Facebook Twitter
¹ ბს-313-248-კ-05 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ყ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თიანეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თიანეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2003წ. მაისში თიანეთის კომუნალურ საწარმოთა კომბინატმა დაიწყო ექსკავატორით სანიაღვრე არხის გაწმენდა _ არხი გასწიეს მინდვრისკენ და მიწა დაყარეს მოსახლეობის მხარეს, ხოლო მოსარჩელის მიწის ნაკვეთში შეიჭრნენ 3 მეტრით და მიწა გაიტანეს მინდორში. იმ დროისთვის მოსარჩელეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთში დარგული ჰქონდა 8 ძირი ქლიავი, ხუთი ძირი კაკალი, 1 ძირი ვაშლი და 2 ძირი ჭერამი, რომელთაც დაუზიანდათ ფესვები და ტოტები, რის გამოც შეწყვიტეს ვეგეტაცია. გარდა ამისა, მოსარჩელეს დაუზიანდა 70 მეტრი სიგრძის უჟანგავი მავთულბადე, რომლის 1 მეტრის ღირებულება შეადგენდა 3 ლარს. ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს დათესილი ჰქონდა ერთი ვედრო სარის ლობიო, რომელიც მიწას გააყოლეს. მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 1000 ლარი. თიანეთის დაბის გამგეობის კომისიამ ადგილზე შეისწავლა მოსარჩელის მდგომარეობა და შეადგინა სათანადო აქტი.
მოპასუხე თიანეთის კომუნალურ საწარმოთა გაერთიანებამ თიანეთის რაიონული სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ ზ. ყ.-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ვინაიდან 2004წ. 23 აპრილს თიანეთის გამგეობის საკრებულომ შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც, ტერიტორია, რომელზეც არხმა გაიარა, იყო სახელმწიფოს საკუთრებაში.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ყ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის განჩინებით ზ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებს შემდეგ გარემოებებსა და საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე:
1. სიმართლეს არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში არსებული მითითება იმის შესახებ, რომ თიანეთის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 18 მაისის განჩინებით, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებიდან ამორიცხა 2003წ. 30 მაისის აქტი და 2004წ. 31 მარტს ზ. ყ.-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელზედაც აპელანტი აფუძნებდა თავის მოთხოვნას და აღნიშნული არ ყოფილა გასაჩივრებული აპელანტის მიერ, ვინაიდან ზ. ყ.-მ ამის თაობაზე თიანეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომელიც არ მიიღო მოსამართლემ;
2. სიმართლეს არ შეესაბამება, აგრეთვე, 2004წ. 23 აპრილის აქტში არსებული მითითება, რომ ზ. ყ.-ი კუთვნილი 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის ნაცვლად, ფლობს 0,15 ჰა მიწის ნაკვეთს და 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი მიტაცებული აქვს, რადგან, ჯერ ერთი, ზ. ყ.-ის საკარმიდამო ნაკვეთი შეადგენს 0,17 ჰექტარს და არა 0,15 ჰექტარს. არასწორია ზ. ყ.-ის მიერ დანარჩენი მიწის ნაკვეთის მიტაცების შესახებ მითითება, რადგან იგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს პირადად ფლობს 1977 წლიდან, როგორც საკუთარს და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობაც გააჩნია, ხოლო სკ-ის 167-ე მუხლის თანახმად, მან მოიპოვა საკუთრების უფლება ხსენებულ მიწის ნაკვეთზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშეEგაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა თიანეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზ. ყ.-ს არ წარუდგენია მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ეს ზიანი შეადგენდა 1000 ლარს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ თიანეთის რაიონული სასამართლო სწორად დაეყრდნო სათანადოდ შედგენილ 2003წ. 16 სექტემბრის აქტს, რომლითაც არ დასტურდება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა თიანეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სანიაღვრე არხს არ გაუვლია ზ. ყ.-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც დასტურდება 2004წ. 23 აპრილის აქტით, რომელშიც მითითებულია, რომ ზ. ყ.-ი 0,08 ჰექტრის ნაცვლად, ფლობს 0,15 ჰა მიწის ნაკვეთს და 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი მიტაცებული აქვს თვითნებურად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ზ. ყ.-ისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. კერძოდ, საქმეში მოიპოვება თიანეთის რაიონის გამგებლის სახელზე დაწერილ ზ. ყ.-ის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესამოწმებლად თიანეთის რაიონის გამგებლის 2003წ. 10 სექტემბრის ¹28/2 განკარგულებით შექმნილი კომისიის 2003წ. 16 სექტემბრის აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიამ შეისწავლა სადავო საკითხი და დაადგინა, რომ არხის გასუფთავების დროს გამოწვეული ზიანის კვალი შემოწმების პერიოდში არხის მიმდებარე ზ. ყ.-ის მიწის ნაკვეთში არ აღმოჩნდა და ზ. ყ.-ის პრეტენზიები არ დადასტურდა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზაკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების არარსებობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.



სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.