საქმე # 330100123008118805
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №560აპ-25 ქ. თბილისი
დ. მ., 560აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ჭ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ასევე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ჭ–ის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, რომ საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული გ. მ–ის მიმართ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. მ. დ–ის, – პირადი ნომერი: ............, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის განაჩენით მ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2023 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში, ..... ქუჩის №...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. დ–ი უკანონოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ და შენახულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ-კალიბრიან, „CZ 75 B“ მოდელის, პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით მ. დ–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. გ. მ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ნასამართლობის გაქარწყლებამდე 2023 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში, თ–ში, ........ ქუჩის №...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ–ი უკანონოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ და შენახულ ქარხნული წესით დამზადებულ, „MAUSER-ის” სისტემის, „HSc“ მოდელის 7,65 მმ. კალიბრიან პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის, ასევე 3 ცალ ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ-კალიბრიან, B.......... ზუწლის ნიმუშის ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. მ–მა ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით:
2.1. მ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. დ–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.1.3. მ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 24 სექტემბრიდან;
2.2. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.2.1. გ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 24 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მა და მსჯავრდებულების – გ. მ–ისა და მ. დ–ის – ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჭ–მა. აპელანტებმა მოითხოვეს მსჯავრდებულების გამართლება.
4 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ–ისა და გ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჭ–მა. კასატორი ითხოვდა ორივე მსჯავრდებულის გამართლებას.
5.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 27 აგვისტოს შემოვიდა გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის განცხადება. განცხადების თანახმად, ადვოკატი, მსჯავრდებულ გ. მ–თან შეთანხმებით, ითხოვს გ. მ–ის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37,41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მ. დ–ისა და გ. მ–ის გამართლება, თუმცა აღნიშნულის შემდგომ, განცხადებით მოითხოვა გ. მ–ის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
7.1.1. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. დ–ისა და გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი, გ. მ–ის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველად.
7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია: ჩაიდინა თუ არა მ. დ–მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.
8. კასატორის მტკიცებით, დეტექტივებს, რომლებმაც მსჯავრდებულის ხელში დაინახეს იარაღი, არ შეუძლიათ დაადასტურონ, ნამდვილი იყო თუ – სათამაშო, არ დასტურდება მ. დ–მა გადააგდო თუ არა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, სადავო იარაღი. იმავდროულად, მსჯავრდებულისაგან აღებული ბიოლოგიური ნიმუში იქვე არ დალუქულა და აღნიშნული გამოყენებული იქნა დნმ-ის კვალის გადასატანად; ამასთან, ბრალდების მხარემ განმეორებით, განჩინების საფუძველზე, მოინდომა მსჯავრდებულისაგან ნერწყვის ნიმუშის აღება, რაც დაცვის მხარისათვის საეჭვოს ხდის გენეტიკურ ექსპერტიზას.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მ. დ–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების – ა. ბ–ის (დარაჯი), ზ. ი–ის (დეტექტივი), გ. გ–ის (დეტექტივი) და შ. ჯ–ის (დეტექტივი) ჩვენებებით, ბიოლოგიური (გენეტიკური), ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. დ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
10. დეტექტივების ჩვენებებთან ერთად, რომლებმაც დაადასტურეს მ. დ–ის მიერ .... ქუჩის №...–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 მმ-კალიბრიანი, „CZ 75 B“ მოდელის პისტოლეტიდან გასროლები (კერძოდ, დეტექტივების: ზ. ი–ის, გ. გ–ის, შ. ჯ–ის ჩვენებების თანახმად: უბნის შემოვლის მიზნით, .... ქუჩის №...–ს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს მ. დ–ი და გ. მ–ი. აღნიშნული პირები იდგნენ სამშენებლო ობიექტის ეზოში, მესერის მეორე მხარეს, მათ შორის მანძილი იყო რამდენიმე მეტრი და გარკვევით დაინახეს მსჯავრდებულები. ორივე მათგანს ჰქონდათ იარაღი, თავდაპირველად გ. მ–მა იარაღი დამუხტა და მოახდინა დემონსტრირება –ღია სივრცეში დამიზნება. მ. დ–მა მარცხენა ხელით დააწევინა მას იარაღიანი ხელი, მარჯვენა ხელით თვითონ მომართა იარაღი და ჰაერში, ვერტიკალურად გაისროლა დაახლოებით 9-10-ჯერ. დაუძახეს, რომ პოლიციიდან იყვნენ (ფორმის აღქმაც შესაძლებელი იყო). ორივე მსჯავრდებული გაიქცა. დეტექტივები დაედევნენ. ზ. ი–ის ჩვენებით, მან გარკვევით დაინახა თუ როგორ გადააგდო მ. დ–მა მარჯვენა ხელით ცეცხლსასროლი იარაღი. ამასთან, ვინაიდან გადაგდებული იარაღი დავარდა რკინის კონსტრუქციაზე, გამოსცა ხმაც. შ. ჯ–ის ჩვენებით, გაქცევისას მ. დ–მა თავისი იარაღი გადააგდო სამშენებლო მასალებისკენ, რკინაზე დაცემისას რკინის ხმაც გაიგონა), სასამართლო ითვალისწინებს დარაჯის – ა. ბ–ის – ჩვენებას (რომელმაც გამომძიებლების ჩვენებებთან თანხვედრილად დაადასტურა, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს ეძინა, დაახლოებით 01:00-02:00 საათებს შორის პერიოდში შემოესმა ხმაური, ჩაიცვა და გავიდა გარეთ (15:30:30). დაინახა 2 მამაკაცი (15:30:28). ერთ-ერთმა იარაღიდან ჰაერში გაისროლა (15:31:08). მეორე პირსაც ეჭირა ხელში რაღაც (15:32:30). მათი სახეები არ დაუნახავს (15:35:47). შემთხვევის ადგილზე იმ ორი მამაკაცის გარდა, სხვა არავინ დაუნახავს (მოსამართლის კითხვა: ,,ეს ორი ადამიანი იყო მხოლოდ იმ ტერიტორიაზე?“, მოწმემ უპასუხა: ,,კი, ორი“; 15:33:42). დაახლოებით 5-6 წუთში ადგილი პოლიციელებით გაივსო და ის პირები ვეღარ ნახა (15:35:05). პოლიციელებმა დაიწყეს ტერიტორიის დათვალიერება და თავადაც მათთან ერთად იყო (15:31:40). კითხვაზე იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ იმ ტერიტორიაზე სხვა პირებიც ყოფილიყვნენ, მოწმემ განმარტა, რომ არ იცის და მან მხოლოდ 2 პირი დაინახა (15:34:37)) და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს, მათ შორის, 2023 წლის 24 სექტემბრის ამოღების ოქმს, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე არსებული მეტალის კონსტრუქციის ზედაპირიდან ამოიღეს პისტოლეტისმაგვარი შავი ობიექტი (ტ. N1; ს.ფ. 118-122).
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს:
11.1. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის 2023 წლის 25 სექტემბრის №.... დასკვნას, რომლის თანახმად, იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი „CZ 75 B“ მოდელის პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტების მექანიზმი მოქმედებს შეფერხების გარეშე, რაც გამორიცხავს უნებლიე (შემთხვევითი), სასხლეტი კაუჭის გამოწევის გარეშე გასროლას. პისტოლეტებს კონსტრუქციული გადაკეთების კვლები არ აღენიშნებათ, ხოლო შეცვლილია თუ არა მათი რომელიმე ცვლადი დეტალი, დადგენა შეუძლებელია; მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული „CZ 75 B“ მოდელის პისტოლეტებისათვის, მათ შორის, წარმოდგენილი „CZ 75 B“ პისტოლეტისათვისაც.
11.1.1. იმავე დასკვნის თანახმად, 10 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ. Parabellum 1908 წლის ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი – მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაზინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის, მათ შორის, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „CZ 75 B“ პისტოლეტისათვისაც. მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარმოდგენილ „CZ 75 B“ მოდელის პისტოლეტში (ტ. N2; ს.ფ. 13-27).
11.2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 4 ოქტომბრის №.......... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევით, სტატისტიკური ანალიზით და დნმ-მონაცემთა ბაზასთან შედეგების შედარებით, დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ...პისტოლეტი მჭიდით ამოღებული ტრაქტორის მიმდებარედ რკინის კონსტრუქციიდან...“ მოთავსებულ იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტზე და დამცავ კავზე (ობ. N1), ლულაზე და მასზე არსებულ მეტალის დეტალებზე (ობ. N2) და სახელურზე (ობ. N3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია; ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის სავარაუდოდ სამ პირს; ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება მ. დ–ის (ექსპერტის N......... დასკვნა; სსს N..........) გენეტიკური პროფილის ალელები; ობ. N2-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მ. დ–ს; ასევე, პაკეტში, წარწერით: „...იარაღის ჩასადები, ამოღებული ღობის მიმდებარედ ბალახიანი ნიადაგის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ იარაღის ჩასადებზე არსებული ბიომასალის (ობ. N11) გენეტიკური პროფილი შერეულია, ობ. N11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის სავარაუდოდ, სამ პირს; ობ. N..-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება მ. დ–ის (ექსპერტის N......... დასკვნა) გენეტიკური პროფილის ალელები (ტ. N2; ს.ფ. 131-139);
11.3. გ. მ–მა საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. პოლიციელები, რომლებმაც ისინი დააკავა, მათთვის კარგად ნაცნობი პირები არიან. მინიმუმ 2 საათი იქ იდგნენ. მათ კითხვაზე, აეხსნათ რატომ დააკავეს, პასუხობდნენ, რომ დაკავებულები არ იყვნენ და მხოლოდ ამოწმებდნენ (16:31:45). დაადასტურა, რომ ის და მ. დ–ი ნამდვილად იყვნენ იმ ადგილას, სადაც დააკავეს, მაგრამ არ უფიქრიათ, რომ იარაღთან დაკავშირებული რაიმე დანაშაულის გამო დააკავეს, ,,გვეგონა, რომ ჩვეულებრივი პროცედურა იყო“ (16:41:07). ასევე განმარტა – ,,იქ კი ვიყავით ... მაგრამ მართლა ვერ წარმოვიდგენდით, რომ იარაღზე დაგვიჭერდნენ“. იმ ტერიტორიაზე მისი მეუღლე ცხოვრობს და მუდმივად იქ არის. სამეგობროს თავშეყრის ადგილია (16:43:20). ასეთ შემთხვევაში, როგორ მოხდა, რომ დენთის კვალი არ დადგინდა (16:42:15);
11.4. აღნიშნული დაადასტურა მ. დ–მაც საბოლოო სიტყვაში და დამატებით განმარტა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ (16:44:47);
11.5. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ – ....ის ქუჩა №...-ში მდებარე – სამშენებლო ობიექტის კამერის ვიდეოჩანაწერს. კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2023 წლის 10 ოქტომბრის ოქმის თანახმად, დათვალიერდა თ–ში, ......ის ქუჩის №...-ში მდებარე სამშენებლო ობიექტის კამერის ჩანაწერი, სადაც ვიდეოჩანაწერს მარცხენა ზედა კუთხეში აწერია თარიღი და დრო: 09.24.2023; 01:30:01. ვიდეოჩანაწერის თანახმად, სამშენებლო ტერიტორიაზე ორი მამაკაცი შედის 01:30:20 საათზე (ვიდეოჩანაწერის დროის შესაბამისად). 01:36:17 საათზე ჩანს, რომ წინ მდგომი, შედარებით დაბალი პირი უკანა მხრიდან იღებს რაღაც ნივთს და ხელის მოძრაობით მუხტავს, ხოლო იქ მყოფი მაღალი მამაკაცი ხელის მოძრაობით აწევინებს შედარებით დაბალ პირს ხელთ არსებულ ნივთს. ჩანაწერის დროით 01:36:32 საათზე შედარებით მაღალი მამაკაცი მარჯვენა ხელს წევს ვერტიკალურად მაღლა და ისვრის 10-ჯერ: თავდაპირველად – 4-ჯერ, შემდგომ 3-ჯერ და კიდევ 3-ჯერ. ამის შემდგომ შედარებით დაბალი პირი კამერის ხედვის მიმართულებით ცდილობს დამიზნებას, მაგრამ მალევე შერბიან ბუჩქნარის მიმართულებით, რის პარალელურადაც ჩანს, რომ ე.წ. შლაგბაუმიანი გზის მიმართულებიდან მორბის ერთი პირი, რომელსაც უკან მოჰყვება კიდევ ორი პირი (მათ აშკარად ეტყობათ, რომ აცვიათ პოლიციის ფორმები). აღნიშნული ფორმიანი პირები სწრაფი ნაბიჯით (სირბილით) გარბიან ზემოაღნიშნული ორი პირის მიმართულებით. შემდგომ ჩანს, რომ ზემოაღნიშნული ორი პირი გარბის დაცულ ტერიტორიაზე უკიდურესი მიმართულებით, ხოლო ფორმაში მყოფი პირები მიჰყვებიან მათ სწრაფი ნაბიჯებით (ტ. N3; ს.ფ. 92-93);
11.5.1. ვიდეოჩანაწერის თანახმად, შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთმა გაისროლა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ, ხოლო პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები დაედევნენ; აღნიშნულისა და პოლიციელების ჩვენებების შესაბამისად, დარაჯმა ა. ბ–მა განმარტა, რომ ხმაურზე გასულმა დაინახა 2 მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთმა იარაღიდან ჰაერში გაისროლა (15:31:08). მეორე პირსაც ეჭირა ხელში რაღაც (15:32:30). აღნიშნულიდან დაახლოებით 5-6 წუთში ადგილი პოლიციელებით გაივსო და დაიწყეს ტერიტორიის დათვალიერება;
12. მ. დ–ის დაკავების ოქმის თანახმად, იგი დააკავეს თ–ში, ...... ქუჩა №...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2023 წლის 24 სექტემბერს, 03:05 საათზე. ოქმის შედგენა დაიწყო: 03:09 საათზე, ხოლო დასრულდა – 03:40 საათზე (ტ.1, ს.ფ. 40-47);
12.1. მოწმეების, მათ შორის, დეტექტივის – ზ. ი–ის ჩვენებას, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის დემონსტრირების/გასროლის შემდეგ, მან და მისმა თანმხლებმა დეტექტივებმა დაუძახეს, რომ იყვნენ პოლიციიდან (ფორმის აღქმაც შესაძლებელი იყო), რის შემდეგაც ორივე მსჯავრდებული გაიქცა. დეტექტივები დაედევნენ (15:42:40; 16:08:40) და რამდენიმე მეტრში მოახერხეს მათი შეჩერება (15:44:19; 16:09:55). დევნის პროცესს მსჯავრდებულების შეჩერებიანად დაახლოებით 0,5-1 წუთი დასჭირდებოდა (16:12:25). იმ მომენტში არ დაუკავებიათ, მხოლოდ – შეაჩერეს, ვინაიდან ჯერ მათ მიერ გადაგდებული იარაღები უნდა ენახათ და ამოეღოთ, რისთვისაც დამხმარე ჯგუფიც უნდა მისულიყო, ხოლო მაგალითად, სასტარტო იარაღის შემთხვევაში იწყებენ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას, რა დროსაც არ აკავებენ (16:10:26);
12.1.1. მათ შორის, გ. მ–მა საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ პოლიციელებმა შეაჩერეს/დააკავეს და მინიმუმ 2 საათი იქ იდგნენ. რაღაც დროს ავტომანქანით მოვიდა პოლიციელი, რომელმაც უთხრა, რომ მათი განყოფილებაში გადაყვანა გადაწყდა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისათვის (16:34:00), ხოლო მ. დ–მა საბოლოო სიტყვაში დაადასტურა გ. მ–ის მიერ საბოლოო სიტყვაში აღწერილი გარემოებები;
12.2. მოვლენათა განვითარების დინამიკას, ადგილს, ვითარებას, დანაშაულის ხასიათს, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს; იმ გარემოებას, რომ მ. დ–ი პოლიციელებმა შეაჩერეს/დააკავეს ცხელ კვალზე – შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, პოლიციელების დევნის შედეგად მცირე ხანში; საქმის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებით არ დგინდება შემთხვევის ადგილზე სხვა პირის/პირების ყოფნის ფაქტი; ექსპერტ ლ. ხ-ს ჩვენებას, რომ მეცნიერულად არ არის დადგენილი თუ რამდენი ხანი სჭირდება მეტალის კვალის ქსოვილზე გადასვლას, ვინაიდან ეს ამოკიდებულია შეხების სიმჭიდროვეზე, მეტალის და ქსოვილის სახეობაზე. იმის დადგენა თუ რამდენი ხნის წინ მოხდა ქსოვილის მეტალთან შეხება, ამის დადგენა არის შეუძლებელი (15:30:48).
13. შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ.: საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი).
13.1. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი/ები არ არიან მსჯავრდებული/ები და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არ გაეზიარებინა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები.
14. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულებისაგან აღებული ბიოლოგიური ნიმუშები იქვე არ დალუქულა და აღნიშნული გამოყენებული იქნა დნმ-ის კვალის გადასატანად; ამასთან, ბრალდების მხარემ განმეორებით, განჩინების საფუძველზე, მოინდომა მსჯავრდებულებისაგან ნერწყვის ნიმუშის აღება, რაც დაცვის მხარისათვის საეჭვოს ხდის გენეტიკურ ექსპერტიზას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
14.1. ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია პროკურორის შუამდგომლობები, მათ შორის, მ. დ–ისგან ნიმუშის (კერძოდ, ნერწყვისა და ხელის კვლების) აღების თაობაზე, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე (ტ. N2; ს.ფ.148-151);
14.2.იმავდროულად, ექსპერტ ს. ყ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩასატარებლად წარედგინა შესაბამისი წესით დალუქული ნივთიერი მტკიცებულება, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა (12:57:50). ამასთან, გენეტიკური კვლევის სტატისტიკური ანალიზისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზასთან შედეგების შედარება მოხდა იმის გამო, რომ შესადარებელი პირების ბიოლოგიური ნიმუშები არ იქნა წარდგენილი. ზოგადად, იმ შემთხვევაში, როდესაც არ აქვთ წარდგენილი კონკრეტული პირების შესადარებელი ნიმუშები, იყენებენ მათთან არსებულ დნმ-ის მონაცემთა საერთო ბაზას (12:57:39). დასკვნა იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ ობიექტის მაჟორული ან შერეული წილის ერთი წილი ეკუთვნის კონკრეტულ შესადარებელ პირს, – არის კატეგორიული (12:59:24).
14.3. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, სადავო ექსპერტიზა ჩატარდა არა მსჯავრდებულისაგან აღებული ბიოლოგიური ნიმუშით, არამედ გენეტიკური კვლევის სტატისტიკური ანალიზისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზასთან შედეგების შედარებით, სასამართლო უსაფუძვლობის გამო მოკლებულია კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულისაგან აღებული ბიოლოგიური ნიმუში არ დალუქულა ან/და გამოყენებული იქნა დნმ-ის კვალის გადასატანად.
15. „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან. თუმცა, ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105).
15.1. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოღებულა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან, ვინაიდან მან პოლიციის დანახვაზე იარაღი გადააგდო და შეეცადა გაქცეულიყო. ამ პირობებში, ფაქტის თვითმხილველი პოლიციელების მიერ არ მომხდარა ამოღების მიმდინარეობის ვიდეოგადაღება, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ნეიტრალური და საპროცესო დაინტერესების არმქონე პირი – დარაჯი ა. ბ–ი (სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე არ დგინდება მისი მიკერძოებული დამოკიდებულება დაცვის ან/და ბრალდების მხარისადმი. აღნიშნულმა მოწმემ კი განმარტა, რომ მართალია მათი (მსჯავრდებულები) სახეები არ დაუნახავს, თუმცა შემთხვევის ადგილზე იმ ორი მამაკაცის გარდა, სხვა არავინ დაუნახავს; დამაზუსტებელ კითხვაზე: ,,ეს ორი ადამიანი იყო მხოლოდ იმ ტერიტორიაზე?“, მოწმემ უპასუხა: ,,კი, ორი“), რომელიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების იდენტურად აღწერს საქმისათვის მნიშვნელოვან სადავო გარემოებებს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, ნეიტრალური მოწმის ნ. ბ–ს ჩვენება, რომელიც, როგორც თარჯიმანი მონაწილეობდა ა. ბ–თან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში – ამოღებებში (ტ. N1; ს.ფ. 105-111; 118-122; 129-134);
16. მ. დ–ისთვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
17. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე რეაგირების სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლი ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ვარაუდს).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს თანახმად, „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia , no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
22. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე;
2. განუხილველად დარჩეს მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე