Facebook Twitter

საქმე N 330100122006098603

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №482აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი

ჯ. თ., №482აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების – თ. ჯ–ას, შპს “ე.ქ. ვ–ს“, შპს თ. და კ–ებისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატის – ჯ. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ჯ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

1.2. შპს თ.. და კ–ები(საიდენტიფიკაციო კოდი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (შპს თ. და კ–ების“ მეშვეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

1.3. შპს „ე.ქ. ვ–ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (შპს “ე.ქ. ვ–ს“ მეშვეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

1.4. შპს ხ... ვ–ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...., თავდაპირველი სახელწოდება: კ–ა ე–ა პ–ი“) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (შპს „ხ–ი ვ–ს“ მეშვეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

1.5. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

.........ში რეგისტრირებული კომპანიის – „M..... H... I–C-ის“ ფაქტობრივმა მფლობელმა და თ. ჯ–ასთან დაკავშირებულმა პირმა – ჯ. მ–მა (J. M.) განიზრახა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ. მ–თან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, რომლებიც მოქმედებდნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის – ფ.ი.ი.ლ–ს (F.... E... .... L...d) სახელით, 2020 წლის მაისში სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს ჰ... ...ში ოპერირებადი საწარმოს მ. გ. ლ–ს (M.. G... L....) დირექტორთან – შ. კ. ჰ–ესთან და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზეს ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელება. მეტი დამაჯერებლობისათვის, მართლსაწინააღმდეგოდ მიზნით მოქმედმა პირებმა, წინასწარ შექმნეს ფ.ი.ი.ლ–ს ყალბი ვებგვერდი და ამავე საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველი სახელმძღვანელო დოკუმენტი მიაწოდეს მ. გ. ლ–ს დირექტორს.

მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებულ შ. კ. ჰ–ეს, დამნაშავეებმა მიაწოდეს ინფორმაცია ......ში რეგისტრირებული საწარმოს „მ.ჰ. ი–.-ის“ (M... H... I...), როგორც საბროკერო კომპანიის შესახებ, რომლის საბანკო ანგარიშებზეც უნდა გადარიცხულიყო დაინტერესებაში არსებული, თითქოსდა ა–ი საწარმოების აქციების შესაძენად განკუთვნილი თანხები. საინვესტიციო მიზნით, 2020 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში, მ. გ. ლ–სედ-ის“ საბანკო ანგარიშიდან „მ.ჰ. ი–.-ის“ საბანკო ანგარიშზე, .............ში გადაირიცხა 13329181,71 ა– დოლარი, რასაც ჯ. მ–ი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

მ. გ. ლ–სედ“-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების პარალელურად, თ. ჯ–ამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა განიზრახეს დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა. უკანონო გზით მიღებული შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ მიმოქცევაში ინტეგრირების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მ. გ. ლ–სედისგან“ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაწევრებით გადარიცხეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, საქონლის შეძენისა და მომსახურების გაწევის ფიქტიური დანიშნულებით, ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, ჯამში 1906263,7 ა– დოლარი გადმორიცხეს ს–ში, თ. ჯ–ას მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, წინასწარ დაფუძნებული საწარმოების: შპს თ. და კ–ების“ (ს/ნ ..........), შპს “ე.ქ. ვ–ს“ (ს/ნ 422736301) და შპს „ხუთ ვარსკვლავის“ (ს/ნ ......., თავდაპირველი სახელწოდება – კ–ა ე–ა პ–ი“), ასევე მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე. კერძოდ: 2020 წლის 18 ივნისიდან 2020 წლის 7 ივლისის ჩათვლით პერიოდში, შპს თ. და კ–ების“ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხეს 1171360 ა– დოლარი, 2020 წლის 29 ივნისს და 2020 წლის 13 ივლისს, შპს “ე.ქ. ვ–ს“ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხეს 598850 ა– დოლარი, 2020 წლის 24 ივნისს, შპს „ხ–ი ვ–ს“ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხეს 98453,7 ა– დოლარი, ხოლო თ. ჯ–ასთან დაკავშირებული 6 ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშებზე 2020 წლის 18-19 ივნისს გადმოირიცხა 37600 ა– დოლარი. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ნაწილი თ. ჯ–ამ განკარგა პირადი საჭიროებისამებრ, ხოლო ნაწილი თანხისა, ფიქტიური დანიშნულებით, ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, გადარიცხა საზღვარგარეთ, მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით თ. ჯ–ამ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, მოახდინა 1906263,7 ა– დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

შპს თ. და კ–ების“ მეშვეობით განხორციელდა 1171360 ა– დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, შპს „ე. ქ–ს–შის“ მეშვეობით – 598850 ა– დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ხოლო შპს „ხ–ი ვ–ს“ მეშვეობით – 98453,7 ა– დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

იურიდიული პირი – შპს თ.. და კ–ები(საინდეტიფიკაციო ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა უვადოდ, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 100000 ლარი;

იურიდიული პირი – შპს „ე.ქ. ვ–“ (საინდეტიფიკაციო ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა უვადოდ, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 100000 ლარი;

იურიდიული პირი – შპს ხ... ვ–ი“ (თავდაპირველი სახელწოდება შპს კ. ე. პ–ი“, საინდეტიფიკაციო ნომერი: ...........), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა უვადოდ, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 100000 ლარი;

თ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, თ. ჯ–ას, მასთან დაკავშირებულ პირსა და იურიდიულ პირებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ღირებულების ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ჯ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ჯ. შ–მ და თ. ქ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ჯ–ას, შპს თ. და კ–ების“, შპს „ე.ქ. ვ–ისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ს. ბ–ისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევის ნაწილში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულების – თ. ჯ–ას, შპს “ე.ქ. ვ–ს“, შპს თ. და კ–ებისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ჯ. შ–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი განმარტა განვრცობითად, თვითნებურად, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და ნორმის განმარტებისას არ გაითვალისწინა ფულის გათეთრების სფეროში მოქმედი საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც ფულის გათეთრებით ქმედების კვალიფიკაციის მიზნებისათვის, მოითხოვენ პრედიკატული დანაშაულის იურიდიულად დადასტურებას და მოიაზრებენ მხოლოდ დანაშაულებრივი და არა - სხვა უკანონო გზით მიღებული შემოსავლის გათეთრებას. სააპელაციო სასამართლომ, კონვენციების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებად მიიჩნია პრედიკატული დანაშაულის არსებობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ჯ. მ–ისა და მასთან კავშირში მყოფი პირების, მათ შორის, თ. ჯ–ას მიერ ა–-ში თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი ა-ის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს არ დაუდგენია და არც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, შ. კ. ჰ–ეე (დაზარალებული) მ. ჰ. ი–ში“ ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით დავას აწარმოებდა არა სისხლის, არამედ – სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, არ არსებობს პრედიკატული დანაშაული. განაჩენს საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მოპოვების კანონიერების, უტყუარობისა და სანდოობის შემოწმება შეუძლებელია. ასევე, გამოყენებულ იქნა ა-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის აგენტის მიერ მოპოვებული გადაუმოწმებელი ოპერატიული, შიდაუწყებრივი დანიშნულების ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად გამოყენებაც, ამავე ინფორმაციის ამსახველი დოკუნტების თანახმად, აკრძალულია. ამასთან, ინფორმაცია არ არის მიღებული „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ადვოკატის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ასევე არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალი გამამართლებელი მტკიცებულებებისა და პირველ ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ, რაც დაადასტურებდა პრედიკატული დანაშაულის არარსებობის ფაქტს. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, თუნდაც დადგენილი იყოს პრედიკატული დანაშაულის ფაქტი, ფულის გათეთრებით დამატებით კვალიფიკაცია არასწორია, რადგან სახეზეა ერთი, განგრძობადი დანაშაული. თუ თ. ჯ–ა თანხის დანაშაულებრივი გზით დაუფლების მონაწილეა, ის არ შეიძლება იყოს ფულის გათეთრების სუბიექტი. ამასთან, დადგენილი არ არის მოქმედებდა თუ არა თ. ჯ–ა სპეციალური – ფულის დანაშაულებრივი წარმომავლობის დაფარვის ან/და დამნაშავე პირების მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარების – მიზნით. გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, თითქოსდა, ფულის გათეთრების მიზნით გადმორიცხული თანხის ნაწილი მიქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში, რის გამოც, თანხის ამ ნაწილში, სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენით ხელყოფილ იქნა ს. ბ–ის საკუთრების უფლება მისი კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის გამო. იმავდროულად, სასამართლო გასცდა ბრალდების ფარგლებს და დადგენილად მიიჩნია თ. ჯ–ას მიერ ფულის გათეთრება ხსენებული უძრავი ქონების შეძენის გზით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სწორედ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი არგუმენტების კვალდაკვალ შეამოწმებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი თ. ჯ–ას საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, იურიდიული პირების: შპს თ. და კ–ების“, შპს „ე.ქ. ვ–ისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

5.4. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის არგუმენტს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის ფულის გათეთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციების დებულებათა შესაბამისად განმარტებასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული კონვენციების თანახმად, ქმედების ფულის გათეთრებით კვალიფიკაციის მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის შინაარსი განმარტა განვრცობითად, საერთაშორისო კონვენციების დებულებათა საწინააღმდეგოდ და პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებად მიიჩნია პრედიკატული დანაშაულის არსებობის გარეშეც.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენციას, „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის 15 ნოემბრის კონვენციას, „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1990 წლის 8 ნოემბრის კონვენციას, ასევე, „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის 19 დეკემბრის კონვენციას, რომელთა დებულებებიც ფულის გათეთრების დანაშაულის საგნად დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ/მიღებულ ქონებას/შემოსავალს მოიაზრებს და აუცილებლად მიიჩნევს წინამორბედი/ძირითადი – ე.წ. „პრედიკატული“ დანაშაულის არსებობას. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა ფულის გათეთრების დანაშაულის საგნად მიიჩნევს იმგვარ ქონებას, ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს, აქციებს (წილს), რომელიც/რომლებიც უკანონოა (მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით) ან/და დაუსაბუთებელია (არ არსებობს მათი კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები ან მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით).

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თ. ჯ–ასა და იურიდიულ პირებს ედავება დანაშაულის შედეგად მოპოვებული/დაუფლებული ქონების ლეგალიზაციას. სწორედ ამ საფუძვლით მოხდა მათი დამნაშავედ ცნობაც. კერძოდ, ბრალადწარდგენილი და მსჯავრადშერაცხილი ინკრიმინირებული ქმედების შინაარსიდან გამომდინარე, უკანონო შემოსავალში მოაზრებულია დანაშაულებრივი გზით და არა – სხვაგვარად უკანონოდ მოპოვებული ქონება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან არ იკვეთება ნორმის იმგვარი გამოყენება ან განმარტება, რაც შესაძლოა, ზემოაღნიშნული კონვენციებით გათვალისწინებული დებულებების საწინააღმდეგო იყოს. ამ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლი გამოყენებულია სწორედ კონვენციებში ნაგულისხმევი შინაარსით, კერძოდ, თ. ჯ–ასა და იურიდიული პირების მსჯავრდება ეფუძნება რა დანაშაულის შედეგად მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას, სრულად შეესაბამება ხსენებულ კონვენციათა დებულებებს. ამდენად, მათ მსჯავრი დაედოთ სწორედ კონვენციით გათვალისწინებული შინაარსით უკანონო შემოსავლის – დანაშაულიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელის/ქონების – ლეგალიზაციისათვის. შესაბამისად, გაუგებარია დაცვის მხარის პრეტენზია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის ფართოდ, კონვენციების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განმარტებასთან დაკავშირებით.

5.7. აღნიშნულის შემდეგ, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორის არგუმენტი პირვანდელი, პრედიკატული დანაშაულის იურიდიულად დადასტურების აუცილებლობის შესახებ. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენცია, რომლის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრებისთვის მსჯავრდებას არ დაედოს წინაპირობად წინასწარი ან თანადროული მსჯავრდება (გასამართლება) წინამორბედი (პრედიკატული) დანაშაულისთვის. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრებისთვის მსჯავრდება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც დადგენილია, რომ ქონება, რომელიც არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის (ფულის გათეთრების დანაშაულთა) საგანი, წარმოშობილია წინამორბედი/ძირითადი (პრედიკატული) დანაშაულისაგან, იმის დადგენის საჭიროების გარეშე, თუ ზუსტად, რომელი დანაშაულისაგან. ამდენად, ხსენებულ დებულებათა გათვალისწინებით, ფულის გათეთრების ბრალდებით პირის მსჯავრდების მიზნებისათვის, აუცილებელი არ არის წინამორბედი, ძირითადი დანაშაულის, მათ შორის, შესაბამისი განაჩენით, იურიდიულად დადასტურება, არამედ საკმარისია სათანადო ფაქტების, ინფორმაციისა და მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც ნათლად მიუთითებს ქონების დანაშაულებრივ წარმომავლობაზე.

5.8. მოცემულ შემთხვევაში, წინამორბედი (პრედიკატული) დანაშაულის არსებობა დადასტურებულია კომპანია მ. გ. ლ–ს (M... G... L...) დირექტორის, შ. კ. ჰ–ეს ჩვენებით, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მ. ჰ....ის“ ანგარიშზე თანხების გადარიცხვის, მისი კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მიყენებული ზიანის შესახებ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ა. კ–ის ჩვენებით, დასტურდება, რომ ა-ში გაიგზავნა სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობა. ა–ის შესაბამისმა უწყებებმა მოიპოვეს და გამოუგზავნეს ამონაწერი „M.. H.. I..-ის“ საბანკო ანგარიშიდან. მოწმემ ასევე დაადასტურა „მ... გ....ს“ მიმართ ჩადენილ საინვესტიციო თაღლითურ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობა ა.....ის სახელმწიფო უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურში და განმარტა, რომ ჰქონდა კომუნიკაცია საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან ჯ. დ–თან, რომელთანაც გაცვალა ინფორმაცია გამოძიების თაობაზე. კომპანია – „M.... H... I...“ ა–ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იდენტიფიცირებულია როგორც უფუნქციო, დანაშაულებრივი მიზნებისთვის შექმნილი კომპანია, რომლის საქმიანობის ერთადერთი მიზანია ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული სინდიკატისთვის ფულის გათეთრების გაადვილება და დანაშაულებრივი შემოსავლების მიღება. მოწმეთა ჩვენებები დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობითა და ა–დან სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოგზავნილი მასალებით, ასევე ამ ინფორმაციის დათვალიერების ოქმით. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოს, .......ში არ გაგზავნილა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ არის მიღებული - უსაფუძვლოა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ კერძო დეტექტივის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. გ. ლ–ს (M... G... L....) დირექტორის, შ. კ. ჰ–ეს, ასევე, გამომძიებელ ა. კ–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ „I... გ....ი“ წარმოადგენს კერძო საგამოძიებო სამსახურს. ა–ში მათ გააჩნიათ უფლებამოსილება, კლიენტების დაკვეთით აწარმოონ გამოძიება და გარდა ა–სა, ოფისები აქვთ .........სა და ა–ში, მსოფლიოს მასშტაბით იძიებენ თაღლითობისა და კორუფციის საქმეებს, აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნების საგამოძიებო სამსახურებთან. დაზარალებული კომპანიის მ. გ. ლ–ს დირექტორი – შ. კ. ჰ–ე დაუკავშირდა ხსენებულ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ჩატარების მიზნით. საგამოძიებო სამსახურმა მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ისინი ს–ს სამართალდამცავ ორგანოებს დაუკავშირდნენ ინტერპოლის არხის გამოყენებით და გადასცეს მოპოვებული ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც, გაზიარებულ იქნას დაცვის მხარის პრეტენზია აღნიშნული ცნობების გამოყენების თავლასაზრისით, ამ ინფორმაციის გარეშეც, საქმეში არსებობს საკმარისი მონაცემები პრედიკატული დანაშაულის არსებობის შესახებ. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი და პირველ ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობდა ახალი მტკიცებულების გამოკვლევისა და უკვე გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები, სააპელაციო სასამართლოს უარი სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის 15 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის თანახმად, პრედიკატულ დანაშაულებში შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულიც იგულისხმება, იმ პირობით, რომ მოცემული ქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადია იმ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, რომელშიც ჩადენილია და სისხლისამართლებრივად დასჯადი იქნებოდა ამ მუხლის შემფარდებული წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, მისი ამ სახელმწიფოში ჩადენის შემთხვევაში. ანალოგიურ დებულებას ითვალისწინებს „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენციის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტიც, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრებისთვის წინამორბედ (ძირითად) დანაშაულებად ჩაითვალოს ისეთი ქმედებაც, რომელიც ჩადენილია სხვა სახელმწიფოში, წარმოადგენს დანაშაულს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით და იქნებოდა წინამორბედი დანაშაული, თუ მას ჩაიდენდნენ შიდა იურისდიქციის ფარგლებში. თითოეულ მხარეს შეუძლია დაადგინოს, რომ ერთადერთი წინაპირობაა, რომ ქმედება იქნებოდა წინამორბედი დანაშაული, თუ ის მოხდებოდა ქვეყნის შიგნით. განსახილველ საქმეში, დაკმაყოფილებულია ზემოაღნიშნული დებულებებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც.

5.10. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურებულია მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ფულის გათეთრების შემადგენლობა, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებით) დადასტურებულია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ. ჯ–ა წარმოადგენდა შპს თ. და კ–ების“, შპს „ე.ქ. ვ–ისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელსა და დირექტორს.

5.11. სს „თიბისი ბანკის“ იურისტ ქ. გ-ს ჩვენებით, შპს “ე.ქ. ვ–ს“ ანგარიშზე, 2020 წლის 29 ივნისს, ა–-დან, კერძოდ, კომპანია მ. ჰ....იდან“ გადმოირიცხა 98850 ა– დოლარი. თ. ჯ–ამ ბანკს განუმარტა, რომ მ. ჰ....ი“ იყო მისი პარტნიორი კომპანია და თანხა პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე გადმოურიცხა, კერძოდ, შ– ქუჩაზე უნდა წამოეწყოთ სამრეცხაო ბიზნეს საქმიანობა და სურდათ მიწის ნაკვეთის შეძენა. შემდგომ, ბანკმა მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენა, თუმცა, თ. ჯ–ას დოკუმენტი არ წარუდგენია. ერთ-ერთი კითხვა, რაც ბანკის მიერ კლიენტს გაეგზავნა, იყო ჰქონდა თუ არა მ. ჰ....ს“ ვებსაიტი, რაც ჯ–მ უარყო, თუმცა, თანამშრომლებმა ინტერნეტში აღმოაჩინეს, რომ კომპანიას ჰქონდა ვებსაიტი. მოწმის განმარტებით, მ. ჰ....ისგან“ ჩარიცხული თანხა, რაც ბიზნეს საქმიანობას უნდა მოხმარებოდა, თ. ჯ–ამ პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა, კერძოდ, გადაფარა მის სახელზე არსებული სესხი. 2020 წლის 13 ივლისს, შპს “ე.ქ. ვ–ს“ ანგარიშზე მ. ჰ....იდან“ გადმოირიცხა 500000 ა– დოლარი. თ. ჯ–ას განმარტებით, ამ შემთხვევაში, თანხა სამშენებლო ბიზნესისათვის სჭირდებოდა. ეს ორი განმარტება გარკვეულწილად ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო და გაჩნდა ეჭვის საფუძველი. თ. ჯ–ამ 500000 ა– დოლარიდან ლარში დააკონვერტირა და 185000 ლარი გაიტანა ანგარიშიდან, 371000 ა– დოლარი გაიტანა კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. მოწმის განმარტებით, ინვესტირების დანიშნულებით ჩარიცხული თანხები, თ. ჯ–ამ ფაქტობრივად პირადი დანიშნულებისამებრ განკარგა: ერთ შემთხვევაში – სესხის დასაფარად, მეორე შემთხვევაში – ანგარიშიდან გაიტანა. თანხის გატანასთან დაკავშირებით ბანკისგან დაესვა კითხვა, რაზეც უპასუხა, რომ სს „.... ბანკში“ ანალოგიური ოდენობის თანხა ედო ანგარიშზე და იმ თანხით ჩაანაცვლებდა სს „.... სი ბანკიდან“ გატანილ თანხას, თუმცა, ჯოვაბას განმარტება არ დადასტურდა სს .....ბანკის“ ამონაწერით. იმის გამო, რომ ბანკმა ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხები, ინფორმაცია გადაუგზავნეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. მოწმის ჩვენება დადასტურებულია 2020 წლის 17 ნოემბრის დათვალიერების ოქმით, რომელიც შეეხება სს „...... ბანკსა“ და შპს „ე.ქ. ვ–ს“ (წარმომადგენელი თ. ჯ–ა) შორის საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვისა და მიზნობრიობის შესახებ 23.06.2020 წლიდან 13.07.2020 წლამდე მიმოწერას.

5.12. სს .....ბანკის“ იურისტის, ვ. მ–ის ჩვენებით, შპს თ. და კ–ებში“ ძირითადი ტრანზაქციები დაიწყო 2020 წლიდან, ა–-დან. კომპანიის ანგარიშებზე ჩარიცხვები ხორციელდებოდა ძირითადად მ. ჰ....იდან“. თანხები ირიცხებოდა ნაწილ-ნაწილ. სულ გადმოირიცხა 1198360 ა– დოლარი. ჩარიცხვის შემდეგ თანხა ანგარიშზეც რჩებოდა და ფიზიკური თუ იურიდიული პირების ანგარიშზეც ირიცხებოდა. თანხები, ძირითადად, გადაირიცხა ა. ფ–ის ანგარიშზე ი–ში, კ. ზ–ის ანგარიშზე, ასევე –....., ვ. ი...ის ანგარიშზე ტ...ში და კომპანია „............“ ანგარიშზე, ასევე, ტ...ში. აგრეთვე, თანხა განაწილდა 15-16 თანამშრომელზე, ხოლო თანხის ნაწილი გაიტანეს ხელზე. ვინაიდან ამ ოპერაციების შემდეგ, ბანკს გაუჩნდა კითხვები, გამოკითხეს თ. ჯ–ა და მოსთხოვეს საქმიანობის სფეროს დაზუსტება. პასუხად მიიღეს, რომ საწარმოს საქმიანობის სფერო გაფართოვდა, მის საქმიანობას წარმოადგენდა არა მარტო იმპორტ-ექსპორტი (ღვინო), არამედ გადავიდოდა მშენებლობაზე, მისი ბრუნვა იქნებოდა 30 მილიონი ლარი წლიურად, უნდა ჰყოლოდა 16 თანამშრომელი, ექნებოდა 50000-მდე სახელფასო ფონდი, ასევე, აიტი ტექნოლოგიები და ა.შ. თ. ჯ–ამ ვერ გასცა პასუხი, თუ რა ბიზნეს გამოცდილება ჰქონდა. ამასთან, ჩარიცხული თანხები მიზნობრივად არ იხარჯებოდა. ჯ–მ ვერც შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა ბანკს. საბოლოოდ, უარყო, რომ ა. ფ–ი იყო მისი თანამშრომელი, განმარტა, რომ საერთოდ არ იცნობდა და არ იცოდა, სად იყო. ბანკი დაეჭვდა, ანგარიშები და სვიფტი გაუჩერა, გადარიცხვის საშუალებები არ მისცა და ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდა.

5.13. ფიზიკურიმა პირებმა – ჯ. ქ–მა და თ. ჩ–ემ დაადასტურეს მ. ჰ....ისაგან“ მათ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა და განმარტეს, რომ თ. ჯ–ამ სთხოვა ანგარიშის გამოყენება და ბარათი, რომელშიც ჩაირიცხებოდა თანხები. მათი ბარათი ჰქონდა თ. ჯ–ას, ფულიც თვითონ გამოჰქონდა და იყენებდა. ე. ჯ–ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ თ. ჯ–ამ მისი სახელით აიღო სესხი, ასევე, განუმარტა, რომ სესხის აღების მიზნით, გააფორმებდა კომპანიაში და დაურიცხავდა ხელფასს. ვარაუდობს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა ხელფასი, თუმცა, ამის შესახებ დეტალები არ იცის. ამ თანხით პირადად არასდროს უსარგებლია. ისიც კი არ იცის, კომპანიაში რა თანამდებობაზე იყო გაფორმებული. მისთვის არ არის ცნობილი რომელ კომპანიაში, რა პოზიციაზე იყო დასაქმებული. შპს თ. და კ–ებში“ არასდროს უმუშავია და არც აღნიშნული კომპანიიდან ჩარიცხული თანხა აუღია. ე. ჯ–ას ვარაუდით, კომპანია და მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა უნდა ეკუთვნოდეს თ. ჯ–ას.

5.14. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ა. კ–მა განმარტა, რომ საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ თ. ჯ–ასა და მის მფლობელობაში არსებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე თანხის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო ა-ში რეგისტრირებული კომპანიის – „M.... H.... I...“-ის საბანკო ანგარიშიდან თანხის გადმორიცხვა.

5.15. მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, შპს თ. და კ–ების“, შპს „ე.ქ. ვ–ისა“ და შპს კ–ა ე–ა პ–ის“ ანგარიშზე „M... H... I...-ისგან“ დიდი ოდენობით თანხების ჩარიცხვა, ჩარიცხული თანხების კომპანიების ანგარიშებიდან ეტაპობრივად გადარიცხვა სხვადასხვა პირებისათვის, მათ შორის, A... F..-ის (ანგარიში .....), K.... Z...-ის (ანგარიში .....), V... I...-ისა (ანგარიში ტ...ში) და კომპანია „............-ის“ (ანგარიში ტ...ში) სასარგებლოდ, თანხების გარკვეული ნაწილის ხელფასის სახით სხვადასხვა პირებისათვის, მათ შორის, თ. ჯ–ას ნათესავებისათვის გადარიცხვა, ხოლო თანხის ნაწილის ანგარიშიდან გატანა, თ. ჯ–ას პირად ანგარიშებზე თანხის ბრუნვა დადასტურებულია საქმეში არსებული საბანკო ანგარიშების ამონაწერებითა და 2020 წლის 21 ოქტომბრის, 10 ნოემბრის, 11 ნოემბრისა და 12 ნოემბრის ბანკის ფილიალებში შესრულებული ყველა ტრანზაქციის შესახებ მონაცემების დათვალიერების ოქმებით, აგრეთვე – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვ. ხ–ს 2020 წლის 16 ივლისის N........და 2020 წლის 31 ივლისის N..... წერილებით, მათზე თანდართული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის საქმის რეზიუმეთი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გამოგზავნილი მასალებით.

5.16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს თ. ჯ–ას მიერ ფულის დანაშაულებრივი წარმომავლობის დაფარვის ან/და დამნაშავე პირების მოსალოდნელი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების სპეციალური მიზნით მოქმედების დაუდასტურებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის 15 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „f“ ქვეპუნქტის, „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის, „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1990 წლის 8 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის 19 დეკემბრის კონვენციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცოდნა, განზრახვა ან მიზანი, როგორც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის ელემენტები, შეიძლება დადგინდეს ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათ შორის, ტრანზაქციების, თანხების ბრუნვის, მიმოქცევისა და ოდენობის, გადარიცხვების სიმრავლის, ადრესატთა ვინაობისა და მათი რაოდენობის, თ. ჯ–ას მიერ ბანკისთვის მიწოდებული არასწორი, დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციების, ინვესტირების დანიშნულებით ჩარიცხული თანხების არადანიშნულებისამებრ განკარგვის, ფიზიკური პირებისათვის ვითომდა ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური მიზნის არარსებობასთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულია.

5.17. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, იმის შესახებ, რომ თ. ჯ–ა თანხის დანაშაულებრივი გზით დაუფლების მონაწილედ მიჩნევის შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს ფულის გათეთრების სუბიექტი. „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის 15 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „e“ ქვეპუნქტის, „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „b“ ქვეპუნქტისა და „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1990 წლის 8 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, შესაძლებელია, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულები არ გავრცელდეს პრედიკატული დანაშაულის ჩამდენ პირებზე. ამდენად, ხსენებული კონვენციები პრედიკატული დანაშაულის ჩამდენ პირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუბიექტთა წრიდან სავალდებულო წესით არ გამორიცხავს. ამგვარ დათქმას არც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. გარდა ამისა, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს პირდაპირ მითითებას თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში თ. ჯ–ას უშუალო მონაწილეობის შესახებ, არამედ მას ედავებიან დანაშაულის შედეგად მოპოვებული თანხების ლეგალიზაციას, რომლის დანაშაულებრივი წარმომავლობაც მისთვის ცნობილი იყო ჯ. მ–თან კავშირებიდან გამომდინარე, რაც უტყუარად დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

5.18. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის განმარტებას იმის შესახებ, რომ თუნდაც დადგენილი იყოს პრედიკატული დანაშაულის ფაქტი, ფულის გათეთრებით დამატებით კვალიფიკაცია არასწორია, რადგან სახეზეა ერთი, განგრძობადი დანაშაული. საქართველოს სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. ამდენად, საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დამოუკიდებელი ქმედების (ამ შემთხვევაში – თანხის მოტყუებით დაუფლება და შემდგომ მისი ლეგალიზაცია) ჩადენა ვერ შეფასდება განგრძობად დანაშაულად. ასევე, უსაფუძვლოა ადვოკატის განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ფულის გათეთრების მიზნით გადმორიცხული თანხის ნაწილი მიქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში, თანხის ამ ნაწილში, სახეზეა დანაშაულის მცდელობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მოცემულ შემთხვევში, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედების შემადგენლობა, მართლსაწინააღმდეგოდ და ბარლეულად, სრულად განხორციელებულია, რაც ვერ შეფასდება დაუმთავრებელ დანაშაულად. სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევას, კი კავშირი არ გააჩნია პირის ქმედების კვალიფიკაციასთან.

5.19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა მხედველობაში მიღებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ჯ–ას, შპს თ. და კ–ების“, შპს „ე.ქ. ვ–ისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის/გაუქმების საფუძველი.

5.20. რაც შეეხება ს. ბ–სათვის ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს, კერძოდ:

5.21. საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ 2020 წლის 22 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე. კ–მა (თ. ჯ–ას დედა) რ. დ–საგან შეიძინა ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 450 კვ.მ.) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი: 180,22 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი: 93,46 კვ.მ.), საკადასტრო კოდით: ........... ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 330000 ა– დოლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. 2021 წლის 18 ივნისს, აღნიშნული უძრავი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა თ. ყ–მ და დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ.

5.22. საჯარო რეესტრის 2021 წლის 30 ივლისის ამონაწერით, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება ს. ბ–ი. ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. თუმცა, საქმის მასალების თანახმად, ს. ბ–მა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 30 ივლისის განცხადებას საფუძვლად დაუდო ნასყიდობის ხელშეკრულება. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ თ. ყ–სა და ს. ბ–ს შორის 2021 წლის 30 ივლისს გაფორმდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 350000 ა– დოლარის ექვივალენტი ეროვნული ბანკის კურსით ეროვნულ ვალუტაში, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.

5.23. თ. ყ–იას ჩვენებით, დასტურდება, რომ თ. ჯ–ა არის მისი ბავშვობის მეგობარი. თემური მას დაუკავშირდა და სთხოვა, თ–ში, ზ–ს ქუჩაზე მდებარე სახლის მის სახელზე გადაფორმება, ვინაიდან უნდოდა იპოთეკური სესხის აღება, რასაც დასთანხმდა. მოწმის განმარტებით, 2021 წლის ივნისში ფორმალურად გადაიფორმა ბინა, რითაც დაეხმარა მეგობარს. შემდგომ, თემური კვლავ დაუკავშირდა და სთხოვა სს „....... ბანკში“ მისვლა, რათა უძრავი ქონება ს. ბ–ის სახელზე გადაეფორმებინათ. ს. ბ–ი ნახა მხოლოდ მაშინ. მოწმის განმარტებით, მას სახლით არასდროს უსარგებლია და სარგებელიც არ მიუღია.

5.24. ს. ბ–ის ჩვენებით, 2021 წლის 30 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 350000 ა– დოლარად, თ. ჯ–ასგან შეიძინა თ–ში, ზ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. თ. ჯ–ას მთლიანი თანხა არ სჭირდებოდა და შეთანხმდნენ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე. ბანკიდან აიღო სესხი 400000 ევროს ოდენობით, რომლიდანაც გამოიტანა 150000 ევრო. თ. ჯ–ას, პირველ ჯერზე, გადაუხადა თანხის ნაწილი – რამდენადაც ახსოვს, 200000 დოლარი. მის საბანკო ანგარიშზე დარჩენილი თანხა კი, რომელიც შეადგენდა 250000 ევროს, გამოიყენა მიმდინარე სესხების დასაფარად. თ. ჯ–ას დარჩენილი თანხა გადაუხადა ეტაპობრივად. თანხას უხდიდა ლარში, ნაღდი ანგარიშსწორებით, რადგან ჯ–ს არ სურდა მის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. მოწმის განმარტებით, ზ–ს ქუჩაზე მდებარე სახლში შემდგომში ცხოვრობდნენ თ. ჯ–ას მშობლები, ვინაიდან მეგობრული შეთანხმება ჰქონდათ, რომ ერთი წელი დარჩებოდნენ სახლში. თ. ჯ–ას მშობლები ახლაც აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ.

5.25. ს. ბ–ის პერსონალური ბანკირის, ს. კ–ს განმარტებით, ს. ბ–ისათვის გასაცემი სესხი – 300000 ევრო განსაზღვრული იყო თ–ში, ზ–ს ქუჩის N..-ში მდებარე სახლის შესაძენად, რომელიც გადაფორმდა ს. ბ–ის სახელზე და მასზე სს „.... ბანკის“ იპოთეკა გავრცელდა. მოწმის განმარტებით, ს. ბ–მა ხსენებული თანხით შეიძინა თუ არა უძრავი ქონება, არ იცის.

5.26. ფარულად ვიზუალური კონტროლის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ თ. ჯ–ა, 2022 წლის 18 ივნისის 15:00 საათიდან 2022 წლის 19 ივნისის 08:00 საათამდე, დღის სხვადასხვა პერიოდში შედის თ–ში, ზ–ს ქუჩის N..-ში მდებარე სახლში.

5.27. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა ქონების ჩამორთმევის საკითხი. ადვოკატის საჩივარს სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. იმავდროულად, განაჩენით ჩამორთმეულ იქნა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, რასაც არ გააჩნია შემხებლობა ბრალდების ფარგლების გაცდენის საკითხთან.

5.28. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – თ. ჯ–ას, შპს “ე.ქ. ვ–ს“, შპს თ. და კ–ებისა“ და შპს „ხ–ი ვ–ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატის – ჯ. შ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე