საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №400აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი
გ-ი შ., №400აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. გ-ს ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
1.2. შ. გ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2021 წლის პირველ ნახევარში, შ. გ-ი მივიდა ქ-ში, ლ-ს ქუჩის - ჩიხის N--ში მდებარე ს. გ-ის და ა. გ-ის საცხოვრებელ სახლში, ხელში მომარჯვებული დანით ავიდა მე-2 სართულის აივანზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ს. გ-ეს და მეუღლის დედას – ა. გ-ეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ს. და ა. გ-ეებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.2. 2022 წლის 12 აპრილს, ს. გ-ე და ა. გ-ე იმყოფებოდნენ ქ-ში, ლ-ს ქუჩის - ჩიხის N-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით, 18:40 საათზე, ა. გ-ეს მობილურ ტელეფონზე აპლიკაცია “--”-ის მეშვეობით დაურეკა შ. გ-მა. ა. გ-ემ მობილური ტელეფონი ჩართო „ხმამაღლა მოლაპარაკის“ რეჟიმზე, რა დროსაც შ. გ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ს. გ-ეს და ყოფილი მეუღლის დედას – ა. გ-ეს. შ. გ-ის ქმედების შედეგად, ს. და ა. გ-ეებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, შ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. გ-ის ბრალეულობას.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ქეთევან უზნაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა შ. გ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ქეთევან უზნაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. გ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. გ-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ს-ში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
4.4. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულების – ს. და ა. გ-ეების – გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვითაც შ. გ-ისთვის ბრალადწარდგენილ ქმედებებს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში გამოუცხადებელ მოწმეთა ჩვენებებს უტყუარად დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ ყოფილა. მხარეთა მონაწილებით გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები დანაშაულის ფაქტებთან მიმართებით ირიბი ან არაინფორმატიულია. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესი, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენებები არ უნდა დაედოს, სასამართლოს ავალდებულებს ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).
4.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის განაჩენი შ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.7. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე