საქმე N 190100124009698581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №664აპ-25 26 სექტემბერი 2025 წელი
წ. ვ., №664აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. წ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათ სახლში, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი თანხის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, ვ. წ–მა, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის – ლ. წ–ის თანდასწრებით, მარცხენა ხელის გადატრიელების და მუშტის მარცხენა ხელის და ზურგის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის ნ. ლ–ის მიმართ. ვ. წ–ის ქმედებების შედეგად, ნ. ლ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათ სახლში, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი თანხის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, ვ. წ–მა, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ნ. ლ–ის მიმართ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა. ვ. წ–ის აღნიშნული მუქარა, ნ. ლ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ვ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ვ. წ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. წ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 4 ივლისს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ვ. წ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. წ–ს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ვ. წ–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მაშტაბები და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე და მას განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს ვერ შუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ვ. წ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე