საქმე N 020100124010081504
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №473აპ-25 17 სექტემბერი, 2025 წელი
თ. ი., №473აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. თ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მყოფმა ი. თ–ამ მეუღლეს, მ. ა–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტრეოტიპული შეხედულებიდან და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი ერთხელ დაარტყა მარჯვენა ფეხზე, რა დროსაც მ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 22:50 საათზე, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მყოფმა ი. თ–ამ მეუღლეს, მ. ა–ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტრეოტიპული შეხედულებიდან და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა თავის არეში, რა დროსაც მ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. თ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით, ი. თ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. თ–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 14 აპრილს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ,,112“-ის სამსახურში დაფიქსირებული დაზარალებულის შეტყობინება, სადაც იგი ითხოვს დახმარებას მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დამატებით წარდგენილი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმათა არსებითი დარღვევით, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა საქმის საბოლოო შედეგზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ი. თ–ას მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ი. თ–ას ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის (ორი ეპიზოდი), კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა – მ. ა–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ი. თ–ას მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ი. თ–ას მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებზეც კასატორი აპელირებს მტკიცების საგანთან მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არაინფორმატიულია. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით, იმის დადგენა, რომ ი. თ–ამ ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრ მ. ა–ზე, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი – შეუძლებელია.
5.7. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმათა არსებითი დარღვევით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა და ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით კასატორმა, აღნიშნული გარემოება აღწერა თავის სააპელაციო საჩივარში, თუმცა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ მოიცავდა მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული სადავო განჩინების გაუქმების თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე