Facebook Twitter

საქმე N 030100124010232399

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №542აპ-25 23 სექტემბერი, 2025 წელი

ლ. გ., №542აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე – ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ლ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 18:20 საათზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ. ლ–ა არაერთგზის, ხ–ს მუნიციპალიტეტის ხ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ..............ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელჯოხის გამოყენებით თავის მეუღლეს – მ. წ–ას სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით) დაემუქრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ლ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, გ. ლ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე კოდუამ და მოითხოვა გ. ლ–ას დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 20 მარტს, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე - ალექსანდრე კოდუამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. ლ–ას წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით დადგენილი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ მ. წ–ას მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენს შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ასევე დაზარალებულის მიერ გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრში განხორციელებული შეტყობინება. ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს N668აპ-20, N590აპ-19, 258აპ-19, N97აპ-20 და N585აპ-20 საქმეებზე მტკიცებულებათა შეფასებაზე დადგენილ პრაქტიკას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ლ–ას გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა მ. წ–ამ უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ლ–ას მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მ. წ–ამ სასამართლოში არ დაადასტურა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ლ–ას მიერ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, წარმოდგენილი არ არის.

5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.5. მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედების კონკრეტულ აღწერილობას, იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნულ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით – არასაკმარისია მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის დასადასტურებლად.

5.6. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამხვილებს დაზარალებულის მიერ გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრში განხორციელებულ შეტყობინებაზე და მიუთითითებს, რომ მასში არ იკვეთება კონკრეტული ფაქტები, არის ზოგადი საუბარი გ. ლ–ას მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიმდინარე კონფლიქტის შესახებ.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.8. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან. ამასთან, კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობისას ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. თუმცა, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №637-20).

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე - ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე