საქმე N 120100124009580212
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №485აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი
ე. რ., №485აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ე–ი (E. R., პასპორტის ნომერი: ........., დაბადების თარიღი: ..........წ.) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, ქ. ნ–ში, მ–ს ქუჩის №... ში მდებარე ე–ბისის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ე–მა ორივე ხელი მოუჭირა მხრის არეში დედას – ლ. ე–ს და სცადა მისი ფანჯრიდან გადაგდება, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი წაიქცა, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები გულმკერდის არეში.
1.3. 2023 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, ქ. ნ–ში, მ–ს ქუჩის №...-ში მდებარე ე–ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ე–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს – ლ. ე–სა და პ. ე–ს, კერძოდ, უთხრა, რომ ორივეს მოკლავდა, თუ სახლიდან არ წავიდოდნენ. ლ. ე–სა და პ. ე–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ქ. ნ–ში, მ–ს ქუჩის №... ში მდებარე ე–ბის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ე–მა ხელი ჰკრა დედას – ლ. ე–ს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ქ. ნ–ში, მ–ს ქუჩის №... ში მდებარე ე–ბისის ოჯახის საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ე–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს – ლ. ე–სა და პ. ე–ს, კერძოდ, უთხრა, რომ ორივეს მოკლავდა, თუ სახლიდან არ წავიდოდნენ. ლ. ე–სა და პ. ე–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2024 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ნ–ს რაიონის სოფელ ო–ში მდებარე ქ. თ–ის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ე–მა მეუღლის დედას – ქ. თ–ს ესროლა ჩაიდანი, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა სხეულზე. შედეგად, ქ. თ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, მიიღო დაზიანებები მუცლისა და მარცხენა ხელის მტევნის არეში.
1.7. 2024 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ნ–ს რაიონის სოფელ ო–ში მდებარე ქ. თ–ის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, რ. ე–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლის დედას – ქ. თ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, თუ მისსავე სახლიდან არ წავიდოდა. ქ. თ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
რ. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 6 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
რ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
რ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ე–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – კონსტანტინე ბახუტაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ. ე–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – კონსტანტინე ბახუტაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ. ე–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი რ. ე–ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში უკანონოა, რადგან საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით (პ. ე–ის შეტყობინებით, ა. ფ–ს, გ. დ–ს, რ. ე–სა და ლ. დ–ს ჩვენებებით, ლ. ე–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით), ასევე, თავად მსჯავრდებულის აღიარებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ე–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. გარდა ამისა, პროკურორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ე–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 6 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა – ლ. ე–მა და პ. ე–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხსენებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.4. გ. დ–ს, ა. ფ–სა და რ. ე–ს გამოკითხვის ოქმებში (უდავო მტკიცებულებები) ასახული ინფორმაცია, ერთი მხრივ, მიემართება მხოლოდ 2023 წლის 9 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, ხოლო, მეორე მხრივ, გამოკითხვისას მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვერ ადასტურებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, გ. დ–მა დაადასტურა რ. ე–სა და ლ. ე–ს შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება და განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებს არ შესწრებია. ა. ფ–ის განმარტებით, მას უშუალოდ არ უნახავს 2023 წლის 9 დეკემბერს განვითარებული მოვლენები და რ. ე-საგან შეიტყო რ. და ლ. ე–ბისს შორის არსებული უთანხმოების - სიტყვიერი შელაპარაკების შესახებ. ანალოგიურიად, გამოკითხვისას რ. ე–მაც უარყო რ. ე–ის მიერ დაზარალებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ჩადენა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ ლ. დ–ს გამოკითხვის ოქმს, მასში მითითებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც შეეხება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, ირიბია. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერც დანაშაულის შესახებ შეტყობინება დაედება, რადგან, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა/სისწორე უნდა გადამოწმდეს/დადასტურდეს შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებებითა და მათ შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, შეტყობინება ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ ლ. ე–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრულად ემყარება დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი არაინფორმატიულია ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩამდენი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით. ამ პირობებში, მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. ე–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 6 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. რაც შეეხება რ. ე–ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 17 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მათი ჩადენის ხერხი, დამდგარი შედეგი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულების აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, დაზარალებულთან შერიგება), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისთვის და შემდგომ, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ე–ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლების სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე