საქმე N 200100124009112986
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №484აპ-25 16 სექტემბერი, 2025 წელი
ჩ. ზ., №484აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ჩ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით ზ. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). 2024 წლის 1 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ა–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ზ. ჩ–ს აეკრძალა დასთან – თ. ჩ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად, 2024 წლის 6 აპრილს, დაახლოებით, 20:45 საათზე, ა. რაიონის სოფელ კ-ში მდებარე თ. ჩ–ის საცხოვრებელ სახლში, შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის ნასამართლევმა ზ. ჩ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ. ჩ–ს, რითაც ზ. ჩ–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით:
ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება;
ზ. ჩ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2024 წლის 6 აპრილიდან.
3.2. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეული ეპიზოდისთვის, დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათი. სააპელაციო პალატის შეფასებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოითვლება ინდივიდუალურად. ვინაიდან, ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით მსჯავრდებისათვის დადგენილი ნასამართლობის ვადა გაქარწყლებული იყო, პალატამ მსჯავრდებულს ქმედება არ მიიჩნია არაერთგზის ჩადენილად. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ რეციდივისა (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა) და დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო, მსჯავრდებულს გაუმკაცრა თავისუფლების აღკვეთის ზომა.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ნასამართლობის გაქარწყლების საკითხი. პროკურორის მტკიცებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოითვლება არა ინდივიდუალურად – თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე, არამედ – საბოლოოდ დანიშნული სასჯელის გათვალისწინებით. კასატორის შეფასებით, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით ზ. ჩ–ს საბოლოო სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაქარწყლდებოდა საბოლოო სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო გასული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ჩ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით, ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათი;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათი;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
5.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის N03-22-1549 გადაწყვეტილებით, ზ. ჩ–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 4 თვითა და 14 დღით ადრე – 2022 წლის 10 ოქტომბერს.
5.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – კახეთის პრობაციის ბიუროს შეტყობინების თანახმად, ზ. ჩ–ის მიმართ საქმისწარმოება დამთავრდა 2023 წლის 23 თებერვალს.
5.6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის ვადის გაქარწყლებას სხვაგვარად მოაწესრიგებდა. სასჯელთა შეკრების ან შთანთქმის შემთხვევაში, ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, არ მოიცავს სხვა, უფრო მსუბუქი დანაშაულის ნასამართლობის გაქარწყლების ვადასაც და სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინება ყოველი მუხლისათვის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად (დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად) მიმდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №416აპ-18 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის N777აპ-20 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის N753აპ-22 განაჩენი). ამდენად, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა და პროკურორის არგუმენტი, თითქოს, სააპელაციო სასამართლოს მსჯალობა არ შეესაბამება კანონმდებლობასა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას, საფუძველს მოკლებულია.
5.7. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა აითვლება პირობითი მსჯავრის მოხდის მომენტიდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის N691აპ-21 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის N742აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის N516აპ-22 განაჩენი).
5.8. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ჩ–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 4 თვითა და 14 დღით ადრე, 2022 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო პრობაციის ბიუროში მის მიმართ საქმისწარმოება დამთავრდა 2023 წლის 23 თებერვალს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით, ზ. ჩ–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით მსჯავრდებისათვის და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა ინდივიდუალურად, თითოეული მუხლისათვის ცალ-ცალკე აეთვლება სასჯელის მოხდიდან, კერძოდ – 2023 წლის 23 თებერვლიდან. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაუქარწყლდა სასჯელის მოხდიდან (2023 წლის 23 თებერვლიდან) ერთი წლის შემდეგ – 2024 წლის 23 თებერვალს. ამდენად, ზ. ჩ–ს ახალი დანაშაულის ჩადენის დროს – 2024 წლის 6 აპრილს, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, რის გამოც, ბრალად ვერ შეერაცხება დანაშაულის არაერთგზის ჩადენა.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე