და სასამართლო დავის პერიოდში მას არაერთხელ დაემუქრა თავად ჰ- როგორც ქალიშვილის, ასევე – ახლობლების მეშვეობით. საბოლოოდ სამივე ინსტანციამ მის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე და მოიგო დავა. მანვე წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ითხოვა გამართლება.
10.12. გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ გამოიკვლია ასევე ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, 1 ცალი DVD-R დისკი, აუდიოდისკის თარგმანი და საქმეში არსებული სხვა მასალები.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ისე – აუდიოდისკის შინაარსობრივ ნაწილს, ხოლო მოწმეების: ი. ა-ის, ჰ. ა.პ-ის, ა. ჯ. ბ-ისა და ი. რ-ას – ჩვენებებმა ვერ გადალახეს უტყუარობის კრიტერიუმი. ჩანაწერიდან, რომელიც დაზარალებულის ახლობლების ინიციატივით გაკეთდა, დგინდება, რომ ჰ. ვ.ს თავად ემუქრებიან სიკვდილით. ბრალდებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო ქონების გამო, მზადი იყო, გადაეხადა „დიდი ფასი, სიკვდილის ფასი“, რასაც იმეორებს ჩანაწერშიც. ეს ჩანაწერი შეესაბამება ბრალდებულ ჰ. ვ.ს ჩვენებას, ლ. შ-ის გამოკითხვის ოქმსა და მის განცხადებებში მითითებულ გარემოებებს, რომ ქონებრივი დავის პროცესში მათ ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და სწორედ შესაძლო ინციდენტისაგან თავის ასარიდებლად ითხოვდნენ შეხვედრაზე პოლიციის თანამშრომელთა დასწრებას.
12. ამდენად, ჰ. ვ.ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ჰ. ა-ის გამოკითხვის ოქმია, რომელიც პირდაპირი, საკვანძო მტკიცებულებების გარეშე, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჰ. ვ.ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე