საქმე N 330100124009499693
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №573აპ-25 23 სექტემბერი 2025 წელი
ჯ. ნ., №573აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჯ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ჯ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ნ. ჯ–ამ მოიპოვა გ. თ–ის ნდობა და დაპირდა ვითომდა საზღვარგარეთიდან მობილური ტელეფონების დაბალ ფასად ჩამოტანას და ს–ში მაღალ ფასად გასხვისებას, რის გამოც გ. თ–მა, 2023 წლის 16 ოქტომბერს, თ–ში, ........ს N..-ში მდებარე მაღაზია „...–ში“ განვადებით შეიძინა 2200 ლარად ღირებული აიფონ 14-ის მოდელის მობილური ტელეფონი, ხოლო 2023 წლის 17 ოქტომბერს, იმავე მისამართზე მდებარე მაღაზია ...ში განვადებით შეიძინა 459 ლარად ღირებული ,,redmi“-ს მოდელის მობილური ტელეფონი, რომლებიც ამავე მისამართიდან გამოიტანა ნ. ჯ–ამ, ვითომდა მათი შემდგომი გასხვისების და აღნიშნული თანხით მობილური ტელეფონის ჩამოტანის მიზნით. ამავე მიზეზით, 2023 წლის 16 ოქტომბერს, თ–ში, ქ–ს ქუჩა N..., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, მობილბანკის მეშვეობით ს–ს ბანკიდან აიღო ოვერდრაფტი 1600 ლარის ოდენობით, საიდანაც 1100 ლარი ნ. ჯ–ას მოთხოვნით, ჩაურიცხა მეუღლის ლ. მ–ის ...... ბანკის ანგარიშზე. ასევე, ნ. ჯ–ა გ. თ–ს დაპირდა, რომ ვითომდა ჩამოუტანდა აიფონ 14-ის მოდელის მობილურ ტელეფონს პირადი მოხმარებისთვის, რის გამოც, 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, თ–ში, ქ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას მობილბანკის მეშვეობით ნ. ჯ–ას მეუღლის ლ. მ–ის ანგარიშზე ჩაურიცხა ჯამში 1260 ლარი. აღნიშნული ქმედებებით ნ. ჯ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა გ. თ–ის კუთვნილ ჯამში 5019 ლარს, კერძოდ ნაცვლად მობილური ტელეფონების ჩამოტანის და თანხის დაბრუნებისა, აღნიშნული თანხა გამოიყენა პირადად. ნ. ჯ–ას ქმედებით გ. თ–ს მიადგა 5019 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.3. ნ. ჯ–ამ მოიპოვა თ. წ–ს ნდობა და დაპირდა, ვითომდა საზღვარგარეთიდან მობილური ტელეფონების დაბალ ფასად ჩამოტანას და ს–ში მაღალ ფასად გასხვისებას, რის გამოც თ. წ–მა, 2023 წლის 14 ნოემბერს, თ–სში, პ–ს ქუჩა N...-ში მდებარე ........ს ბანკიდან აიღო სამომხმარებლო სესხი 5900 ლარის ოდენობით, საიდანაც 4740 ლარი გადაურიცხა ნ. ჯ–ას. ასევე, თ. წ–მა, 2023 წლის 14 ნოემბერს თ–ში, პ–ს ქუჩა N...-ში მდებარე მაღაზია „.....ში“ განვადებით ჯამში 898 ლარად შეიძინა 2 ცალი samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი და ამავე მაღაზიაში გადასცა ნ. ჯ–ას, ვითომდა ნ. ჯ–ას მხრიდან მათი შემდგომი გასხვისების და აღნიშნული თანხით მობილური ტელეფონის ჩამოტანის მიზნით. ასევე, ნ. ჯ–ა თ. წ–ს დაპირდა ვითომდა ლეპტოპის გაყიდვიდან მიღებული მოგების განაწილებას ლეპტოპის შესაძენი თანხის გადაცემის შემთხვევაში, რის გამოც 2023 წლის 16 ნოემბერს, ნ. ჯ–ამ თ. წ–ს გამოართვა კუთვნილი .... ბანკის მობაილბანკის პაროლი, რომლის მეშვეობითაც, თ. წ–ის ნებართვის გარეშე, თიბისი ბანკის განვადებით, ნ. ჯ–ამ მაღაზია ....ში შეიძინა ჯამში 2057 ლარად ღირებული აიფონ 13-ის ფირმის მობილური ტელეფონი, redmi-ის და realme-ის ფირმის ყურსასმენები. ასევე ნ. ჯ–ა თ. წ–ს დაპირდა, რომ ვითომდა ჩამოუტანდა აიფონ 12 პროს მოდელის მობილურ ტელეფონს პირადი მოხმარებისთვის, რის გამოც თ–ში, ქ–ს ქუჩა N..., ბინა N2..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, 2023 წლის 6 ოქტომბერს მობილბანკის მეშვეობით ნ. ჯ–ას მეუღლის, ლ. მ–ის ანგარიშზე ჩაურიცხა 300 ლარი. აღნიშნული ქმედებებით ნ. ჯ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. –ს კუთვნილ ჯამში 7995 ლარს, კერძოდ, ნაცვლად მობილური ტელეფონების ჩამოტანისა, თანხების დაბრუნების და ლეპტოპის გაყიდვიდან მიღებული მოგების განაწილებისა, აღნიშნული თანხა გამოიყენა პირადად. ნ. ჯ–ას ქმედებით თ. წ–ს მიადგა 7995 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.4. ნ. ჯ–ამ, ვითომდა ავტომანქანის შემდგომი გაქირავების მიზნით, გ. თ–ს თ–ში, უ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „მ–ს“ ოფისიდან, 2023 წლის 9 ნოემბერს ლიზინგით გამოაყვანინა 23000 ლარად ღირებული ,,BMW X5“- ის მოდელის ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად გაქირავებისა, თ–ში, ქე......... გამზირზე მდებარე ი–ს ბაზრობის ტერიტორიაზე გაასხვისა ნაწილებად, რითაც მოტყუებით დაეუფლა შპს „მ–ს“ კუთვნილ 23000 ლარად ღირებულ ,,BMW X5“-ის მოდელის ავტომანქანას და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ნ. ჯ–ას ქმედებით შპს „მ–ს“ მიადგა 23000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის განაჩენით, ნ. ჯ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. თ–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. წ–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ჯ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჯ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ტ–ემ და მოითხოვა ნ. ჯ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 11 აპრილს, მსჯავრდებულ ნ. ჯ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ტ–ემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნ. ჯ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან არსებობდა ყველა პირობა, რათა ნ. ჯ–ას განსაზღვროდა სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ან მის მიმართ თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნულიყო.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ნ. ჯ–ას მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია საფუძვლები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელი დატოვა მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
5.4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსნებული მუხლის იმპერატიული კუმულაციური მოთხოვნები ფორმალურად დაკმაყოფილებულია. თუმცა, ზემოხსენებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ჯ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე