Facebook Twitter

საქმე # 200100124009843347

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №597აპ-25 ქ. თბილისი

გ. ტ. 597აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ტ. გ–ს, პირადი ნომერი: ........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ტ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 8 ივლისს, ღამის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე ფ. ს–ს საცხოვრებელ სახლში, ტ. გ–მ ფიზიკურად იძალადა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაშ მყოფ პირზე - ფ. ს–ზე, არასრულწლოვანი შვილების - მ. ს–ასა და ბ. გ–ის თანდასწრებით, რის შედეგადაც ფ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).

ტ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 8 ივლისს, ღამის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე ფ. ს–ს საცხოვრებელ სახლში, ტ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფ. ს–ს, რის შედეგადაც ფ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ ფ. ს–ს, მობილური ტელეფონის საშუალებით დაურეკა ტ. გ–მ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფ. ს–ს, რის შედეგადაც ფ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ ფ. ს–ს, მობილური ტელეფონის საშუალებით დაურეკა ტ. გ–მ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფ. ს–ს, რის შედეგადაც ფ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 14 ივლისს, ღამის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე ფ. ს–ს საცხოვრებელ სახლში, ტ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფ. ს–ს, რის შედეგადაც ფ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ტ. გ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

2.2. ტ. გ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 8 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

2.3. ტ. გ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

2.4. ტ. გ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

2.5. ტ. გ. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

2.6. ტ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ. აპელანტმა მოითხოვა ტ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი გაგნიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ტ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ტ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – ფ. ს–მ და მოწმეებმა: მ. ს–ამ, ვ. გ–მ, ბ. გ–იმ და ნ. გ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – ტ. გ–ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები) საკმარისია ტ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის/მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის/მოწმის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება).

10.1.1. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში აღწერილი მოვლენათა განვითარება ეწინააღმდეგება ფ. ს–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად ვერ დადგინდა 2024 წლის 11 და 13 ივლისს ტ. გ–ს მხრიდან ზარის განხორციელების ფაქტები. N ...... შეტყობინება კი, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება უთითებს შეტყობინების დღეს - 2024 წლის 14 ივლისს სატელეფონო მუქარის ფაქტზე, თუმცა ამ დღესთან მიმართებით ფ. ს–ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტისას გაკეთებული განმარტებით, ტ. გ. მივიდა სახლში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

10.2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან და სამედიცინო ბარათთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, სამედიცინო შემოწმებითა და ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის N186აპ-25 განჩინება)

10.2.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ტ. გ–ს ბრალად აქვს წარდგენილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 2024 წლის 8 ივლისს (8 ივლისის ფაქტზე უთითებენ დაზარალებული და მისი შვილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს). სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერების მიხედვით დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა ვერ მოხერხდა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის ფარგლებში პირადი შემოწმებით დადგინდა, რომ ფ. ს–ს დაზიანებები არ ეწინააღმდეგება 2024 წლის 14 ივლისის თარიღს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ხანდაზმულობა არ ემთხვევა ტ. გ–ს მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის ჩადენის თარიღს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გარდა 2024 წლის 14 ივლისის ეპიზოდებისა, სხვა ეპიზოდებთან (2024 წლის 8 ივლისს, 11 ივლისისა და 13 ივლისის ეპიზოდები) მიმართებით ინფორმაციას შეიცავდა მხოლოდ დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულმა მოწმეებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულება სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კასატორის პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ტ. გ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას.

11.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/“შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ სტადიაზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv) ECtHR, 7/09/2023).

12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ტ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის არცერთი ეპიზოდი.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

15. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე ტ. გ–ს მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი