Facebook Twitter

საქმე N 140100124009801157

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №506აპ-25 17 სექტემბერი, 2025 წელი

ა. ო. ჯ., №506აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. ა. ო. (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 9 ივლისს, საღამოს, კ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევმა ჯ. ა. ო.მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ჯ.ა. ო–ის მიაჩნია, რომ მისმა მეუღლემ, როგორც ქალმა, უნდა აიტანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთანავე როგორც ქალზე ეჭვიანობს და ეძახის შეურაცხმყოფელ სიტყვებს), მეუღლეს - ჯ. ა. ო–ის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მინის ჭიქა ესროლა და მოარტყა თავში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2024 წლის 11 ივლისს, შუადღის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევმა ჯ.ა. ო–იმ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ჯ.ა. ო–ის მიაჩნია, რომ მისმა მეუღლემ, როგორც ქალმა, უნდა აიტანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთანავე როგორც ქალზე ეჭვიანობს და ეძახის შეურაცხმყოფელ სიტყვებს), მეუღლეს - ჯ. ა. ო–ის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ კი დანის ტარი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2024 წლის 11 ივლისს, შუადღის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისათვის ნასამართლევი ჯ. ა. ო., გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ჯ.ა. ო–ის მიაჩნია, რომ მისმა მეუღლემ, როგორც ქალმა, უნდა აიტანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთანავე როგორც ქალზე ეჭვიანობს და ეძახის შეურაცხმყოფელ სიტყვებს), მეუღლეს - ჯ. ა. ო–ის დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ. ა. ო.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენით, ჯ. ა. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ჯ. ა. ო.ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 8 მაისს, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა ჯ. ა. ო–ს ბრალეულობა. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ჯ. ა. ო.ს მიმერთ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ჯ. ა. ო–ის შეტყობინებით, მოწმეების მ. თ–სა და ზ. ბ–ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ბიოლოგიური (სერიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, ჯ. ა. ო–იმ მიუთითა ძალადობის და მუქარის ფაქტებზე და დანაზე, რომლის დემონსტრირებითაც მეუღლემ მასზე იძალადა და დაემუქრა. ანალოგიური დაადასტურა ჯ. ა. ო–იმ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ჯ. ა. ო–ს მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ჯ. ა. ო–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებული: ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (ორი ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა – ჯ. ა. ო–იმ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ჯ. ა. ო.ს მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – მ. თ–სა და ზ. ბ–ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ სასამართლოში დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.8. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმარტებით, ჯ. ა. ო–მ იძალადა მასზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან – ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.10. საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ჯ. ა. ო–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა გამართლებულის მონაწილეობას ბრალადწარდგენილ დანაშაულებში. ცალკე აღებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები კი, ვერ განსაზღვრავს ვერც დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობას, ვერც ზუსტ დროს და იმ გარემოებებს, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები დაზარალებულმა.

5.11. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჯ. ა. ო–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ჯ. ა. ო–ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.13. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობისაგან.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე