საქმე # 190100124010066302
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №769აპ-25 ქ. თბილისი
ა. მ. 769აპ-25 15 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. მ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 24 აგვისტოს, ქ. რ–ში, მე–... მიკრორაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე მ. კ–ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა მისი მეუღლე – ა. მ–ი და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქალს არ ჰქონდა უფლება მეუღლესთან განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ თუ მასთან განქორწინდებოდა, მოკლავდა;
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ა. მ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
2.1. ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის 1-598-24 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 10 თვით) და საბოლოოდ, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.3. ა. მ–ს დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2024 წლის 5 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სისხლის სამართლის N......... საქმეზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 7 ივლისიდან 2024 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით; სისხლის სამართლის N........ საქმეზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2024 წლის 25 აგვისტოდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით აღმოიფხვრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა;
3.1. მსჯავრდებულ ა. მ–ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენის თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 27 თებერვლისა, მიეთითა – 2025 წლის 13 მარტი;
3.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,3. ა. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის 1-598-24 განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2024 წლის 5 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სისხლის სამართლის N1-598-24 საქმეზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 7 ივლისიდან 2024 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით; სისხლის სამართლის N1-706-24 საქმეზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2024 წლის 25 აგვისტოდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით”.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. გ–მ. აპელანტმა მოითხოვა ა. მ–ისათვის გასჩივრებული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. გ–მ. კასატორი ითხოვს ა. მ–ისათვის გასჩივრებული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კასატორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას მსჯავრდებულის აღიარების და დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის გათვალისწინებით.
8.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის, არც მსჯავრდებულ ა. მ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
9. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ამავე ნაწილით მკაფიოდ არის განსაზღვრული განაჩენის უკანონოდ მიჩნევის საფუძვლები და სასჯელის ნაწილში განაჩენის უკანონობის გადასინჯვის წინაპირობად დადგენილია ისეთი სახის ან ზომის სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას ,,გ)” ქვეპუნქტი .
10. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (დანაშაულის ჩადენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მინიმალური ხანგრძლივობა 1 წლითა და 6 თვით.
11. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სანქციისა და საქართველოს სსკ-ის 531-ე და 58-ე მუხლების იმპერატიული დანაწესების გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც წარმოდგენილი არ არის საპროცესო შეთანხმება, – სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამსუბუქოს მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრული სასჯელი.
12. ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
13. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი