Facebook Twitter

საქმე # 010100125010765959

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №661აპ-25 ქ. თბილისი

ღ. დ. 661აპ-25 17 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ღ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის აგვისტოს ბოლოს, საღამოს საათებში, ქ. ბ–ში, ....... ქუჩის N..., ბინა N...-ში მდებარე დ. ღ–ისა და ტ. ზ–ას საცხოვრებელ სახლში, დ. ღ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ტ. ზ–ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის და გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით დ. ღ–ემ ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. 2024 წლის 30 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ....... ქუჩის N..., ბინა N...-ში მდებარე დ. ღ–ისა და ტ. ზ–ას საცხოვრებელ სახლში, დ. ღ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ტ. ზ–ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის, თავის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით დ. ღ–ემ ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.3. 2024 წლის 30 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ....... ქუჩის N..., ბინა N...-ში მდებარე დ. ღ–ისა და ტ. ზ–ას საცხოვრებელ სახლში, დ. ღ–ე, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ტ. ზ–ას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით დ. ღ–ემ ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

2.1. დ. ღ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

2.2. დ. ღ–ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ. ღ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. აპელანტმა მოითხოვა დ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. კასატორი ითხოვს დ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული დ. ღ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. ღ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ღ–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – ტ. ზ–ამ (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – დ. ღ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა, მათ შორის ვ. მ-ს, გამოკითხვის ოქმი, დანაშაულის შესახებ 2024 წლის 4 დეკემბრის შეტყობინება, 2024 წლის 4 დეკემბრის შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) საკმარისია დ. ღ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

11.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა – პოლიციის თანამშრომლების, ასევე ვ. მ–ს (დაზარალებულის ძმა) – გამოკითხვის ოქმები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – დ. ღ–ის მიერ ტ. ზ–ას მიმართ ძალადობის/ების ან/და მუქარის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).

11.2. იმავდროულად, მართალია, შემაკავებელი ორდერი და შეტყობინება უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის: შეტყობინების შემთხვევაში – ირიბი მოწმე ვ. მ–ო, ხოლო შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში – დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, 1099აპ-24). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს „უნდა შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ სტადიაზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv) ECtHR, 7/09/2023).

11.3. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11.4. იმავდროულად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დაზარალებულის მიერ ტკივილის ან/და შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – დ. ღ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; დ. ღ–ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან დ. ღ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი რომელიმე ფაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება დ. ღ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ვერცერთი ეპიზოდი.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

16. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე დ. ღ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი