საქმე N 240100124009344147
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №615აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი
ბ. ვ., №615აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ბ–ია (პირადი ნომერი: ..................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2007 წლიდან – 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ვ. ბ–ია და თ. ს–ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში N..-ე ქუჩა, N..-ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2024 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში, N..-ე ქუჩა, N..-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ. ბ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ. ს–ს, კერძოდ, მოსთხოვა მობილური ტელეფონი მიმოწერების ნახვის მიზნით, რაზეც თ. ს–მა უარი განუცხადა, ამის შემდეგ ვ. ბ–მ მუშტი დაარტყა სახის მიდამოში და თმაში მოქაჩა ხელი, ასევე, ძირს დაცემულს წიხლი ჩაარტყა მუცელში, რა დროსაც თ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ვ. ბ–ს და თ. ს–ის არასრულწლოვანი შვილი, 2016 წელს დაბადებული, გ. ბ–ა.
1.3. 2024 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში, N..-ე ქუჩა, N..-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ. ბ–ია ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ს–ს, კერძოდ, მოსთხოვა მობილური ტელეფონი მიმოწერების ნახვის მიზნით, რაზეც თ. ს–მა უარი განუცხადა, რის შემდეგაც უთხრა, რომ მოკლავდა. ვ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებით თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 21 თებერვალს, დღის საათებში, ქ. ზ–ი, .... ..-ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ. ბ–ია, მეუღლეს, თ. ს–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, მოუწოდებდა, რომ შერიგებოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2024 წლის 19 მარტს, დღის საათებში, ვ. ბ–ა, ს–ს რაიონის სოფელ ნ–დან ურეკავდა და სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქალაქ თბილისში მყოფ, თავის მეუღლეს, თ. ს–ს, კერძოდ მოუწოდებდა, რომ შერიგებოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2024 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ვ. ბ–ია, ს–ს რაიონის სოფელ ნ–დან ურეკავდა და სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქალაქ თ–ში მყოფ, თავის მეუღლეს, თ. ს–ს, კერძოდ, მოუწოდებდა,
რომ შერიგებოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2024 წლის 21 მარტს, დღის საათებში, ვ. ბ–ია, ს–ს რაიონის სოფელ ნ–დან ურეკავდა და სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქალაქ თ–ში მყოფ, თავის მეუღლეს, თ. ს–ს, კერძოდ მოუწოდებდა, რომ შერიგებოდა მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, ვ. ბ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 19 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.
2.3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ სართანიამ და მოითხოვა ვ. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 19 ივნისს, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ – თეიმურაზ ჯალაღონიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენის გაუქმება და ვ. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულმა ვ. ბ–მ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ვ. ბ–იას მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას. დაზარალებულმა თ. ს–მა სასამართლოს მისცა სარწმუნო ჩვენება, რასაც ამყარებს თვითმხილველი მოწმე – გ. ბ–ს ჩვენება და საქმეში წამოდგენილი სხვა მტკიცებულებები. ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის საქმეებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ბ–იას მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ვ. ბ–იას ბრალის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ თ. ს–ის ჩვენება. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან მისი არასანდოდ ქცევა, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობით და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ვ. ბ–იას მიერ თ. ს–ის მიმართ დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება; ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს.
5.3. რაც შეეხება არასრულწლოვან გ. ბ–ას ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მან დაინახა თუ როგორ იძალადა მამამ (ვ. ბ–ია) დედაზე (თ. ს–ი), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მას არ ახსოვს როდის მოხდა აღნიშნული. ამასთან, მისი ჩვენება არ შეესაბამება გ. ბ–სა და ა. ბ–ს ჩვენებებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით განმარტეს, რომ 2024 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში, მშობლებს შორის არსებული კონფლიქტისას სამივე ძმა (გ–ი, გ–ი და ა–ე) ბებიასა და ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ე.წ. „კუხნაში“, ხოლო მშობლები იყვნენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მათ საძინებელ ოთახში. თავის მხრივ აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა: ა. ბ–მ, ნ. ბ–მ, მ. ბ–მ და ლ. კ–მ. ამდენად, გ. ბ–ას ჩვენება ვერ შეფასდება უტყუარ მტკიცებულებად, რის გამოც საფუძვლდ ვერ დაედება ვ. ბ–იას მსჯავრდებას.
5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლო კვალავაც მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №251აპ-16 განაჩენი).
5.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. რაც შეეხება ბრალადწარდგენილ მუქარის ეპიზოდებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ. ბ–ს ბრალეულობას და თ. ს–ის მიმართ მუქარის განხორციელებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დასტურდება, მხოლოდ გამართლებულსა და დაზარალებულს შორის სატელეფონო კომუნიკაცია და არა ვ. ბ–იას მიერ მუქარის შემცველი ზარის განხორციელების ან/და მუქარის შემცველი ტექსტის გაგზავნის ფაქტი.
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე