საქმე # 190100124009307018
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №447აპ-25 ქ. თბილისი
ბ. კ., 447აპ-25 28 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძისა და მსჯავრდებულ კ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. ბ–ს, - პირადი ნომრით ........... - ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.
კ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. რ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, კ. ბ–მა ყელის არეში სახრახნისის დარტყმით მოკლა ვ. მ–ე.
1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
კ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ. ბ–მა, ქ. რ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ, კუსტარული წესით დაამზადა სამი ცალი თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ცალი ვაზნა.
1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
კ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ. ბ–მა, ქ. რ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში, ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ, კუსტარული წესით დაამზადა სამი ცალი თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ცალი ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ამავე მისამართზე, 2024 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:
2.1. კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლების – შეზღუდვა;
2.2. კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ კ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
2.5. კ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 28 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ანახანუმ შამილოვამ მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და კ. ბ–ისათვის სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულ კ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ქეთევან სონიძე ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და კ. ბ–ის მიმართ სასჯელის 12 წელზე მეტი ვადით განსაზღვრას;
5.2. მსჯავრდებულ კ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. გ–ე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და კ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში;
5.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ კახა წულაძის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს კ. ბ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, ხოლო ბრალდების მხარე – კ. ბ–ისათვის სასჯელის სახით 12 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
8. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას კ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა: ფ. შ–ს, კ. ბ–ს, ა. რ–ს, ქ. შ–ს, მ. ბ–ს, გ. მ–ს, ა. ბ–ს, თ. ჩ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს:
8.1. მოწმე ფ. შ–ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ კ. ბ–ი იყო მისი მეზობელი, ხოლო ვ. მ–ძე – ქმრის ნათესავი, რომელიც ეხმარებოდა ხოლმე საყოფაცხოვრებო საკითხებში. ერთ დღესაც, როდესაც არ ჰქონდა გაზი, ვ–ს სთხოვა ჩასულიყო კ. ბ–თან, ვინაიდან მრიცხველები მასთან იყო, და გაეგო რა ხდებოდა. ამის შემდეგ მეზობლებისგან გაიგო, რომ ვიღაც მოკლეს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ვ–ა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კ. ბ–ი მანამდე კაბელებს იპარავდა და ინტერნეტის კაბელიც კი გადაუჭრა შემთხვევის წინა დღეს.
8.2. მოწმე კ. ბ–მა (ეძახიან მ–ს) მიუთითა, რომ ცხოვრობს, ქ. რ–ში, გ–ს N..-ში, მე-.. სართულზე, ფ. შ–ას და კ. ბ–ის მეზობლად. ფ. შ–სთან ცხოვრობდა ვ. მ–ე. 2024 წლის 27 თებერვალს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, გზად შეხვდა კ. ბ–ი, რომელიც მასთან მივიდა, ხელები ჩასჭიდა, ორივე ხელით, აჯანჯღარებდა და უთხრა „მე მოვკალიო“. ასევე იძახდა „კვდება, კვდება“. კ. ბ–ი სულ კანკალებდა, ისეთ მდგომარეობაში იყო, ეგონა მასაც დაარტყამდა. ხმა შეშინებული ჰქონდა, და იმეორებდა „მოვკალი ვ–აო“, „ჩხუბი მომივიდაო“. როდესაც მოწმემ განაგრძო გზა დაინახა ღობესთან ბიჭი, რომელიც სულ სისხლიანი იყო. მაშინვე დაუძახა თავის მეზობლებს, მათ შორის, იქვე მდგომ მეზობელ ა–ს (იგივე ა–ი) და უთხრა, რომ ვიღაც კვდებოდა. ღობესთან მყოფი ბიჭი შემდგომში აღმოჩნდა ვ. მ–ძე.
8.2.1. კ. ბ-ს გამოკითხვის ოქმსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის არსებულ განსხვავებებთან მიმართებით, სასამართლო, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. კ. ბ–ს ჩვენება შესაბამისობაშია მოწმე ა. რ–ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ დანაშაულის დღეს ბაღთან იყო, როდესაც მ–მ(იგივე კ. ბ–ი) დაუძახა „ჩქარა კაცი კვდება“ მოდიო. მივიდა, დახედა და იცნო, რომ ვ. მ–ძე იყო. სასწრაფოს დაურეკეს, თუმცა ვ–ა უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გვამი ღობეზე იყო მიყუდებული გარედან. ჭრილობა სად ჰქონდა, ვერ გაიგეს, სულ სისხლიანი ჰქონდა თავი, კონტაქტზეც არ გამოდიოდა. მოწმისთვის როგორც ცნობილია, კ. ბ–მა, მ–ს უთხრა, რომ მოკლა კაცი.
8.3. კ. ბ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიყენა დუმილის უფლება (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის სხომის ოქმი 16:45:51-16:48:05), ხოლო საბოლოო სიტყვის ეტაპზე მიუთითა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებული სახრახნისი მისი არ იყო (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის სხომის ოქმი 16:13:55-16:17:40). ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ბრალდებულის მითითებით ნაპოვნი იქნა სახრახნისი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 187-201).
8.3.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დასაშვებია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც „საგამოძიებო ექსპერიმენტი ასახავს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენი N 682აპ-21; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის 330აპ-25 განჩინება). აღნიშნული არ ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებას (ინფორმაციას) რაზეც ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა (მაგალითად: იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი საქმეზე N 561აპ-15, პარ. 44).
9. უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან კ. ბ–ი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ასევე დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოა. გამომძიებელმა მ. ჩ–მ აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამოდენიმე საათში გამოიკითხა, ის ყვებოდა მომხდარი ფაქტის შესახებ, გამოკითხვისას იყო მშვიდი, მიუთითა, რომ დილით ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი და უკვე გამოფხიზლებული იყო, რაც დადასტურდა მის მიერ ჩატარებული ალკოტესტით, რომლის მიხედვითაც დადგინდა 0.22ო პრომილე ალკოჰოლური თრობა (იხ.: ტ.1,ს.ფ. 169ა-170), რის შემდეგაც ჩაატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.
9.1. N......... ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ. ბ–ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას; სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში (იხ.: ტ.2, ს.ფ. 37-54).
10. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებული სახრახნისის პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ. მ–ძეს, ხოლო ამავე სახრახნისის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ. ბ–ს. ამასთან, კ. ბ–ის ქურთუკზე, სპორტულ მოსაცმელსა და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენდა ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ვ. მ–ძეს.
11. N........... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ვ. მ–ძის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია სისხლის ასპირაციით მარჯვენა საერთო საძილე არტერიის და ხორხის დაზიანების გამო კისრის მიდამოს ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად; გვამზე აღინიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მიდამოში მარჯვენა საერთო საძილე არტერიის და ხორხის დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალოდ უკავშირდება სიკვდილის დადგომას.
12. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების დაგვიანებით მისვლის გამო ვ. მ–ს გარდაცვალების შესახებ დაცვის მხარე კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ N.... სამედიცინო ბარათის თანახმად, ბრიგადამ გამოძახება მიიღო 2024 წლის 27 თებერვალს 15:49 საათზე, ბრიგადა გავიდა 15:51-საათზე და შემთხვევის ადგილზე მივიდა 16:04 საათზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის გ. მ–ს ჩვენების თანახმად, შეტყობინების შესვლიდან გადიან ორ წუთში, მისვლა დამოკიდებულია მანძილზე, ტრანსპორტზე და გზის მდგომარეობაზე, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ალბათ 10-15 წუთში (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი 12:48:40-12:49:50), მოწმის განმარტებით, ორ წუთშიც რომ ყოფილიყვნენ ადგილზე, დაზიანების ლოკალიზაციიდან გამომდინარე (შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან), რომც შესწრებოდნენ მომხდარ ფაქტს გადარჩენის შანსი იქნებოდა მინიმალური, რადგან როდესაც საძილე არტერია ზიანდება 1 წუთიც არ სჭირდება სისხლით შევსებას (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი 12:49:58-12:50:34). სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის ა. ბ–ს ჩვენების თანახმად, დაზიანების მიყენებისთანავე სისხლი ჩავიდა ჭრილობაში, გაივსო და დაიხრჩო ადამიანი, ჭრილობის მიყენებიდან ზუსტად რა დროში დადგებოდა სიკვდილი, ამის თქმა არ შეუძლია, თუმცა არტერიის გადაჭრით სისხლდენა იყო საკმაოდ ძლიერი და სწრაფად დაახრჩობდა ვ. მ–ს (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის 12:04:01-12:06:13).
13. დაცვის მხარის მტკიცებით, კ. ბ–ს კომუნიკაციისას აშკარად ეტყობა, რომ არის შეურაცხადი, რის გამოც არ უნდა იქნეს გაზიარებული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
13.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის 925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის 30აპ-20 განჩინება).
13.2. „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18).
13.3. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ცნობა/დოკუმენტი რაც დაადასტურებდა კ. ბ–ის შეურაცხადობას ან/და მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას არ გაეზიარებინა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი N.......... ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულში გამართლების შესახებ. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება, რომ კ. ბ–მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
15. კასატორი დაცვის მხარე ასევე ითხოვს კ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისთვისაც, თუმცა კასატორის მსჯელობა და საკასაციო საჩივრის დასაბუთება მიემართება კ. ბ–ისათვის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულს. კასატორი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ფარგლებში მოთხოვნის დასაბუთებისათვის, არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებაზე/არგუმენტზე.
15.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად კასატორმა უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება). შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
15.2. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა – ნ. ც–ს, ვ. კ–ს, ზ. ო–სა და ი. ე–ს ჩვენებები, 2024 წლის 27 თებერვლის კ. ბ–ის ბინის, ეზოს და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის N............. დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.......... დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ კ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
15.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო მოქმედების – კ. ბ–ის ბინის, ეზოს და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის – ამსახველი მხოლოდ ფოტოსურათები და არ განხორციელდა ვიდეოგადაღება, კვლავაც აღნიშნავს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-109). ,,თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეოგადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-107).
15.3.1. ჩხრეკის მიმდინარეობისას მხოლოდ ფოტო გადაღება/ფიქსაცია ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიზნებს, რადგან არ ახდენს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის და არა მხოლოდ შედეგის ფიქსაციას. შესაბამისად, ფოტოს გადაღება ვერ ჩაითლება იმ გონივრულ ზომად, რაც უზრუნველყოფს ჩხრეკის მიმდინარეობის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაქსიმალურად სრულად/უწყვეტად ფიქსაციას, რადგან ფოტოსურათის კადრი არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას. ამდენად, ფოტოსურათი/ფოტოსურათები ვერ ჩაანაცვლებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ფოტოსურათისაგან განსხვავებით სრულად ასახავს, უმეტეს შემთხვევაში, დაცვის მხარისათვის სადავო ვითარებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განაჩენი N1348აპ-24, II-14.1; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენი 1331აპ-24, II-20).
15.3.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩხრეკაში მონაწილეობდა მსჯავრდებულ კ. ბ–ის დედა – ა. ბ–ი, რომელსაც რაიმე სახის შენიშვნა არ ჰქონია და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა ხელმოწერით (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 50-100).
15.3.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოებმა უნდა ,,შეაფასონ ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულების სანდოობა და გამორიცხონს ისეთი მტკიცებულების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად გამოყენება, რომლის უტყუარობასთან დაკავშირებით, ეჭვები არ არის გამორიცხული“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-100).
16. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
17. ბრალდების მხარე კ. ბ–ისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას ითხოვს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – ნაწილში და საკასაციო საჩივარში მითითებული დასაბუთებაც სრულად მიემართება მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელს. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის კანონიერებას.
18. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისათვის უთითებს, დანაშაულის მოტივზე (მსჯავრდებულმა საკუთარი ახირებისა და ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი ქალის ჩაგვრის გამო გამოსარჩლებისთვის მოკლა ვ. მ–ე), დანაშაულის მიზანზე, დანაშაულის ჩადენის ხერხზე, საშუალებასა და ხასიათზე (სახრახნისი დაარტყა პირდაპირ საძილე არტერიაში), დანაშაულის შემდგომ ქცევაზე (ბრალდებული გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, თან წაიღო და გადააგდო დანაშაულის იარაღი, სახრახნისი), მიყენებულ ზიანსა და დაზარალებულის პოზიციაზე, რომელიც პროტესტს გამოთქვას, რომ კ. ბ–ს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 12 წლით.
19. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას.....,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
20. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
20.1. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
20.2. საკასაციო სასამართლო, სასჯელის ხანგრძლივობის/ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაული), ჩადენის მიზეზს (დანაშაული ჩადენილია ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას), მოტივს, ჩადენის ვითარებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (მათ შორის შეზღუდული შერაცხადობა) სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, კ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, დაცულია საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მოთხოვნები.
20.3. იმავდროულად, კასატორის მოთხოვნაზე, სასჯელის დაზარალებულის პოზიციიდან გამომდინარე გამკაცრების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 განჩინება; 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი; 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22 განჩინებები). შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ.
21. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
22. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კ. ბ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23.1. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძისა და მსჯავრდებულ კ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე