საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №384აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი
მ-ი თ., №384აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. მ-ს - ბრალად ედებოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. ნ. გ-ს - ბრალად ედებოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.3. ე. ვ-ეს - ბრალად ედებოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.4. თ. მ-ის, ნ. გ-ის და ე. ვ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ნ. გ-მა, თ. მ-მა, ე. ვ-ემ და სხვა პირებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გზით, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება განიზრახეს. აღნიშნული განზრახვის განსახორციელებლად, ნ. გ-მა, თ. მ-მა და ე. ვ-ემ შემდგომში სხვადასხვა პირებზე ფულადი თანხის სანაცვლოდ, უკანონოდ რეალიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო რეგულაციების დაუცველად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები: არპაზეპამი (ფენაზეპამი), დიაზეპამი, ქსანაქსი (ალპრაზოლამი), ნეორელიუმი (დიაზეპამიუმი), გაბაპენტინი, ბაკლოფენი, გაბაგამა.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მე-3 სიაში, რომლის მე-2, მე-11, 57-ე გრაფების მიხედვით არპაზეპამი (ფენაზეპამი), დიაზეპამი, ქსანაქსი (ალპრაზოლამი), ნეორელიუმი (დიაზეპამიუმი) ფსიქოტროპულ ნივთიერებებს განეკუთვნება. ამასთან, მედიკამენტები: გაბაპენტინი, ბაკლოფენი, გაბა–გამა (გაბაპენტინი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N22/ნ ბრძანებით დამტკიცებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს განეკუთვნება.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პრიმა მუხლის 48-ე პუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფსიქოტროპული ნივთიერება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს განეკუთვნება. ამასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ცალკეული ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედი ნივთიერებები სპეციალურ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების წარმოება და ლეგალური ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ხსენებული კანონის მე-16 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას ახორციელებს ავტორიზებული აფთიაქი, რომელიც ექვემდებარება სანებართვო კონტროლს და მასში დაშვებულია პირველი, მეორე და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისათვის ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობები და ამ პროდუქტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ბაზარსა და ბაზრობაზე, აგრეთვე – ღია ტიპის სავაჭრო ობიექტიდან და არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან.
„ლიცენზიებისა და ნებართვები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. ნებართვა არის ამავე კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ხსენებული კანონის 24-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად კი დადგენილია, რომ ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობისთვის აუცილებელია შესაბამის ნებართვის ფლობა. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 26-ე პუნქტის შესაბამისად კი, ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო განაკვეთი 300 ლარია.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N586 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-7 გრაფაში მითითებული დანაწესის მიხედვით, ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობის დანართის საფასური შედგენს 1 000 ლარს.
ნ. გ-ს, თ. მ-ს, ე. ვ-ეს და სხვა პირებს არ ჰქონდათ სათანადო წესით გაცემული ნებართვა, რათა მოეხდინათ ზემოხსენებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია, არ გააჩნდათ ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობის ნებართვა, მათი მხრიდან არ იყო გადახდილი კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებელი და მომსახურების საფასური, რაც ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცციისთვის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნ. გ-მა, თ. მ-მა, ე. ვ-ემ და სხვა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დაუცველად, უკანონოდ შეძენილი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი და ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ნაწილი – ნეორელიუმი (დიაზეპამიუმი) 5 ამპულა, გაბაგამა 42 აბი, „დიაზეპამი“ 5900 აბი და „ბაკლოფენი“ 2 800 აბი, 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თ-სა და რ-ში, მიასაღეს სხვადასხვა პირებს, მათ შორის, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებს, რის შედეგადაც მიიღეს 14 578,40 ლარის დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო, გასაყიდად გამზადებული ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 5 588 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები ამოიღეს გამოძიებისას.
ნ. გ-ის, თ. მ-ის, ე. ვ-ის და სხვა პირების უკანონო სამეწარმეო საქმიანობას შედეგად მოჰყვა 14 578,40 ლარის დიდი ოდენობით შემოსვლის მიღება, გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, აღურიცხავად, უკანონო ბრუნვაში მოექცა დიდი ოდენობით სპეციალურ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები, რომელთა ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებით, საფრთხე შეექმნა მედიკამენტების შემძენი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:
2.1.1. ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარი.
2.1.2. ე. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარი.
2.1.3. თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარი.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თინათინ სტურუამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ. მ-ის, ნ. გ-ის და ე. ვ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება. კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ადვოკატმა – მ. ხ-ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატუტის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატუტის პროკურორი – თინათინ სტურუა – საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. მ-ის, ნ. გ-ის და ე. ვ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად – თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულთათვის დანიშნული არაპრორციული სასჯელით მიუღწევადია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნები.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის თ. მ-ის, ნ. გ-ის და ე. ვ-ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის თ. მ-ის, ნ. გ-ის და ე. ვ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, სამიდან ხუთ წლამდე.
4.7. მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობის შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მათ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, აგრეთვე – მათ პიროვნებებს და მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის მიერ დანიშნული არასაპატიმრო სასჯელით წარმატებით მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე