Facebook Twitter

¹ 3/33-01 14 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

განიხილა ჯ. ხ-იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 4 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 4 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მოსამართლეების მ.წ.-ის, რ.ნ.-ის და მ.გ.-ის მონაწილეობით განიხილა ჯ. ხ-იას კერძო საჩივარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ივლისის განჩინებაზე იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ზემოთ მითითებული განჩინებით ჯ. ხ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ივლისის განჩინება.

მოცემულ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი გარემოებები:

ჯ. ხ-იამ 2000 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა ქ.სოხუმის და სოხუმის რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დადგენილიყო ფაქტი იმის შესახებ, რომ იგი 1987 წლიდან ფლობდა დოცენტის წოდებას.

სოხუმის საქალაქო და რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 14 აპრილს განიხილა მითითებული განცხადება და ფაქტი იმის შესახებ, რომ ...-ის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ლექტორ, ... მეცნიერებათა კანდიდატ, ჯ. ხ-იას 1987 წლიდან მინიჭებული ჰქონდა დოცენტის წოდება და იგი დადასტურებულად მიიჩნია.

2000 წლის 12 მაისს მთითებული გადაწყვეტილების გაუქმების მოტივით აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მიმართა ...-ის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რექტორმა ო. ჟ-იამ.

სააპელაციო საჩივარი 2000 წლის 4 ივლისს განიხილა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, გააუქმა ამ საქმეზე სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მითითებული საქმის განხილვა სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა. განმცხადებელ ჯ. ხ-იას მისთვის სასურველი ფაქტის დადგენა, დოცენტის წოდების მინიჭების ატესტატის დუბლიკატის მიღება, შეეძლო რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ კადრებთან მუშაობის სამმართველოს მეშვეობით. გარდა ამისა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სოხუმის საქალაქო და რაიონულმა სასამართლომ იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის დროს არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე და 315-ე მუხლების მოთხოვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა რა ჯ. ხ-იას კერძო საჩივარი, მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ იურიდიული ფაქტი უნდა დაადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის საშუალება გამორიცხულია; ანუ ჯ. ხ-იას სასამართლოში განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინა რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ კადრებთან მუშაობის სამმართველოს ცნობა დოცენტის წოდების მინიჭების ჩანაწერების არარსებობის შესახებ და როცა ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების შეუძლებლობა იქნებოდა დაფიქსირებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 314-ე, 315-ე და 316-ე მუხლების შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ, შეეძლო მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ.

უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტი ჯ. ხ-იას არ გააჩნდა, ამიტომ სასამართლოს არ უნდა განეხილა განცხადება.

უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რადგან უდავო წარმოებით განცხადებით განხილვის დროს, თუ კი განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იქნებოდა შეტანილი და განცხადების განხილვისას დავა არ წამოიჭრებოდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საქმე, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მიეღო რექტორის სააპელაციო საჩივარი, რადგან უდავო წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის მიერ ვინც მონაწილეობდა მოცემული საქმის განხილვაში. რადგან ი. ჟ-ია განცხადების განხილვაში არ მონაწილეობდა, მისი სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად განუხილველად უნდა დარჩენილიყო. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მოთხოვნაც, რომლის შესაბამისადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვს მხარეებს და მესამე პირებს დამოუკიდებელ სასარჩელო მოხოვნით, სააპელაციო საჩივრის ავტორი კი ამ შემთხვევაში არც მხარე და არც მესამე პირი იყო დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნით.

უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ, მართალია, სააპელაციო საჩივარი განხილა საპროცესო კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, მაგრამ, ვინაიდან საქმეზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება – გააუქმა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის უკანონო გადაწყვეტილება და საქმე შეწყვიტა წარმოებით, არ არსებობდა ამ საქმეზე აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ზემოთ მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმება პროცესუალური თვალსაზრისითაც უმართებულო იქნებოდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

გარდა ამისა უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. ხ-იას საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევებზე არ მიუთითებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს არ შეეძლო თავისი ინიციატივით შეემოწმებინა საპროცესო დარღვევები. რაც მთავარია, მოცემული საჩივრის განხილვის დროს რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ კადრებთან მუშაობის სამმართველოს მიერ განხილული და გადაწყვეტილი იყო ჯ. ხ-იასთვის დოცენტის წოდების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის საკითხი. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილი იყო, რომ ჯ. ხ-იას დოცენტის წოდება მინიჭებული ჰქონდა არა 1987 წელს, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, არამედ - 1989 წელს.

2001 წლის 11 ივლისს ჯ. ხ-იამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 4 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:

მისი კერძო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განიხილეს მოსამართლეებმა მ.წ.-ემ, რ.ნ.-მა და დ.ხ.-მ. ისინი ამ თანმიმდევრობით არიან შეყვანილნი სხდომის ოქმშიც, ხოლო ამ საქმეზე მიღებულ განჩინებას ხელი მოაწერეს მოსამართლეებმა: მ.წ.-ემ, რ.ნ.-მა და მ.გ.-მა.

განცხადების ავტორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული პირობა; გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მოაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა განცხადების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ განცხადება ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ასეთ მოსამართლედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება იყოს ისეთი მოსამართლე, რომელიც თვითონ წარმოადგენს მხარეს ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს, ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარმოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; თუ იგი მოსამართლედ მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით ან სააპელაციო ინსტანციით განხილვაში; ანდა, თუ სასამართლო შემადგენლობის მოსამართლეები ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან.

მოცემულ შემთხვევაში ჯ. ხ-იას კერძო საჩივარი განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. წ.-ე, მოსამართლეები: რ.ნ.-ი და მ.გ.-ი. მითითებული მოსამართლეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, ანუ არ წარმოადგენენ ისეთ მოსამართლეებს, რომელებსაც უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ ჯ. ხ-იას კერძო საჩივრის საკასაციო სასამართლოში განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში. ამდენად, სახეზე არაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის აუცილებელი პირობა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ის მოსამართლეები, რომელსაც კანონის თანახმად უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

მართალია, ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის თავფურცელზე მოსამართლე მ.გ.-ის ნაცვლად დაფიქსირებულია დ.ხ.-ს გვარი, მაგრამ აღნიშნული მექანიკური შეცდომაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნებს განიხილავს ამ ოქმზე ხელის მომწერი მოსამართლე. თუ იგი ეთანხმება შენიშვნებს, ადასტურებს მათ სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოაქვს განჩინება ამ შენიშვნების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის A”თ” პუნქტის შესაბამისად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ჩაითვლება თუ საქმეში არ არის სხდომის ოქმი.

სხდომის ოქმში შეცდომის არსებობა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების არც ბათილობის და არც გუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

მოცემულ შემთხვევაში სხდომის ოქმის თავფურცელში დაშვებული უსწორობის შესახებ ჯ. ხ-იას სხდომის ოქმის შედგენიდან 3 დღეში შეეძლო მიემართა ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის და ოქმში დაშვებული უსწორობა გასწორებული იქნებოდა დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ხ-იას განცხადება, ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 4 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.