საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №487აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი
ა. ზ., №487აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ა-ეს ბრალად ედებოდა:
ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი);
ბ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
1.2. ზ. ა-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 20:45 საათზე, თ-ში, ზ. ფ-ის ქუჩის №- ბინა №--ში, ზ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. კ-ს და მისი ოჯახის წევრებს: თ. ზ-ას, ე. ზ-ას, მ. ზ-ას და არასრულწლოვან გ. კ-ს, კერძოდ, უთხრა: „–ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები შენ და შენს ოჯახის წევრებს, დაგხოცავთ ყველას!“; „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები, მოგკლავ, შენს მეუღლეს და შვილებსაც მოვკლავ!“. თ. ზ-ამ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.2. 2024 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 20:45 საათზე, თ-ში, ზ. ფ-ის ქუჩის №- ბინა №--ში, ზ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. კ-ს და მისი ოჯახის წევრებს: თ. ზ-ას, ე. ზ-ას, მ. ზ-ას და არასრულწლოვან გ. კ-ს, კერძოდ, უთხრა: „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები შენ და შენს ოჯახის წევრებს, დაგხოცავთ ყველას!“; „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები, მოგკლავ, შენს მეუღლეს და შვილებსაც მოვკლავ!“. ლ. კ-მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2024 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 20:45 საათზე, თ-ში, ზ. ფ-ის ქუჩის №- ბინა №--ში, ზ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. კ-ს და მისი ოჯახის წევრებს: თ. ზ-ას, ე. ზ-ას, მ. ზ-ას და არასრულწლოვან გ. კ-ს, კერძოდ, უთხრა: „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები შენ და შენს ოჯახის წევრებს, დაგხოცავთ ყველას!“; „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები, მოგკლავ, შენს მეუღლეს და შვილებსაც მოვკლავ“. ე. ზ-ამ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.4. 2024 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 20:45 საათზე, თ-ში, ზ. ფ-ის ქუჩის №- ბინა №--ში, ზ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. კ-ს და მისი ოჯახის წევრებს: თ. ზ-ას, ე. ზ-ას, მ. ზ-ას და არასრულწლოვან გ. კ-ს, კერძოდ, უთხრა: „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები შენ და შენს ოჯახის წევრებს, დაგხოცავთ ყველას!“; „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები, მოგკლავ, შენს მეუღლეს და შვილებსაც მოვკლავ!“. მ. ზ-ამ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.5. 2024 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 20:45 საათზე, თ-ში, ზ. ფ-ის ქუჩის №- ბინა №--ში, ზ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. კ-ს და მისი ოჯახის წევრებს: თ. ზ-ას, ე. ზ-ას, მ. ზ-ას და არასრულწლოვან გ. კ-ს, კერძოდ, უთხრა: „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები შენ და შენს ოჯახის წევრებს, დაგხოცავთ ყველას!“; „ლ. კ-ო, სადარბაზოში დაგხვდები, მოგკლავ, შენს მეუღლეს და შვილებსაც მოვკლავ!“. არასრულწლოვანმა გ. კ-მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით:
2.1.1. ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ. ზ-ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
2.1.2. ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ. კ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
2.1.3. ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე. ზ-ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
2.1.4. ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ზ-ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;
2.1.5. ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და, საბოლოოდ, ზ. ა-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ ჩინჩალაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი – თამარ ჩინჩალაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის ზ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ზ. ა-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე, შინაპატიმრობას, ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი – ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნება და ზ. ა-ეს თითოეული დანაშაულისთვის განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ჩაუთვალა პირობითად, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, კანონიერად გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზ. ა-ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია.
4.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე