Facebook Twitter

საქმე N 330100124009018817

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №463აპ-25 24 სექტემბერი, 2025 წელი

ვ. ო., №463აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ვ–ოს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო. ვ–ო (პასპორტის №...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ო. ვ–ომ უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21:50 საათზე, თ–ში, ... ქ....... №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, პირადად, უკანონოდ ინახავდა 35 (ოცდათხუთმეტ) ცალ პოლიეთილენის გამჭვირვალე ჩამკეტიან პაკეტში, თეთრი ფხვნილისა და გრანულების სახით მოთავსებულ 5,11 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა ო. ვ–ოს პირადი ჩხრეკის შედეგად.

1.3. 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21:50 საათზე, თ–ში, ... ქ.... №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ვ–ომ მიიტანა უკანონოდ შეძენილი და შენახული 35 (ოცდათხუთმეტი) ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 5,11 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, რათა სხვადასხვა ლოკაციაზე განეთავსებინა, შემდგომში მათი გასაღების მიზნით. ო. ვ–ომ აღნიშნული ქმედებით განზრახ შექმნა პირობები და მოამზადა ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ო. ვ–ომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მომზადება, რაც გამოიხატა შემდეგით:

ო. ვ–ომ უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21:50 საათზე, თ–ში, ... ქ...... №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, პირადად, უკანონოდ ინახავდა 35 (ოცდათხუთმეტ) ცალ პოლიეთილენის გამჭვირვალე ჩამკეტიან პაკეტში, თეთრი ფხვნილისა და გრანულების სახით მოთავსებულ 5,11 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, რათა სხვადასხვა ლოკაციაზე განეთავსებინა, შემდგომში მათი გასაღების მიზნით. ო. ვ–ომ აღნიშნული ქმედებით განზრახ შექმნა პირობები და მოამზადა ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა ო. ვ–ოს პირადი ჩხრეკის შედეგად.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენით, ო. ვ–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

ო. ვ–ოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 15 წლით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ვ–ოს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ო. ვ–ოს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 2 მაისს, მსჯავრდებულ ო. ვ–ოს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ვ–ოს მიმართ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადასტურებული ო. ვ–ოს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება. აღნიშნულ ნაწილში განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმეები: N422აპ-20, N783აპ-20 და 621აპ-23) დამკვიდრებულ პრაქტიკას. სასამართლოებმა არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება მისცეს მოწმე გ. ბ–ს ჩვენებას, რაც ასევე დაუსაბუთებლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი და მოწმე-ექსპერტ გ. ბ–ს ჩვენება, ადასტურებენ მსჯავრდებულის განმარტებას, რომ იგი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მის ტელეფონში არსებული ლოკაციებიდან ჰქონდა აღებული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ო. ვ–ოს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების ნაწილში მსჯავრდების კანონიერება.

5.3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ო. ვ–ოს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან,

5.4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ო. ვ–ოს პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21:50 საათზე, თ–ში, ... ქ...... №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ო. ვ–ოს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 35 (ოცდათხუთმეტი) ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტი, რაც ქიმიური ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, წარმოადგენს 5,11 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს.

5.5. 2024 წლის 6 ნოემბრის კომპიუტერული ექსპერტიზის №........... დასკვნის თანხმად, ტელეფონის (მეხსიერების ბარათთან და სიმბარათთან ერთად) მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია, დათვალიერებულ იქნა საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თ–ს პოლიციის დეპარტამენტის .......მთავარი სამმართველოს .. სამმართველოს გამომძიებლის გ. ჯ–ს მიერ და არჩეული იქნა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით: „......“, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა „...“-ის გამოყენებით ფაილად სახელწოდებით: ,,...“ (ზომით: „...“ ბაიტი და ..... ჰეშით: ....................“). ამოღებული ინფორმაცია გადატანილ იქნა ,,........“-ის წარმოების ერთ ცალ დისკზე.

5.6. 2024 წლის 6 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა სისხლის სამართლის N.... საქმეზე არსებული კომპიუტერული დისკი, რომელშიც 2024 წლის 6 ნოემბრის N....... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჩაწერილია ო. ვ–ოს ტელეფონის მეხსიერებაში არსებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გახსნისას დისკზე აღმოჩნდა ერთი ფაილი წარწერით „......“, ხოლო აღნიშნული ფაილის გახსნისას აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაილი წარწერით „...“, რომლის გახსნისასაც მასში აღმოჩნდა ორი ფაილი ერთი სახელწოდებით „........“ და ,,...“. - გახსნილ იქნა პროგრამა „....... ......“, სადაც პროგრამაში მითითებულია, რომ ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა ტელეფონიდან „..........“ იმეი კოდებით.......... და ......., რის შემდეგაც აღნიშნული პროგრამის მეშვეობით გაიხსნა ტელეფონში არსებული ინფორმაცია, მათ შორის ნანახი იქნა შემოსული და გასული ზარები კერძოდ 2024 წლის 2 აპრილს ტელეფონის ნომრიდან ......... (სახელით loro dark) ზარი განხორციელდა ნომერზე ........, 02/20/2024 წელს 7:54 საათზე. ზარია განხორციელებული ტელეფონის ნომრიდან +....... ვინმე ..-თან სულ სამი სატელეფონო ზარი, რის შემდეგაც ნანახი იქნა ტელეფონში არსებული ვიდეო ფაილები აღნიშნული ფაილებიდან ნანახი იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ვიდეო ფაილი სახელწოდებით ........., სადაც კადრში ჩანს ო. ვ–ო, საუბარი ჩაწერილია 2/20/2024 12:00:43 ...... თარიღსა და დროს, რა დროსაც საუბრობს ო. ვ–ო ტექსტით: - „ამ ფულის გამო არავინ არ მეკითხება ეხლა და მაშინაც არავინ დაინტერესებულა რა სად როგორ ის... ფულის წარმომავლობა უნდა დაიხატოს იქიდან..... ოფიციალურად რომ გაკეთდეს, მაგრამ ძმაო იქ იმდენი ფულია ელექტრონული სახით შენ ასეთი ციფრები არც გინახავს იქ ყველაფერი უცებ არაა. იქ ცოტ ცოტა ცოტ ცოტა ამოვა, აი დღევანდელი დღიდან უნდა დაეწყოთ გადმორიცხვა უკვე დაიწყეს გადმორიცხვა. მე ვიცი დღეს პარასკევია, ვიღაცეებმა უკვე მიიღეს თავისი ფული“, რის შემდეგაც ნანახი იქნა ტელეფონში არსებული ფოტო მასალა, სადაც საერთო ჯამში არის ... ფოტო მათ შორის არის ფოტოები, რომლებიც არის ორი იდენტური ფოტო, თუმცა ერთ-ერთ მათგანზე გადაღების შემდეგ მითითებულია ისრებით მდებარეობა. ფოტო რომლის სახელია „........, .......“, რაც ნიშნავს თავად სახელი ლოკაციას. „....... ხოლო შემდეგ მოდის თარიღი „20/02/2024 და ფოტოს გადაღების დრო 11:55:13 საათი“ თავად ფოტოს აწერია მისამართი თ–ი, ჯ–ს ქ. N.. იგივე არის მითითებული ფოტოს დეტალურ მონაცემებში და დამატებით არის რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულია ,,.......“ ფირმის მობილური ტელეფონით, ამავე ტელეფონში იძებნება იგივე უკვე მოდიფიცირებული ფოტო სახელწოდებით .......... ორივე ფოტოზე აღბეჭდილია ბეტონის ელექტრო ბოძი, რომლის ქვეშაც მიწაზე დევს მოშაო ფერის მომცრო ზომის გოფრირებული მილი. მოდიფიცირებულ ფოტოზე მოწითალო ფერის, ისრები მიუთითებენ აღნიშნულ მილზე, აღნიშნული ფოტოს მოდიფიცირება (ფოტოზე ისრების დატანა) მოხდა 2024 წლის 20 თებერვალს 12:06:44 საათზე. ახლო ხედით ამ მილზე გადაღებულია ამავე ტელეფონით სხვა ფოტოებიც სახელწოდებით „.........“. ,,......., ......... ..........“, „........“, ამავე პრინციპით გადაღებული და შემდეგ მოდიფიცირებულია ფოტოები სახელწოდებით „........, ...........“ და „...........“, რომლებიც იდენტურია ფოტოების სახელწოდებით „.........“, ........, ......... ასევე იდენტურია ფოტოები სახელწოდებით ........., .......... ........., ......, ........... .......... და ,,..........“ ყველა აღნიშნულ ფოტოზე მითითებულია ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი და დრო, ხოლო იმ ფოტოებს რომლებზე ისრებითაა ზუსტი ადგილმდებარეობა მონიშნული სპეციალური პროგრამით მითითებულია ასევე თარიღი და ფოტოს შექმნის ისრების დასმის დრო, რაც ასევე აღნიშნულ პროგრამაში ნანახი იქნა სოციალურ ქსელ ტ–ს მიმოწერა, ტელეფონის ნომრიდან ......... (ამ ნომრითაა შექმნილი აქაუნთი), რომელიც ეკუთვნის ო. ვ–ოს ვინმე ვ. დ–თან, სადაც ვ–ო მას უგზავნის ფოტოებს ნარკოტიკული საშუალების „ლოკაციის“ მითითებით. ორ ფოტოს რომელზეც ერთი და იგივე ადგილმდებარეობაა მითითებული სხვადასხვა რაკურსით. სურათებს ერთვის ტექსტი „.................“ გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ როგორც: „თ–ი, ს–ს რაიონი, ზუსტი კოორდინატები ....... შავი საიზოლაციო ლენტაში თხრილი....“ აღნიშნული მიმოწერა ხორციელდებოდა 2/20/2024 2:47:43 ......... თარიღსა და დროს. ასევე ო. ვ–ო სარგებლობს აღნიშნული ნომრით .......არსებული ტელეგრამის აქაუნთით სახელწოდებით “.........” ასევე ის ვინმე „.........“- თან მიმოწერაში განმარტავს რომ სარგებლობს ნომრებით (.......... (ნომრები არ შემიცვლია) .......... ..........) ასევე ის “..........” ის სახელით ნომრიდან ........ ტელეგრამის საშუალებით აგზავნის ლოკაციებს ნომერზე „..........“ ლოკაციების სურათები იდენტურია სურათების სახელწოდებით „..........“, „..........“. ასევე აღნიშნულ პროგრამაში მითითებულია ო. ვ–ოს ტელეფონის ადგილმდებარეობის ზუსტი ლოკაციები, რომლებიც ემთხვევა ტელეფონში არსებულ ფოტოებს რომლებზეც მონიშნულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების განთავსების ზუსტი ადგილები.

5.7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსნებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები საკმარისია დასკვნისათვის, რომ ო. ვ–ომ დანაშაულის ჩადენისათვის განზრახ შექმნა პირობები, რითაც მოამზადა მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, 35 ცალ ე.წ. ბაშად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად აღკვეთილ იქნა მომზადების სტადიაზე.

5.8. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოწმე გ. ბ–ს ჩვენების შეაფასებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობის შედეგად ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოწმის წინაშე წარდგენილი იყო მობილური ტელეფონი, სიმ და მეხსიერების ბარათებით. რა დროსაც გამოიკვლია წარდგენილი მოწყობილობის მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და დანამდვილებით მიუთითა, რომ ინფორმაცია ამოღებული იქნა საკვლევი ობიექტიდან, რომ ტელეფონში არსებულ ზოგიერთ სურათზე შეიძლება იყოს ე.წ. „.......“ ანუ ... ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ მოცემული ტელეფონითაა გადაგზავნილი. მან ერთმნიშვნელოვნად მიუთითა მიმოწერის დროს (ე.წ. ჩათში) მობილური მოწყობილობიდან გამავალი და მასში შემომავალი მოკლეტექსტური შეტყობინებების შესახებ. ამასთან, განმარტა, რომ საკვლევ ობიექტში არსებული ინფორმაცია ვინ შექმნა (გადაიღო), ვინ „დაამოდიფიცირა“ მისი კვლევის სფერო არ არის. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრება რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა გ. ბ–ს ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, უსაფუძვლობის გამო.

5.9. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან. რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.

5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ვ–ოს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე