საქმე # 200100124009960626
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №682აპ-25 ქ. თბილისი
ფ. ზ. 682აპ-25 20 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ფ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 14 ივლისს, საქართველოს შსს ...ს პოლიციის დეპარტამენტის თ...ს რაიონული სამმართველოს უფროსმა გამომძიებლმა გ. ჩ–ემ ზ. ფ–ის მიმართ, 30 დღით, გამოსცა შემაკავებელი ორდერი N.... ზ. ფ–ს აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან – ნ. გ–ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის N1/281-21 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ. ფ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ნ. გ–ის მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, იგი უნდა შერიგებოდა მას, 2024 წლის 23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სისტემატურად, თითქმის ყოველდღე მიდიოდა ქალაქ თ–ში, ....ს გზატკეცილი N.., ბინა N..-ში მდებარე ნ. გ–ის საცხოვრებელ ბინაში, რითიც დაარღვია და არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ზ. ფ–მა ჩაიდინა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის N1/281-21 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ. ფ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ყოფილი მეუღლის – ნ. გ–ის მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, რომ იგი უნდა შერიგებოდა მას, 2024 წლის 20 ივლისს, ქალაქ თ–ში, ..ს გზატკეცილი N.., ბინა N..-ში მდებარე ნ. გ–ის საცხოვრებელი ბინის ეზოში შეხვდა შვილს – ლ. ფ–ს და უთხრა, რომ თუ ნ. გ–ე მას არ შეურიგდებოდა, მოკლავდა. ლ. ფ–მა აღნიშნული მუქარის თაობაზე იმავე დღეს ნ. გ–ეს შეატყობინა. ნ. გ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ფ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ" ქვეპუნქტებით.
1.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის N1/281-21 განაჩენით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ. ფ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ყოფილი მეუღლის – ნ. გ–ის მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, რომ იგი უნდა შერიგებოდა მას, 2024 წლის 23 ივლისს, ქალაქ თ–ში, ...ს გზატკეცილი, N.. ბინა N..-ში მდებარე ნ. გ–ის საცხოვრებელი ბინის ეზოში შეხვდა შვილს – დ. ფ–ს და უთხრა, რომ თუკი ნ. გ–ე მას არ შეურიგდებოდა მოკლავდა. დ. ფ–მა აღნიშნული მუქარის თაობაზე ნ. გ–ეს იმავე დღეს შეატყობინა. ნ. გ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ფ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ" ქვეპუნქტებით.
1.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის N1/281-21 განაჩენით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ. ფ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ყოფილი მეუღლის – ნ. გ–ის მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, რომ იგი უნდა შერიგებოდა მას, 2024 წლის 31 ივლისს, ქალაქ თ–ში, ....ის გზატკეცილი, N..-ში მდებარე ნ. გ–ის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებულ დერეფანში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. გ–ეს. ნ. გ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.4.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ფ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ" ქვეპუნქტებით.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ზ. ფ–ი საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
2.2. ზ. ფ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ" ქვეპუნქტებით (2024 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
2.3. ზ. ფ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ" ქვეპუნქტებით (2024 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
2.4. ზ. ფ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ" ქვეპუნქტებით (2024 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
2.5. ზ. ფ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა – სასასამართლო სხდომის დარბაზიდან – პატიმრობიდან;
2.6. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ზ. ფ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი გაგნიძემ. აპელანტმა მოითხოვა ზ. ფ–ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 20, 23 და 31 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა – ზ. ფ–მა, რომელმაც მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო დაშვების შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი გაგნიძემ. კასატორი ითხოვს ზ. ფ–ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 20, 23 და 31 ივლისის ეპიზოდები) დამნაშავედ ცნობასა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ზ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. ფ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ფ–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – ნ. გ–ემ (გამართლებულის ყოფილი მეუღლე), ასევე მოწმეებმა ლ. და დ. ფ–ებმა (დაზარალებულისა და გამართლებულის შვილები) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის/მამის) – ზ. ფ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები) საკმარისია ზ. ფ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:
11.1. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი, შინაარსობრივად არის დაზარალებულის/მოწმეების ჩვენების – მათ მიერ გამოკითხვის ოქმებში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
11.2. იმავდროულად, მართალია, წერილობითი მტკიცებულება (მაგალითად: შეტყობინება) უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, 1099აპ-24). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს „უნდა შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ სტადიაზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv) ECtHR, 7/09/2023).
11.3. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, როგორც მუქარა (დამუქრება), ისე – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დაზარალებულის მიერ ტკივილის ან/და შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
12. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მოწმეების – მ. ც–ე და ლ. ქ–ე მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია (განმარტეს, რომ ზ. ფ–ი მათთან ერთად ცხოვრობდა და მას (ზ. ფ–ს) არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერი და არც იმ სახლში მისულა, სადაც მისი შვილები და ყოფილი მეუღლე ცხოვრობდნენ; იმავდროულად, ზ. ფ–ს შვილისთვის არასოდეს დაუბარებია, ნ. გ–ისთვის ეთქვა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა) არ გამორიცხავს გამართლებულის მიერ დანაშაულის ჩადენას და ისინი არ არიან არცერთი ფაქტის შემსწრენი, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა და დაზარალებულისა და გამართლებულის შვილებმა – ლ. და დ. ფ–ებმა (რომლებსაც, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ფ–მა უთხრა, რომ თუ ნ. გ–ე მას არ შეურიგდებოდა, მოკლავდა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის/მამის) – ზ. ფ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ზ. ფ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ზ. ფ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი რომელიმე ფაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ან/და მოწმეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მათ მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ზ. ფ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 20, 23 და 31 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ვერცერთი ეპიზოდი.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
16. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენზე ზ. ფ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი