საქმე # 080100125010743661
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №660აპ-25 ქ. თბილისი
ლ. თ., 660აპ-25 13 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვალერი კუჭუხიძის საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ლ–ის, – პირადი ნომერი: ..., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ–ში ...ს გამზირზე N..-თან არსებულ საავტომობილო გზაზე, თ. ლ–ე მართავდა ,,Volkswagen Polo-ს” მოდელის (სანომრე ნიშნით ......) ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა მ. ე–ას მართვაში არსებულ ,, Suzuki-ს“ მარკის (სანომრე ნიშნით .......) მოტოციკლეტს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შედეგად, მიღებული ტრავმების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდნენ მძღოლი – მ. ე–ა და მისი მგზავრი, მეუღლე – მ. ბ–ე. შეჯახებით გამოწვეული მძიმე დაზიანების გამო, მ. ე–ას ჩაუტარდა მარცხენა კიდურის (ფეხის) ამპუტაცია, წვივის შუა მესამედის დონეზე.
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით თ. ლ–ემ ჩაიდინა – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით;
1.2. 2024 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ–ში ა–ს გამზირზე N..-თან არსებულ საავტომობილო გზაზე, თ. ლ–ე მართავდა ,,Volkswagen Polo-ს” მოდელის (სანომრე ნიშნით ......) ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა მ. ე–ას მართვაში არსებულ ,, Suzuki-ს“ მარკის (სანომრე ნიშნით ...) მოტოციკლეტს, შედეგად, მიღებული ტრავმების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდნენ მძღოლი – მ. ე–ა და მისი მგზავრი, მეუღლე – მ. ბ–ე. შეჯახებით გამოწვეული მძიმე დაზიანების გამო, მ. ე–ას ჩაუტარდა მარცხენა კიდურის (ფეხის) ამპუტაცია, წვივის შუა მესამედის დონეზე. ადამიანების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის ვითარებაში, დახმარების აღმოჩენის სპეციალური ვალდებულების წარმოშობის მიუხედავად, თ. ლ–ემ შემთხვევის ადგილი მიატოვა და მიიმალა.
1.2.1. აღნიშნული ქმედებებით თ. ლ–ემ ჩაიდინა – განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როდესაც მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით თ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
2.2. საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ. ლ–ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვალერი კუჭუხიძემ. აპელანტმა მოითხოვა თ. ლ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ თ. ლ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვალერი კუჭუხიძემ. კასატორი ითხოვს თ. ლ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ თ. ლ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ნ–მ. დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სასჯელის ნაწილში გაასაჩივრა პროკურორმა და მოითხოვა სასჯელის გამკაცრება, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის /პირობითად ჩათვლის კანონიერება.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
8.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
9. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის კანონმდებელი სასჯელის სახედ ადგენს: ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
9.1. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის თ. ლ–ეს განესაზღვრა შესაბამისი მუხლებით/ნაწილებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელები შუალედური ხანგრძლივობით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ასაკი (.... წელი. დაბ. ....წელს), ჯანმრთელობის მდგომარეობა (აქვს დიაბეტი და არის ინსულინდამოკიდებული), ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (ნაკლებად მძიმე), ქმედების ხასიათი (გაუფრთხილებლობითი დანაშაული), ნასამართლობის არქონა, ჩადენილი დანაშაულების აღიარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა და თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაუთვალა პირობითად. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს.
10. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული კატეგორიულად არ ეთანხმება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სწორედ დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური თუ ქონებრივი ზიანი. ის საკუთარ თავზე განიცდის ამა თუ იმ დანაშაულის მავნე/უარყოფით შედეგებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). იმავდროულად, „პასუხისმგებლობის დაკისრება კონკრეტული ქმედებისთვის, არის ექსკლუზიურად სახელმწიფოს ინსტრუმენტი, მის მიერ გამოყენებადი იძულების ღონისძიება. შესაბამისად, სულ მცირე, სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალსწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
10.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 განჩინება; 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი; 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22 განჩინებები).
10.2. ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოითხოვოს მისთვის აღნიშნული დანაშაულით მიყენებული ზიანის (ფიზიკური/მორალური/ქონებრივი) ადექვატური ანაზღაურება გამარტივებული წესით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
13. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვალერი კუჭუხიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენზე, თ. ლ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი