Facebook Twitter

საქმე N 080100123007654953

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №578აპ-25 23 სექტემბერი, 2025 წელი

ჯ–ე ლ., №578აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1.1. ლ. ჯ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, პირადი მოტივით, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1.2. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ტ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. მ–ემ და ლ. მ–ემ განზრახ მოკვლის მიზნით, ჯგუფურად დანების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს მ. მ–ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ლ. ჯ–ე, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს.

1.1.3. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ტ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. მ–ემ და ლ. მ–ემ განზრახ მოკვლის მიზნით, ჯგუფურად დანების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს მ. მ–ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ლ. ჯ–ემ გამოძიების პროცესში გამოკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დაინახა მ. მ–ის შვილები ლ. და ა. მ–ები, ასევე დაინახა ნიკო, ლაშა და მ. მ–ეებს შორის ხელჩართული ჩხუბი. აღნიშნული გარემოებები ბრალდებულებთან მეგობრობის გამო ლ. ჯ–ემ 2023 წლის 8 მაისს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას უარყო. კერძოდ, განმარტა, რომ ლ. და ა. მ–ები შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, ხოლო ხელჩართულ ჩხუბში იგულისხმა ნ. მ–ის მიერ ხელის ერთხელ დარტყმა.

1.2.1. გ. ჯ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2.2. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ტ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. მ–ემ და ლ. მ–ემ განზრახ მოკვლის მიზნით, ჯგუფურად დანების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს მ. მ–ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გ. ჯ–ე, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ჯ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

გ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა კობა სირაძემ და მოითხოვა ლ. ჯ–ისა და გ. ჯ–ის მიმართ მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. წ–მ და მოითხოვა ლ. ჯ–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 13 მაისს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა კობა სირაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ჯ–ისა და გ. ჯ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი უკანონოა, რადგან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულების ქმედების ხასიათს და პიროვნებას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ მოახდენს სამართლიანობის აღდეგნას და ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. ლ. ჯ–ესა და გ. ჯ–ეს უნდა განესაზღვოს ისეთი სასჯელი, რომელიც პროპორციული იქნება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ლ. ჯ–სა და გ. ჯ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მათ კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია. ამასთან, ლ. ჯ–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, ხოლო გ. ჯ–ის მიმართ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რაც შემდეგ ამავე კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანად აქვს ჩათვლილი პირობით.

5.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამოვლენილა, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ზომის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე