საქმე # 330802225011806784
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№107I-25 ქ. თბილისი
თ. ე. 107I-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ე. თ–ის (E. T.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. შ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. თ–ის (E. T.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2023 წლის 31 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანადოლუს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლოს განაჩენით ე. თ–ი (E. T.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „c” და „h“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი პირის შეზღუდული შესაძლებლობების გამოყენებით) და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი მეწარმეების ან კომპანიის მენეჯერების, კოოპერატივების მენეჯერების ან თვითდასაქმებული პირების მიერ). აღნიშნული განაჩენით ე. თ–ს (E. T.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. 2024 წლის 23 სექტემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.3. 2024 წლის 25 ოქტომბერს გაიცა ე. თ–ის (E. T.) დაკავების ბრძანება.
1.4. 2025 წლის 24 იანვრიდან ე. თ–ი (E. T.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ე. თ–ის (E. T.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2025 წლის 24 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. თ–ი (E. T.).
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტს განჩინებით ე. თ–ს (E. T.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით.
2.3. 2025 წლის 1 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. თ–ის (E. T.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.4. 2025 წლის 12 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. თ–ის (E. T.) ექსტრადიციის თაობაზე.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით ე. თ–ისათვის (E. T.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2025 წლის 24 სექტემბრამდე.
2.6. ამჟამად, ე. თ–ი (E. T.) იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
ე. თ–მა (E. T.) და მისმა მეგობარმა ს. ე–მა განიზრახეს ამ უკანასკნელის მეუღლის ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წელს ე. თ–მა (E. T.) და ს. ე–მა ამ უკანასკნელის მეუღლეს, სემანტიკური დემენციით დაავადებულ ა. ე–ს განგებ არ ჩაუტარეს შესაბამისი მკურნალობა, რითაც გამოიწვიეს მისი გონებრივი შესაძლებლობებისა და აღქმის უნარის დაქვეითება. დაზარალებულის აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით, ე. თ–ი (E. T.) ს. ე–ი და ადვოკატი ს. ა–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის მისაღებ იჯარის თანხას და მის ქონებას, სულ ჯამში, 29 775 351.75 თურქული ლირის ოდენობით (დაახლოებით, 2 000 000 ლარს). აღნიშნული თანხიდან 65 380.20 აშშ დოლარი, თაღლითურ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის სანაცვლოდ გადაირიცხა ე. თ–ის (E. T.) საბანკო ანგარიშზე.
4. 2025 წლის 15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა, რომელმაც ითხოვა ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „c” და „h“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი პირის შეზღუდული შესაძლებლობების გამოყენებით) და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი მეწარმეების ან კომპანიის მენეჯერების, კოოპერატივების მენეჯერების ან თვითდასაქმებული პირების მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანადოლუს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლოს მიერ 2023 წლის 31 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის – თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „c” და „h“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი პირის შეზღუდული შესაძლებლობების გამოყენებით) და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი მეწარმეების ან კომპანიის მენეჯერების, კოოპერატივების მენეჯერების ან თვითდასაქმებული პირების მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანადოლუს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლოს მიერ 2023 წლის 31 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. თ–ის (E. T.) ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. შ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია პირის ქმედება, რომლის ექსტრადიციასაც ითხოვს ინიციატორი სახელმწიფო, რამდენად წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას და შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ;
6.2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ე. თ–ი (E. T.) კატეგორიულად გამორიცხავს იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, რასთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია მისი ექსტრადიცია, ხოლო საქართველოს პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოთხოვილი და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. თ–ის (E. T.) მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა;
6.3. თურქეთის რესპუბლიკა ე. თ–ის (E. T.) ექსტრადიციას ითხოვს არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მის მიმართ წარმოებული უკანონო დევნის ფარგლებში. ე. თ–ი (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრაციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რის გამოც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართული აქვს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტისთვის, თუმცა დღეის მდგომარეობით შესაბამისი საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები და „ექსტრადიციის შესახებ“ კონვენციით დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. თ–ი (E. T.) ექსტრადიციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს 2025 წლის 24 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ე. თ–ის (E. T.) მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, ე. თ–ის (E. T.) მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელი ითვალისწინებს 4 თვეზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, კერძოდ:
5.1. ე. თ–ის (E. T.) მიერ ჩადენილი ქმედებები თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია თურქეთის სისხლის სამართლის კანონის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „C“ და „H“ პუნქტებით და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით. 158-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 3 წლიდან 10 წლამდე ვადით, ხოლო 158-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელის გაორმაგებას.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სსკ-ის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება დანაშულთა მძიმე კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. მოცემულ შემთხვევაში, ე. თ–ის (E. T.) მიმართ დამდგარი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 23 სექტემბერს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა გასული არ არის.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა – 20 წელი და იწურება 2044 წლის 23 სექტემბერს. შესაბამისად, იგი გასული არ არის.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ე. თ–ის (E. T.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ე. თ–ის (E. T.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. გარდა ამისა, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. მოცემულ შემთხვევაში:
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2025 წლის 12 ივნისს მიღებული წერილით დასტურდება, რომ ე. თ–ი (E. T.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ე. თ–ი (E. T.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. კასატორის მტკიცებით, ე. თ–ს (E. T.) მიმართული აქვს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, საექსტრადიციო მასალებში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის წერილით კი დგინდება, რომ ე. თ–ს (E. T.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად, არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ მიგრაციის დეპარტამენტისათვის მიმართვის შემთხვევაშიც აღნიშნული გარემოება არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ დგინდება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა (კერძოდ, არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო) და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 (პოლიტიკური დანაშაული) და მე-4 (სამხედრო დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლობის რომელიმე საფუძველი (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება/ინფორმაცია არ წარმოუდგენია არც კასატორ მხარეს).
10. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მას დანაშაული არ ჩაუდენია, იმავდროულად, უთითებს, რომ ე. თ–ი (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში დევნის მსხვერპლია და ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საფრთხე.
11. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ე. თ–ს (E. T.) დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.: იხ.: საქმე №21-17, №21-20, №4021-21, 91-23).
12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ე. თ–ი (E. T.) უფლებების დარღვევის საფრთხესთან მიმართებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია (დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ეხება მხოლოდ ე. თ–ის (E. T.) ბრალეულობის საკითხს), რაც დაადასტურებდა, რომ ე. თ–ი (E. T.) რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მტკიცება თურქეთის რესპუბლიკაში ე. თ–ის (E. T.) ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის შესახებ არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, დაცვის მხარის ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ე. თ–ის (E. T.) უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ ზოგადი ხასიათის განცხადებები ექსტრადიციის შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის შესახებ არ არის საკმარისი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობისთვის.
13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
14. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტს და ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის თაობაზე კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, კვლავაც აღნიშნავს შემდეგს: კასატორი არათუ არ უთითებს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ მსჯელობს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის გამოყენების საფრთხის რეალურობაზე ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში და არც კონკრეტულად ე. თ–ის (E. T.) მიმართ.
15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
16. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს თურქეთის რესპუბლიკაში ე. თ–ის (E. T.), მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ე. თ–ის (E. T.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
17. ამასთან, წარმოდგენილი მასალების თანახმად, ე. თ–ი (E. T.) ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვას და სასამართლოს მისცა ჩვენება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თანდასწრებით.
18. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინების (რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. თ–ის (E. T.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „c” და „h“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი პირის შეზღუდული შესაძლებლობების გამოყენებით) და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი მეწარმეების ან კომპანიის მენეჯერების, კოოპერატივების მენეჯერების ან თვითდასაქმებული პირების მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანადოლუს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლოს მიერ 2023 წლის 31 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით) გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ე. თ–ის (E. T.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი