Facebook Twitter

საქმე N330100124009002794

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №388აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

ა. ჰ. ტ. ა., №388აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა.ჰ. ტ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ–ისა და ნ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა.ჰ. ტ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 30 იანვარს, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ჰ. ტ. ა–იმ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 6,06 გრამი გამომშრალი მარიხუანას შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ს. ა–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ა.ჰ. ტ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა.ჰ. ტ. ა–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა.ჰ. ტ. ა–ის ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 15 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა.ჰ. ტ. ა–იმ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ო–მა. ადვოკატმა მოითხოვა ა.ჰ. ტ. ა–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, მსჯავრდებულმა კი მოითხოვა სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა.ჰ. ტ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. მ–ემ და ნ. კ–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებულმა უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში იმ იმედით, რომ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მსჯავრდებულმა მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, უარყო ნარკოტიკული საშუალების გასაღება და მოითხოვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს რომ დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა და გამოეკვლია მტკიცებულება, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ა.ჰ. ტ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით მსჯავრდების კანონიერება.

5.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებული პირის გამართლებას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე ვერ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ გარემოებებზე. როგორც საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, ადვოკატები მსჯავრდებულის გამამართლებელ მტკიცებულებად ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს მიიჩნევენ, თუმცა, არ ავითარებენ სათანადო მსჯელობას, არ წარმოაჩენენ მათ დასკვნებს, შეფასებებსა და არგუმენტაციას, თუ რა ფორმითა და შინაარსით ადასტურებს აღნიშნული მტკიცებულება პირის უდანაშაულობას.

5.4. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მართალია, კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით. კერძოდ, არც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ამგვარი წერილობითი შუამდგომლობა და არც სასამართლო სხდომის ოქმებით დასტურდება დაცვის მხარის მიერ მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვა.

5.5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის კუთხით ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე – მათი საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2024 წლის 1 მარტის N910აპ-23, 2023 წლის 26 ოქტომბრის N857აპ-23, 2023 წლის 18 ოქტომბრის N704აპ-23 განჩინებები). ამდენად, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა სასამართლოს არ ათავისუფლებს მათი შეფასების ვალდებულებისაგან და არ გულისხმობს მათი შინაარსის იგნორირებას. ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ ნამდვილად შეაფასა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, დასტურდება თავად სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, სადაც სასამართლო მიმოიხილავს აღნიშნული მტკიცებულების შინაარსს და მათ შორის, სწორედ ხსენებულ მტკიცებულებას აფუძნებს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა.ჰ. ტ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:

5.7. ს. ა–ს გამოკითხვის ოქმებით (უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები) დასტურდება, რომ ითანამშრომლა რა საგამოძიებო ორგანოსთან, სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია ა.ჰ. ტ. ა–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებით. 2024 წლის 30 იანვრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2024 წლის 30 იანვარს იგი დაუკავშირდა ა.ჰ. ტ. ა–ის და უთხრა, რომ სურდა ნარკოტიკის შეძენა, რაზეც მან მიუგო, რომ მისულიყო წ–ს ქუჩაზე და 600 ლარად მიჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას. აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებელმა გადასაცა 600 ლარი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და წავიდა შეხვედრის ადგილას. ადგილზე მისვლისას, ავტომობილში ჩაუჯდა ა.ჰ. ტ. ა–ი, რომელსაც გადასცა გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულადი თანხა. ა. პ. ტ. გადავიდა ავტომობილიდან და დაახლოებით, 2 საათში კვლავ შეხვდა წ–ის ქუჩაზე, სადაც ავტომანქანაში გადასცა ერთი შეკვრა მცენარეული მასა, რაც ს. ა–მ გადასცა გამომძიებელს.

5.8. ს. ა–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს წინააღმდეგობებს სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით და დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით:

5.9. 2024 წლის 25 იანვრის განაცხადების თანახმად, ს. ა–მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, მიაწოდა ინფორმაცია ა.ჰ. ტ. ა–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შესახებ და მისი მხილების მიზნით, გამოთქვა პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილი. 2024 წლის 30 იანვრის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის შესაბამისად, ს. ა–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა თანხა – 600 ლარი.

5.10. ნარკოტიკული საშუალების ამოღების 2024 წლის 30 იანვრის ოქმის თანახმად, ს. ა–სგან ამოღებულ იქნა ერთი გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მცენარეული მასა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 1 თებერვის N .......... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ერთ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო, სპეციფიკური სუნის მქონე, გამომშრალი მცენარეული მასა, წონით – 6,06 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას – გამომშრალ მარიხუანას.

5.11. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ფარული საგამოძიებო მოქმედების (ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება) შედეგად მოპოვებულ მასალას, რომლითაც ირკვევა, რომ 2024 წლის 30 იანვრს 18:24:32 საათიდან 18:34:50 საათამდე, ასევე, 20:29:32 საათიდან 20:34:06 საათამდე, ქ. თ–ში, წ–ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელდა ს. ა–ს და ა.ჰ. ტ. ა–ის შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩაწერა. ჩანაწერის თანახმად, მამაკაცი (მ) ზის ავტომობილში, რომელსაც გვერდით დაუჯდა შავ სამოსში ჩაცმული, წვერიანი მამაკაცი (მ1). მათ შორის საუბარი წარიმართა ქართულ-ინგლისურ და არაბულ ენებზე. დიალოგი შეეხება მარიხუანას. მამაკაცი მ1 (მსჯავრდებული) საუბრობს ნარკოტიკთან დაკავშირებულ დეტალებზე, მის ფასზე, ხარისხზე, კერძოდ, დადებითად აფასებს ნარკოტიკის ხარისხს და განმარტავს, რომ „ძალიან კარგი მარიხუანაა“, ასახელებს ნარკოტიკული სააშუალების ფასს – „510 ლარი, 6 გრამი“. ასევე, როდესაც მას ს. ა– უფრო დაბალ თანხას სთავაზობს, თავად იღებს გადაწყვეტილებას სიტყვებით: „კაია, ძმაო, თუ შენ გინდა, დაბალი ფული“. ამდენად, ჩანაწერით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ს. ა–ს ხვდება ნებაყოფლობით და ფულადი თანხის სანაცვლოდ, გადასცემს ნარკოტიკს.

5.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 21 მარტის N........ ფონოსკოპიური ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფონოგრამებსა და დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს მონტაჟის (რედაქტირების) ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 13.12.1993 წელს დაბადებულ ა.ჰ. ტ. ა–ის (პ/ნ ............) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

5.13. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით – ს. ა–ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით (რომელიც ნათლად ასახავს ს. ა–სა და ა.ჰ. ტ. ა–ის შეხვედრას, საუბარსა და ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა.ჰ. ტ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ–ისა და ნ. კ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე