Facebook Twitter

საქმე N 330100124009018536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №540აპ-25 29 სექტემბერი, 2025 წელი

კ. გ., №540აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. კ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. გ. კ–ს მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის – ქ. ე–ის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მისი და მისი ოჯახის ღირსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განიზრახა „ღირსების აღდგენის“ მიზნით მოეკლა ქ. ე–ე. 2024 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 06:00 საათზე, თ–ში, ....., მე-.. მ/რ, №.., ბინა №..-ში არსებულ თავის საცხოვრებელ ბინაში, გ. კ–მა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ქ. ე–ეს, „ღირსების აღდგენის“ მოტივით – გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად ქ. ე–ე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, გ. კ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

გ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის ,,კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2024 წლის 09 იანვრიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 06:00 საათზე, თ–ში, ...., მე-.. მ/რ №.., ბინა №..-ში არსებულ თავის საცხოვრებელ ბინაში, გ. კ–მა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ქ. ე–ეს, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად ქ. ე–ე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენი გ. კ–ის მიმართ, დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 14 აპრილს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. კ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გამართლებისა და სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის ნაწილში უკანონოა. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით ცნო უდავოდ. გ. კ–ის მიერ მეუღლის – ქ. ე–ის გენდერის ნიშნით მკვლელობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად კასატორი მიიჩნევს მოწმეების – თ. კ–ს, მ. ე–სა და ხ. გ–ს გამოკითხვის ოქმებს. მოწმე თ. კ–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გ. კ–ი ქ. ე–ემდე 2014-2016 წლებში დაოჯახებული იყო თ. კ–ეზე. მოწმის განმარტებით, როგორც შეყვარებულობის, ისე ქორწინებისას, იგი იყო გ. კ–ისგან გამუდმებული ბულინგის მსხვერპლი. გ. კ–ი მას არ მიიჩნევდა ადამიანად, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მეტიც, შვილად აღიარებდა და მამობრივ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა მხოლოდ ბიჭი შვილის – ა–ას მიმართ, ხოლო გოგონა შვილს – ა–ს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. თ. კ–ის ჩვენებით, გ. კ–მა ა–აზე მშობიარობის შემდეგ, სამშობიაროში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა იმის გამო, რომ შვილს არ დაარქვა მამამისის სახელი – ო–ი. გ. კ–ს დამცირებად და სირცხვილად მიაჩნდა ქალის მიერ ავტომობილის მართვა და როდესაც თ. კ–ე მართავდა ავტომობილს, გ. კ–ი მანქანაში არ ჯდებოდა და ტაქსით მიჰყვებოდა უკან. ამავე ჩვენების მიხედვით, თ. კ–ის უნივერსიტეტში წასვლის გამო, შვილს – ა–ას თავზე ალაგ-ალაგ შეაჭრა თმები და აღნიშნულით იძია შური. ამასთან, თანაუნივერსიტეტელ ბიჭთან გამოცდების ირგვლივ მესიჯის მიწერის გამო, დაუმსხვრია ლეპტოპი. აღნიშნულის დამადასტურებელია თ. კ–ის დაცვის მიზნით გ. კ–ის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი. ასევე უდავო მტკიცებულებაა გარდაცვლილის დის – მ. ე–ის გამოკითხვის ოქმი. ხსენებული ოქმის თანახმად, გ. კ–ი უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა ქ. ე–ეზე, ებუტებოდა და დღეების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მას, რაც კასატორის პოზიციით ფსიქოლოგიური ბულინგის ერთ-ერთი სახეა. უშლიდა სახლიდან მის გარეშე გასვლას, კერძოდ, მაღაზიაში წასვლის დროსაც კი ცდილობდა მასთან ერთად ყოფილიყო. არ აძლევდა ნებას ქ. ე–ეს თავისი ნება-სურვილით ჩაეცვა ის მაისური, რომელიც მას სურდა და მუდმივად უკონტროლებდა ჩაცმულობას. ქ. ე–ის თანამშრომლის – ხ. გ–ს ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) ქ. ე–ემ დეკრეტში გასვლისთანავე გააუქმა სოციალური ქსელები და კონტაქტი გაწყვიტა თანამშრომლებთან. აღნიშნული მტკიცებულებებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ წარმოჩენილია გ. კ–ის პიროვნული დამოკიდებულება ქალის მიმართ და მისი მესაკუთრული განწყობა მეუღლის მიმართ. საქმეზე წარმოდგენილია სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც გ. ო–ის-ძე კ–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ამასთან, გ. კ–ი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე დანაშაულის ჩადენის დროს. ამდენად, კასატორის აზრით ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, გ. კ–ს გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება მეუღლის – ქ. ე–ის მიმართ და სურდა ქ. ე–ეს ეცხოვრა მის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ცდილობდა მუდმივად ეკონტროლებინა ის და ქ. ე–ის ნებისმიერი მოქმედება შეთანხმებული ყოფილიყო მასთან. სწორად ეს დამოკიდებულება გახდა ქ. ე–ის მოკვლის მიზეზი, რაც სისრულეში მოიყვანა კიდეც გ. კ–მა 2024 წლის 9 იანვარს. რაც შეეხება სასჯელს, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიერ, ჩადენილი გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ცივი იარაღით - დანით. სასჯელის დანიშვნისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას, რომ ქ. ე–ე დანით უმოწყალოდ იქნა დაჩეხილი ქმრის მიერ, მათი საერთო ოთხი თვის შვილის გვერდით. შესაბამისად, სახეზე გვაქვს არაერთი დამამძიმებელი გარემოება, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს გ. კ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარისთვის სადავოა განაჩენის გამამართლებელი ნაწილი და დანიშნული სასჯელის სახე.

5.3. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოტივის განსაზღვრა შესაძლებელია ძირითადად მაშინ, თუ დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენის პროცესში ან მის შემდეგ შესაძლო დამნაშავის ნება გამჟღავნდა საზოგადოებაში რაიმე ფორმით და ობიექტურად შეცნობადი გახდა სხვებისათვის. ბრალდების მხარე გ. კ–ის მიერ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს, თ. კ–ს, მ. ე–სა და ხ. გ–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც სადავოდ არ გაუხდია მხარეებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. კ–ის გამოკითხვის ოქმი, მართალია შეიცავს მითითებებს გ. კ–ის მხრიდან სტერეოტიპული მიდგომების თაობაზე, თუმცა აღნიშნული უკავშირდება მხოლოდ მასსა და გ. კ–ს შორის არსებულ ურთიერთობას, შეყვარებულობისას და თანაცხოვრებისას. არც მოწმე მ. ე. მიუთითებს, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე გ. კ–ის და ქ. ე–ის თანაცხოვრების პერიოდში გ. კ–ის მხრიდან მესაკუთრული ან/და ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენის სურვილით განხორციელებულ ქმედებებზე. რაც შეეხება ხ. გ-ს გამოკითხვის ოქმს, მან მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებები დაასახელა და არ უთქვამს, რომ დაზარალებულმა სწორედ გ. კ–ის მოთხოვნითა და მითითებით გააუქმა სოციალური ქსელები. შესაბამისად, ხსენებული გარემოებების იმდაგვარად შეფასება, როგორც ამას კასატორი მიუთითებს - მხოლოდ ვარაუდია და არ დასტურდება ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებებით.

5.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. კ–მა მსჯავრადშერაცხილი ქმედება ჩაიდინა გენდერის ნიშნით და კვლავაც განმარტავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის ან/და სქესის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენის სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, აღნიშნული არ დასტურდება.

5.5. რაც შეეხება, კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.6. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ შეიძლება რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უმკაცრესი ზომა განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე