Facebook Twitter

საქმე N 190100124009836016

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №599აპ-25 23 სექტემბერი, 2025 წელი

თ. მ., №599აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. თ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 13 იანვარს, შუადღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათ სახლში, მ. თ–ი, თვლიდა რომ საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალის მოვალეობა იყო და ცოლი იმისთვის ჰყავდა, რომ თავად ისინი არ ეკეთებინა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ი–ეს. კერძოდ, უთხრა რომ თავს მოაგლეჯდა და მოკლავდა თუ ზედმეტ ლაპარაკს გააგრძელებდა. მ. თ–ის აღნიშნული მუქარა, თ. ი–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2024 წლის 18 თებერვალს, შუადღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათ სახლში, მ. თ–ი, თვლიდა რომ ხმის ამოღებისა და შეპასუხების უფლება არ ჰქონდა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ი–ეს. კერძოდ, უთხრა რომ თავს მოაჭრიდა და მოკლავდა. მ. თ–ის აღნიშნული მუქარა, თ. ი–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2024 წლის ივნისის დასაწყისში, დილის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათ სახლში, მ. თ–ი, თვლიდა რომ ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ი–ეს. კერძოდ, უთხრა რომ თუ ენას არ გააჩერებდა და როგორც ქალს შეეფერება, ისე არ მოიქცეოდა, ყელს გამოჭრიდა. მ. თ–ის აღნიშნული მუქარა, თ. ი–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2024 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 04:10 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათი სახლის წინ, ქუჩაში, მ. თ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რომ ქალს უფლება არ ჰქონდა ქმართან დაერეკა და გაერკვია მისი ადგილსამყოფელი, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – თ. ი–ის მიმართ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა. მ. თ–ის აღნიშნული მუქარა, თ. ი–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2024 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 04:10 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათი სახლის წინ, ქუჩაში, მ. თ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რომ ქალს უფლება არ ჰქონდა ქმართან დაერეკა და გაერკვია მისი ადგილსამყოფელი, თმით თრევის და ძირს დაგდების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. ი–ის მიმართ. მ. თ–ის ქმედებების შედეგად, თ. ი–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენით, მ. თ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ივნისის დასაწყისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ. თ–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, მ. თ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. თ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 5 ივნისს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე მსჯავრდებულ მ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. ს–ს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მ. თ–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მაშტაბები და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე და მას განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს ვერ შუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მ. თ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე