საქმე N 330100124009525581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №538აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი
ბ. ფ., №538აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ფ. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 2 მაისს, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე დროის შუალედში, თ–ში, ......ის ქუჩის მხრიდან ს–ს .........ის ა......... შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. ბ–ი თავს დაესხა ..........ის წარმომადგენელს, შინაგანი საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს ინსპექტორს მეხანძრე- მაშველს თ. ხ–ს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ფ. ბ–მა ესროლა მას ქვა და მოარტყა მარცხენა მხრის მიდამოში.
1.3. 2024 წლის 2 მაისს, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე დროის პერიოდში, თ–ში, ........ის ქუჩის მხრიდან ს–ს .........ს ........ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. ბ–მა ხელის მრავალჯერადი დარტყმით განზრახ დააზიანა ........ში შესასვლელი ა–ი, რამაც გამოიწვია 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის განაჩენით, ფ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ბ–ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. თუმცა, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ფ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლება, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 23 აპრილს, მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ბ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის ცვლილება და ფ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამართლება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უკანონოა. გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს ფ. ბ–მა არ უარყო ფაქტობრივი გარემოება, რომ მან ისროლა ქვა გაურკვეველი მიმართულებით, მაგრამ ისიც არ იცოდა მოხვდა თუ არა ვინმეს, მით უფრო არ ჰქონია განზრახვა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის (თ. ხ–ი), რომელსაც არ იცნობდა მიეყენებინა ზიანი. მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული კი ითვალისწინებს ხელისუფლების წარმომადგენელზე განზრახ თავდასხმას. შესაბამისად, ქმედება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, რაც გულისხმობს, რომ დამნაშავეს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ თავს ესხმის ხელისუფლების წარმომადგენელს, აცნობიერებს შედეგს და სურს ეს შედეგი. ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა ნაწილი მიჩნეულ იქნა უდავოდ, თუმცა აღნიშნული სასამართლოს არ აძლევდა უფლებას შეფასების გარეშე დაეტოვებინა ისინი. დაცვის მხარეს ასევე გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ფ. ბ–ი იყო 19 წლის, იგი არის ნასამართლობის არმქონე და აღიარებს ჩადენილს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფ. ბ–ის მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ნაწილში მსჯავრდების კანონიერება.
5.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ – თ. ხ–ის, მოწმეების – დ. ა–ს, მ. წ–ს, ლ. ვ–ს გამოკითხვის ოქმებს, ი. გ–ს და გ. ჩ–ს ჩვენებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული სისტემიდან და ტელეკომპანია „....“-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, ფ. ბ–ის პირადი და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ ტანსაცმელს, სამედიცინო ექსპერტიზის №.......... და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №............ დასკვნებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის სადავო ეპიზოდში მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.5. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაზარალებული თ. ხ–ი არის შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს ინსპექტორი. იგი 2024 წლის 1-2 მაისს, ს–ს ..........ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა ს–ს ........ს ეზოში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემიდან და ტელეკომპანია „....“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების თანახმად, აუდიო/ვიდეო ფაილში სახელწოდებით „..........“ ჩანს ს–ს .........ის შენობის შესასვლელი კარი, ........ ქუჩის მხრიდან, სადაც თავმოყრილი არიან აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ვიდეო ფაილში 00:09 წუთიდან ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, მოშავო ოდნავ მოგრძო თმით, რომელსაც აცვია მოკლემკლავიანი თეთრი მაისური, მუქი შარვალი და შავ ფერში გაწყობილი თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, მას ზურგზე მოფარებული აქვს საქართველოს დროშა, ხსენებული პიროვნება 00:13:40 წუთზე იღებს ქვას და ისვრის .........ს ეზოში, ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცი ასევე ჩანს დროის სხვადასხვა მონაკვეთშიც ხსენებული კარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე ამავე ტელეკომპანიიდან გამოთხოვილ აუდიო/ვიდეო ფაილში სახელწოდებით „.........“, ჩანს იგივე ტერიტორია და აქციის მონაწილეები, რომლებიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობენ კარის გაღებას, ერთ-ერთი მათგანი არის მოშავო ოდნავ მოგრძო თმით, რომელსაც აცვია მოკლემკლავიანი თეთრი მაისური, მუქი შარვალი და შავ ფერში გაწყობილი თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, მას ზურგზე მოფარებული აქვს საქართველოს დროშა, ხოლო მარჯვენა ხელზე აღენიშნება (ტატუ) წარწერა „..........“. 00:04:15 წუთზე ჩანს, თუ როგორ ძვრება ხსენებული პიროვნება კარზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით აძრობს და აზიანებს ა–ს ო–ს. ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცი ასევე ჩანს დროის სხვადასხვა მონაკვეთშიც ხსენებული კარის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ფ. ბ–ის მონაწილეობა უტყუარად არის დადასტურებული, როგორც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №......... დასკვნით, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ამოღებული ტანსაცმლითა და მოწმეების განმარტებებით. სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით კი დასტურდება, რომ მოქ. თ. ხ–ს სხეულზე გარეგნულად მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 01.05.2024წ. თარიღს.
5.6. შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია ფ. ბ–ის მიერ ს–ს ..........ის ეზოში ქვის სროლის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ფ. ბ–ს არ ჰქონია თ. ხ–ის დაზიანების განზრახვა და მან ქვა გაურკვეველი მიმართულებით ისროლა არ უნდა იქნეს გაზიარებული, უსაფუძვლობის გამო.
5.7. საკასაციო პალატა თავდაპირველად მიმოიხილავს აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებულ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, შემდგომ კი სამართლებრივად შეაფასებს ფ. ბ–ის ქმედებას. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულის დანაყოფის წევრები, რომელთაც ეცვათ სპეციალური სახანძრო (ცეცხლგამძლე) ტანსაცმელი და ეფარათ ჩაფხუტი მართლზომიერად იმყოფებოდნენ პარლამენტის შიდა ეზოში. აქციის მონაწილეები, მათ შორის ფ. ბ–ი, იყვნენ ჭიშკრის გარეთ, საიდანაც ამ უკანასკნელმა მეხანძრე-მაშველებს, მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ესროლა ქვა, რომელიც მოხვდა თ. ხ–ს. შესაბამისად, აქციის მონაწილეთა და მეხანძრე-მაშველებს შორის არსებული მანძილის და განლაგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ფ. ბ–ისათვის აღქმადი იყო, რომ პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებსაც მიზანმიმართულად ესროლა ქვა და მოცემულ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ მათგანს მოხვდებოდა იგი. იმ პირობებში კი, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედებები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას იყო მართლზომიერი - სხვა მოტივზე საუბარი არარელევანტურია.
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N527აპ-17 გადაწყვეტილება).
5.9. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს საქმის საპროცესო ნორმების დარღვევით განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე. კერძოდ, დაცვის მხარის პოზიციით სასამართლომ შეაფასების გარეშე დატოვა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები.
5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის კუთხით ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე – მათი საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2024 წლის 1 მარტის N910აპ-23, 2023 წლის 26 ოქტომბრის N857აპ-23, 2023 წლის 18 ოქტომბრის N704აპ-23 განჩინებები). ამდენად, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა სასამართლოს არ ათავისუფლებს მათი შეფასების ვალდებულებისაგან და არ გულისხმობს მათი შინაარსის იგნორირებას. ის ფაქტი, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა ნამდვილად შეაფასეს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები დასტურდება განაჩენებით, სადაც სასამართლო მიმოიხილავს აღნიშნული მტკიცებულებებს და აფუძნებს გამამტყუნებელ განაჩენს.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ფ. ბ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
5.12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.13. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.
5.15. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ბ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე