საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №475აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი
მ-ა ლ., №475აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ-ას ადვოკატის – რ. შ-ას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. მ-ას - ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
1.2. ლ. მ-ას ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, სხვადასხვა პერიოდში, ს-ში, ლ. თ-ას ქუჩის №--ში მდებარე ხ. ს-ას, ნ. ლ-ის და თ. ლ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში შეღწევის გზით, ლ. მ-ა ფარულად დაეუფლა 285 150 ლარის ღირებულების სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მის მიერ ფარულად დაუფლებული საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი (ჭაღების და ფანჯრის საკეთების დეტალები) ჩააბარა ს-ში, დ. ა-ის პირველი შესახვევი, სახლი №--ში მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში. აღნიშნული ქმედებით ხ. ს-ას, ნ. ლ-ეს და თ. ლ-ეს მიადგათ 285 150 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, ლ. მ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. ლ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, დროის სხვადასხვა პერიოდში, ს-ში, ლ. თ-ას ქუჩის №--ში მდებარე ხ. ს-ას, ნ. ლ-ის და თ. ლ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში შეღწევის გზით, ლ. მ-ა ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახისა და დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მის მიერ ფარულად დაუფლებული საყოფაცხოვრებო ნივთები (ჭაღების და ფანჯრის საკეტების დეტალები) ჩააბარა ს-ში, დ. ა-ის პირველი შესახვევი, სახლი №--ში მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.3. სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვახტანგ სართანიამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. მ-ას დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით, ხოლო ადვოკატმა – რ. შ-ამ – ლ. მ-ას დამნაშავედ ცნობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სასჯელად კი – პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
3.1.1. ლ. მ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. ლ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი – რ. შ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. მ-ას უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – პირობითი მსჯავრის დანიშვნას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ლ. მ-ას დამნაშავედ ცნობის ნაწილში. დაცვის მხარის განმარტებით, ლ. მ-ა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ბინაში არსებულ ნივთებს, თუმცა ბინაში უკანონოდ არ შეუღწევია, რადგან ბინის კარი იყო ღია.
4.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოება – ბინაში უკანონო შეღწევა – მოიაზრებს სხვის საცხოვრებელ ადგილზე უნებართვოდ შესვლას. დამნაშავე სხვის საკუთრებაში წინააღმდეგობის გადალახვით შეაღწევს თუ საკუთარ განზრახვას დიდი ძალისხმევის გარეშე აღასრულებს, უმნიშვნელოა (მაგ., მესაკუთრეს სახლის კარი არ აქვს ჩაკეტილი). პირის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტილია ქურდობის მიზნით სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შესვლა.
4.4. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დაზარალებულთა კუთვნილ ბინაში უკანონო შეღწევით, ლ. მ-ა ნამდვილად დაეუფლა მათ კუთვნილ ნივთებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვრცლად არის ასახული როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, ისე – სამართლებრივი მსჯელობა მსჯავრდებულის ქმედებასთან მიმართებით, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის ზედმიწევნით გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. მ-ას ადვოკატის – რ. შ-ას – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე