საქმე N 080100124009319023
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N677აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი
ლ. რ., №677აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ლ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ლ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:20 საათზე, ტ–ს რაიონის სოფელ გ–ში, ლ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, რ. ლ–ა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ლ. კ–ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, რ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
2.2. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, რ. ლ–ას მიმართ 3 თვით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის მოქმედების პერიოდში მას აეკრძალა დაზარალებულ ლ. კ–ესთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ლ–ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ–ამ და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 8 აპრილს, მსჯავრდებულმა რ. ლ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. მსჯავრდებულ რ. ლ–ას პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ცრუ ჩვენებას, რაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, რადგან მას არ ჰქონია განზრახვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა განეხორციელებინა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. ლ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ლ–ას მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ლ. კ–ის ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ მან ერთმნიშვნელოვნად მიუთითა 2024 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტები და ასევე მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შედეგად შიშის განცდის თაობაზე.
5.4. სასამართლოში დაკითხული თვითმხილველი მოწმეების – თ. ლ–სა და დ. ლ–ს ჩვენებებით, დასტურდება როგორც ბრალდების დადგენილებაში მითითებულ დღეს რ. ლ–ას მიერ დაზარალებულისათვის შეურაცხყოფის მიყენებისა და დამუქრების ფაქტები, ასევე ლ. კ–ის ემოციური მდგომარეობა.
5.5. ზემოხსენებული მტკიცებულებები კი, თანხვდენილია შ. ლ–ს გამოკითხვის ოქმსა და N........ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან.
5.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
5.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ლ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე